ვეფხვის ხევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სახელმწიფო ბუნებრივი ნაკრძალი „ვეფხვის ხევი“

Бешаи палангон

Netta rufina (Red-crested Pochard) Male, London Wetland Centre - Diliff.jpg
5000 ათასი ან უფრო მეტი სული წითელნისკარტა ყვინთია (ლათ. Netta rufina) იზამთრებს ნაკრძალის ტერიტორიაზე
Tajikistan location map.svg
მდებარეობა ხატლონის ოლქი
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
უახლოესი ქალაქი დუსტი
კოორდინატები 37°16′00″ ჩ. გ. 68°28′00″ ა. გ. / 37.26667° ჩ. გ. 68.46667° ა. გ. / 37.26667; 68.46667
ფართობი 49 700
დაარსდა 4 ნოემბერი 1938
ოფიციალური საიტი საიტი

„ვეფხვის ხევი“ (ტაჯ. Бешаи палангон) — ნაკრძალი ტაჯიკეთში. მდებარეობს ტაჯიკეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს, მდინარეების ფანჯისა და ვახშის შეერთების ადგილას და 40 კილომეტრის მანძილზეა გადაჭიმული მდინარე ვახშის გასწვრივ. დაარსდა 1938 წლის 4 ნოემბერს.

ჭალისა და ტუგაის ტყეების გარდა, ფანჯის მარჯვენა და ვახშის ორივე სანაპიროზე 320-325 მ სიმაღლეზე ნაკრძალის შემადგენლობაში შევიდა ქვიშიანი უდაბნოს — ქაშქაყუმისა (530 მ-მდე) და ბურითაუს მაღლობის (დაახლოებით 1000 მ) მონაკვეთები და აგრეთვე აქთაუს ქედის სამხრეთი ტოტების დაბალმთიანეთი — ხოჯა-ყაზიანის მთები (550 მ-მდე).

ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში მდინარე ვახშის ხეობა იყო შუა აზიის ერთ-ერთი ყველაზე მეჩხრად დასახლებული და შეუსწავლელი რაიონი. მდინარის ნაპირი ტუგაის ტყით დაიფარა, ხოლო ყიშლაღები მეტად იშვიათად გვხვდებოდა. ჭალის მიწების, ტუგაის ტყეებისა და მათთან მიბჯენილი უდაბნოების იერ-სახე შეიცვალა 30-იან წლებში, როდესაც დაიწყო ვახშის ხეობის სასოფლო-სამეურნეო ათვისება. ვახშის ხეობის ათვისების პირველსავე წლებში იყო შემოთავაზება მისი თავისებური ტუგაის ტყის ლანდშაფტის დაცვის ქვეშ აყვანისა და სპეციალური ნაკრძალის შექმნის შესახებ.

დამატებითი კვლევების შემდეგ, 1938 წელს ქურციკებისა და ურიალების სულადობის დაცვისათვის „ვეფხვის ხევის“ უროჩიშჩეში 50 000 ჰა ფართობზე შეიქმნა რესპუბლიკური სანადირო ნაკრძალი, რომლის შემადგენლობაში ტუგაის გარდა შევიდა აგრეთვე უდაბნოებისა და დაბალმთიანეთების მონაკვეთები. ნაკრძალის შექმნას ხელი უნდა შეეწყო ფლორის, ბაქტრიული ირემისა და ხოხობის შესწავლასა და დაცვას. თავდაპირველად ნაკრძალის ორგანიზაცია დააკისრეს ტაჯიკეთის სსრ სსრკ-ის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატს. 1941 წლის იანვარში ნაკრძალი „ვეფხვის ხევი“ გადაეცა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ტაჯიკეთის ფილიალს.

40-იანი წლების დასაწყისში ნაკრძალის ფართობი შეამცირეს 5-7 ათას ჰა-მდე, ბაქტრიული ირმებისა და ურიალების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. შემდეგ წლებში „ვეფხვის ხევის“ ფართობი გაიზარდა 52 000 ჰა-მდე, თუმცა 1976 წელს სასოფლო-სამეურნეო საჭიროების გამო ვახშის მარჯვენანაპირეთს მოწყვიტეს ერთ-ერთი საუკეთესო ტყის მასივი „პოლვანტუგაი“ ფართობით 1000 ჰა. დღეისათვის „ვეფხვის ხევის“ ფართობია 49 700 ჰა.

„ვეფხვის ხევისათვის“ დამახასიათებელია რელიეფის რბილი ფორმები და კარგად განვითარებული მდინარეთა ხეობები. ნაკრძალის ზედა ტერასებზე ფართოდ არის გავრცელებული ბორცვები და სერები. ფანჯისა და ვახშის კალაპოტების სიახლოვეს ბორცვიან-სერებიანი ზედაპირი თანდათან გადადის ბრტყელ ალუვიურ ვაკეში, რომელიც ძველ ფართო ხეობას წარმოადგენს. ვახშის ხეობაში სულ 6 ტერასა გამოიყოფა, რომელთაგან 3 ნაკრძალის ტერიტორიაზეა მოქცეული.

„ვეფხვის ხევის“ კლიმატი მკვეთრად კონტინენტური და მშრალია. ზამთარში ჭარბობს ზომიერი განედების ჰაერის მასები, ხოლო ზაფხულში — ტრიპიკული. ჰაერის საშუალოწლიური ტემპერატურა შეადგენს 14-17°C, ყველაზე ცივი თვის — იანვრის ტემპერატურა 2-0°C; ივლისის 28-32°C, უყინვო პერიოდის ხანგრძლივობა 250-310 დღეა.

გვხვდება: ზოლებიანი აფთარი, ტურა, ლელიანის კატა, გარეული ღორი, ქურციკი, მაჩვზღარბა, ნუტრია, მგელი, ჩვეულებრივი მელა, ურიალი. არის ფრინველთა მრავალი სახეობა. 1954 წელს ნაკრძალის ტერიტორიაზე უკანასკნელად იყო რეგისტრირებული თურანის ვეფხვი. ნაკრძალზე ვრცელდება რამსარის კონვენცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Заповедники СССР. Заповедники Средней Азии и Казахстана, Москва, «Мысль», Ст. 399, Г. 1990.