შინაარსზე გადასვლა

ვეძათხევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სოფელი არ უნდა აგერიოთ სოფელ ვეძათხევში.
სოფელი
ვეძათხევა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი ნაქალაქარი
კოორდინატები 41°57′35″ ჩ. გ. 44°59′22″ ა. გ. / 41.95972° ჩ. გ. 44.98944° ა. გ. / 41.95972; 44.98944
ადრეული სახელები ვეძა, უნაგაძე
ცენტრის სიმაღლე 1040
მოსახლეობა 44[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვეძათხევა — საქართველო
ვეძათხევა
ვეძათხევა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ვეძათხევა
ვეძათხევა — თიანეთის მუნიციპალიტეტი
ვეძათხევა

ვეძათხევა (ყოფილი ვეძა, უნაგაძე) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), თიანეთის მუნიციპალიტეტში (ნაქალაქარის ადმინისტრაციული ერთეული).[1]

მდებარეობს ერწოს ქვაბულში, მდინარე აძეძის (ივრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1040 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 30 კილომეტრით.

ვეძათხევა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის ერწოს ნაწილია. სოფელი ახლო წარსულში ვეძად და უნაგაძედ იწოდებოდა. მისი სახელწოდება აქედან გამომდინარე მჟავე, მინერალური წყლებიდან წარმოდგება. ზოგიერთ ისტორიულ საბუთში სოფლის ტერიტორიულ სავეძოთაც იწოდება. იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის სამეფოს აღწერაში” ვეძათხევის სახელწოდების სოფელი არა ჩანს, სამაგიეროდ დასახელებულია მჟავე, ტუტე წყლიდან ნაწარმოები სახელწოდება — ტუტალა, რომელიც გვიანდელ შუა საუკუნეებში ვეძათხევის სახელს უნდა ფარავდეს.

XVI-XVIII საუკუნეებში სოფელი ვეძათხევა კახეთის სამეფოში შედიოდა და სვეტიცხოვლის მონასტერს ეკუთვნოდა. იგი „სრულიად მისი შენობით სვეტიცხოვლის სამკვიდრო მამული იყო“. მისი მფლობელობა ჯერ ალექსანდრე I დიდმა (1434 წელს), ხოლო შემდეგ ლევანმა და ალექსანდრე კახთა მეფეებმა (1537 და 1579 წლები) განუახლეს სვეტიცხოველს.

XVII საუკუნის II ნახევრიდან სოფლის მნიშვნელოვანი ნაწილი სახასო საკუთრებად იქცა და მის მართვას სამეფო კარი თავისი მოხელის მეშვეობით ახორციელებდა. გვიანდელი შუა საუკუნეების სამხედრო-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, ვეძათხევა რუსთველი ეპისკოპოსის სამწყსოსა და სადროშოში შედიოდა; საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ კი — თიანეთის მაზრაში. შაჰ-აბასისა და სხვა დამპყრობთა დამარბეველი შემოსევების შედეგად სოფელი მოსახლეობისგან დაიცალა, ამიტომ XVII-XIX საუკუნეში შესამჩნევია მთიელთა მიგრაციის პროცესი. ვეძათხევაში ჯერ კიდევ XIX საუკუნის I ნახევარში, ცხოვრობდნენ ფშაველები. მათი ჩამოსახლება XIX საუკუნის II ნახევარშიც გრძელდებოდა.

სოფლის მახლობლად შემორჩენილია შუა საუკუნეების რამდენიმე ძეგლი. ჩრდილოეით, ხევის მარჯვენა ნაპირზე, მდებარეობს პატარა ერთნავიანი ეკლესია „ადგილისდედა“. სოფლის ჩრდილოეთით, ზეგანზე, მარიამწმინდის ერთნავიანი ეკლესიაა. მის მახლობლად ზეგანზე დგას რიყის სხვადსხვა ზომის ქვითა და დუღაბით ნაგები დარბაზული ეკლესია „ლომისა“. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია ასევე ძველი დასახლების ნაშთები და კიდევ ორი ეკლესიის ნანგრევები (ვეძათხევის პირველი ეკლესია, ვეძათხევის მეორე ეკლესია).

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 44 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 154 79 75
2014[1] 44 21 23
  • კახაძე კ., რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
  • ბედოშვილი გ., ერწო-თიანეთის ტოპონიმია, თბ., 1980.
  • თოფჩიშვილი რ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა მიგრაცია XVII–XX სს., თბ., 1984.
  • რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო მუშაობის შედეგები, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1978, №1.
  • ჯორბენაძე ბ., ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, კრ. 4 – ერწო-თიანეთი შუა საუკუნეებში, თბ., 1982.
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II