ვეჩიჰი ჰურკუში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვეჩიჰი ჰურკუში

ვეჩიჰი ჰურკუში (თურქ. Vecihi Hürkuş) (დ. 6 იანვარი, 1896, სტამბოლი — გ. 16 ივლისი, 1969) — ლეგენდარული თურქი მფრინავი, შემდგომში თურქული ეროვნული ავიაციის დამაარსებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვეჩიჰი ჰურკუში დაიბადა 1896 წლის 6 იანვარს, სტამბოლელი მებაჟის ოჯახში. 1912 წელს იბრძოდა ბალკანეთის ომში მოხალისედ. ომის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა გამხდარიყო მფრინავი. მან გაიარა მექანიკოსის კურსები და პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ გაიგზავნა ავიამექანიკოსად ბაღდადის ფრონტზე. საავიაციო კატასტროფისას მიღებული ჭრილობის გამო სამკურნალოდ სტამბოლში დაბრუნდა. გამოჯანმრთელების შემდეგ დაამთავრა საავიაციო სკოლა და უმცროსი ლეიტენანტის წოდებით 1917 წელს ჩაირიცხა კავკასიის ფრონტზე მოქმედ ოსმალურ მეშვიდე ავიარაზმში. 1917 წლის 25 სექტემბერს ერზინჯანთან გამართულ საჰაერო ბრძოლაში იგი ჩამოაგდო ქართველმა მფრინავმა მიხეილ მაჭავარიანმა. ჰერკუში და მისი მფრინავ-დამკვირვებელი გადარჩნენ, თუმცა დაიჭრნენ და ტყვედ ჩვარდნენ. პირველი მსოფლიო ომის დასასრულს ჰერკუშმა ერთი აზერბაიჯანელის დახმარებით გაქცევა მოახერხა და სტამბულში ჩავიდა. ომის დასრულების შემდეგ ის იყო მუსტაფა ქემალ ათათურქის თანამებრძოლი. 1923 წელს, თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ იგი ხდება თურქული ეროვნული ავიაციის დამაარსებელი. 1925 წელს ქმნის პირველ თურქულ თვითმფრინავს, სამხედრო აეროპლან VECIHI K VI-ს. თვისი 52-წლიანი კარიერის განმავლობაში ვეჩიჰი ჰურკუშმა 30 ათასი საათი გაატარა ჰაერში. 1969 წლის 16 ივლისს ჰურკუში ავარიის შედეგად გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიმიტრი სილაქაძე, ერთი საჰაერო ბრძოლის ისტორია, ჟურნალი ისტორიანი, დეკემბერი, №12, 2013