შინაარსზე გადასვლა

ვიდეო თამაშების დიზაინერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვიდეო თამაშების დიზაინერი, აგრეთვე გეიმდიზაინერი — სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია თამაშის წესებისა და სათამაშო პროცესის (გეიმპლეის) შინაარსის შემუშავებაზე. ვიდეო თამაშების დიზაინერი კინორეჟისორის მსგავსად პროექტის საერთო ხედვას განსაზღვრავს და აკონტროლებს როგორც მხატვრულ, ისე ტექნიკურ ელემენტებს ამ ხედვის განსახორციელებლად.

გეიმდიზაინერი პასუხისმგებელია სათამაშო მექანიკების შექმნაზე, დონეებისა და დავალებების შემუშავებაზე, აგრეთვე სცენარისა და პერსონაჟების დამუშავებაზე. მას უნდა ჰქონდეს შემოქმედებითი ხედვა და ღრმა ცოდნა სათამაშო მექანიკის შესახებ. გეიმდიზაინერის საქმიანობა აგრეთვე მოიცავს მჭიდრო ურთიერთობას შემქმნელთა გუნდის სხვა წევრებთან, როგორებიც არიან მხატვრები, პროგრამისტები, ხმის რეჟისორები და სხვა.

პროექტის განვითარების საწყის ეტაპზე, დიზაინის დოკუმენტის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ. აქტიური შემუშავების დროს ყველა ტექნიკური სპეციფიკაცია გეიმდიზაინერის ხედვას ეფუძნება. დიზაინის დოკუმენტი არ არის სტატიკური: ის მუდმივად კორექტირდება მიმდინარე მდგომარეობის, პროდიუსერის მოთხოვნებისა და გუნდის სხვა წევრების წინადადებების შესაბამისად. თავად გეიმდიზაინერი ასევე იღებს მონაწილეობას ტესტირების პროცესში.

თავდაპირველად კომპიუტერულ თამაშებს ერთი ან ორი ადამიანი ქმნიდა; პროგრამისტი ამავდროულად დაკავებული იყო სათამაშო პროცესის (გეიმპლეი) შემუშავებითაც, ხშირ შემთხვევაში, ითავსებდა მთავარი მხატვარის როლსაც. ასეთ გეიმდიზაინერებს მიეკუთვნებიან, მაგალითად, ჯორდან მეხნერი და ალექსეი პაჟიტნოვი. სათამაშო პროცესის შემუშავება, როგორც ცალკეული პროფესია, პირველად 1970-იან წლებში კომპანია Coleco-ში გამოჩნდა, თუმცა იმ დროს ეს იშვიათი მოვლენა იყო.

გეიმდიზაინის ცალკე პროფესიად გამოყოფა 1980-იანი წლების ბოლოს გახდა საჭირო, როდესაც ერთი თამაშის შექმნა მცირერიცხოვანი ჯგუფისთვის უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა. თავად გეიმდიზაინერის პროფესია გაცილებით გვიან ჩამოყალიბდა.

დღეს მცირე, დაბალბიუჯეტიან პროექტებში გეიმდიზაინერი, გეიმპლეის შემუშავებასთან ერთად, კვლავ ასრულებს პროგრამისტის ან მხატვრის მოვალეობებს. თუმცა, კომპანიების უმრავლესობას გეიმდიზაინერის შტატგარეშე ან მუდმივი პოზიცია აქვს. განსაკუთრებით დიდ პროექტებში არსებობს გეიმდიზაინერების რთული იერარქია: წამყვანი გეიმდიზაინერი, სათამაშო მექანიკის დიზაინერები, დონეების (მისიების, ქვესტების) დიზაინერები, სათამაშო კონტენტის დიზაინერები და ა.შ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]