ვეჯინის ყველაწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვეჯინის ყველაწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში. ეკლესია დგას სოფლის ზემოთ დასავლეთით 1,5 კილომეტრზე მაღალი მთის შუა წულზე.

ეკლესია ჯვარ-გუმბათიანი ნაგებობაა წაგრძელებული აღმოსავლეთ მკლავით დაბალი და მძიმე კორპუსით და მაღალი რვასარკმლიანი გუმბათით. თარიღდება XVI საუკუნით. ეკლესიას აღმოსავლეთ ნაწილის კედლებში აშკარად გამოეყოფა ქრონოლოგიურად განსხვავებული ორი სამშენებლო ფენა, რომლებიც სხვადასხვა საშენი მასალითაა ნაგები. მშენებლობის ქრონოლოგიური თანმიმდევრობის მიხედვით ირკვევა, რომ ადრე ამ ადგილას მდგარი ნაგებობის ფრაგმენტები ჩართული იქნა მოგვიანებით, აგებული გუმბათიანი ეკლესიის კორპუსში. თავდაპირველი ნაგებობის შემორჩენილი კედელი მთლიანად რიყის ქვითაა ნაგები, დანარჩენი კი აგურით და სხვადასხვა ფორმის რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია გუმბათქვეშა ბურჯები, კამარები, საბჯენი თაღები და გუმბათი მთლიანად აგურისაა. ამჟამად ეკლესიის საკურთხეველი, რომელიც ნახევარწრიულ აფსიდსა და ღრმა ბემას შეიცავს, ორი ფენისგან შედგება. ძველი ეკლესიის აფსიდის მთელ ზედაპირზე და ბემის კედლებზე მიშენებულია აგურის გარსი (სისქე დაახლოებით 37 სანტიმეტრი) რომელიც ზუსტად იმეორებს თავდაპირველი ნაწილის ფორმებს, თავდაპირველ ფენაში, სარკმლის ორივე მხარეს, მოწყობილია გეგმით ნახევარწრიული და საკმაოდ მაღალი (სიმაღლით იატაკიდან — დაახლოებით 2.7 მეტრი) თითო თაღოვანი ნიშა. მოგვიანებით ორივე ნიშას ძირი აგურით ამოუშენებიათ, ხოლო მათ წინ ახალ ფენაში (იატაკიდან 1,5 მეტრ სიმაღლეზე) მოწყობილია პატარა სამკუთხა თაღით გადახურული ღიობები: ბემის კედლებზე მიშენებულ კი ორ-ორი თაღოვანი ნიშაა, რომელთა უკანა კედლების მაგივრობას ძველი შენობის რიყის ქვის კედლები ეწევა.

ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ოთხივე გუმბათქვეშა თაღი და მათზე მიმხრობილი მკლავების კამარები ისრული ფორმისაა: მსგავსი ფორმა აქვთ დასავლეთ მკლავისა და კუთხის სივრცეების დაკავშირებულ თაღებსაც, მაშინ როდესაც სამხრეთ და ჩრდილოეთი მკლავების თაღები და თვით ამ სივრცეების გადამხურავი მკლავები ნახევარწრიულია. ნახევარწრიულია მკლავების სარკმლების და შესასვლელების თაღებიც.

გუმბათის ყელი მაღალია, მასში გაჭრილია რვა ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმელი , რომლებსაც სავსებით წესიერი ფორმა არ აქვთ. გარედან ყოველი სარკმლის თავზე ტლანქად გამოყვანილი ქვის ბურთულებია ჩასმული. გუმბათის ყელი შიგნიდანაც და გარედანაც მრგვალია, მისის საფუძვლის დონეზე გამოყვანილია აგურის რამდენიმე რიგისგან შედგება. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ მოხაზულობაზე გადასასვლელად გამოყენებულია აფრები, რომლებიც შეუმჩნევლად ერწყმის გუმბათის საფუძველს. თითოეულ აფრაში შემსუბუქების მიზნით ჩადგმულია თითო პატარა ქვევრი. დასავლეთ კუთხის მონაკვეთების კუთხეებში მოწყობილი თითო პატარა ნიშა. რომლებიც გადახურულია ერთმანეთზე კუთხით მიყრდნობილი ორ-ორი აგურით.

აღმოსავლეთ მკლავს ჩრდილოეთიდან ეკვრის მასთან წყობით დაკავშირებული, გეგმით სწორკუთხა სათავსი, რომელსაც შესასვლელი ჩრდილოეთ მკლავიდან აქვს. შემორჩენილი იყო სათავსის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლები (დაახლოებით 1,6 1,8 მეტრ სიმაღლეზე) და კამარის სამხრეთ გვერდის ნაწილი, რომელიც მთლიანად აგურით იყო ნაშენი. სათავსის ჩრდილო კედელი ეკლესიის ჩრდილო ფასადის ხაზიდან რამდენადმე წინ წამოსულია. მსგავსი მოხაზულობის სათავსის აღმოსავლეთ მკლავს სამხრეთიდანაც ეკვროდა (შემორჩენილი იყო სამხრეთ კედლის საფუძველი რომელიც ასევე ფასადის ხაზს გარეთ იყო გამოსული. და აღმოსავლეთ კედლის საძირკველი). შესასვლელი სამხრეთ მკლავიდან ჰქონია. კარი სათავსის მხრიდან ნახევარწრიული თაღით იყო დასრულებული, მკლავის მხრიდან კი ხის ძელით,ისევე როგორც ეკლესიის დანარჩენი შესასვლელებია.

ჩრდილო-აღმოსავლეთ სათავსის შესასვლელი შიგნიდანაც თარაზულადაა გადახურული და გაცილებით განიერია, ვიდრე შესასვლელი სამხრეთ სათავსში. გარედან ტაძრის ორივე შესასვლელი მორთულია მოცისფრო მოლურჯო მოჭიქული აგურის ჩვეულებრივი წყობის ორ რიგიანი თაღით. სამხრეთ შესასვლელის წინ იდგა რიყის ქვით აგებული კარიბჭე.

1987–1989 წლებში ძეგლთა დაცვის სპეციალურმა სარესტავრაციო–სამეცნიერო საწარმოო სახელოსნომ ეკლესია აღადგინა (პროექტის ავტორი თ. ნემსაძე სამუშაოების ზედამხედველი ი. მოსულიშვილი) ეკლესიის აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადების წინ მოიხსნა ნაყარი მიწა და აშენდა საყრდენი კედელი. აღდგა ჩამონგრეული კამარები. კედლების მონგრეული ნაწილები, ლავგარდანი. გუმბათის ყელის ზედა ნაწილები და სახურავი; ინტერიერში დაიგო აგურის იატაკი, შესასვლელებში ჩასმული იქნა ხის კარებები, კონსერვაცია ჩაუტარდა სამხრეთ მინაშენის შემორჩენილ კედლებს.

2007 წელს ტაძარში აღდგა ღვთის მსახურობა და დაარსდა დედათა მონასტერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]