ვესტერნი
ვესტერნი (ინგლ. Western) — ჟანრი კინოში, ტელევიზიაში, რადიოსა და ხელოვნების სხვა დარგებში, რომელშიც მოქმედება ვითარდება XIX საუკუნის ამერიკის შეერთებული შტატების ძველ დასავლეთში (American Old West).
პირველად ტერმინი „ვესტერნი“ გამოყენებული იყო ოქსფორდის ინგლისურ ლექსიკონში ფილმის The Fight at the Mill (1912) აღსაწერად. ეს ტერმინი წარმოქმნილია ინგლისური სიტყვიდან west - დასავლეთი (ვესტერნი ერთადერთი კინოჟანრია, რომელმაც საკუთარი სახელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან მიიღო). ვესტერნი, როგორც ცნება, ძალზე ტევადია: ეს შეიძლება იყოს ეპიკური ტილო რკინიგზის მშენებლობის შესახებ, ყამირი მიწების ათვისების შესახებ, შეიძლება იყოს მიუზიკლი, დრამა, კომედია, დეტექტივი, საშინელებათა ფილმი, ფანტასტიკა და ა.შ. ეს თავისთავად მეტყველებს ამ ჟანრის პოტენციალზე.
პირველ ვესტერნად ედვინ პორტერის მიერ 1903 წელს გადაღებული „მატარებლის დიდი ძარცვა“ ითვლება.
„მატარებლის დიდი ძარცვა“ მიჩნეულია არა მარტო პირველ ვესტერნად, არამედ პირველ ფილმად, რომელსაც გამართული სიუჟეტი ჰქონდა. ამის გარდა, პორტერმა დაამკვიდრა პარალელური მონტაჟი და ამით გადატრიალება მოახდინა კინოხელოვნებაში. მონტაჟის ეს ნაირსახეობა ერთდროულად გვიჩვენებს ორ ან მეტ დამოუკიდებელ მოქმედებას, რომელიც ერთ უწყვეტ მთლიანობად აღიქმება.
ამის შემდეგ, ჟურნალ „Life-ის“ თქმით, ვესტერნი მსოფლიო მასშტაბით იქცა ორიგინალურ ამერიკულ ხალხურ ოპერად (სხვანაირად მას ცხენის ოპერასაც უწოდებენ). ამერიკულ კინემატოგრაფში არ არსებობს სხვა კინოჟანრი, ასე მჭიდროდ რომ იყოს დაკავშირებული საკუთარი ქვეყნის ისტორიასთან. „ამერიკულმა კულტურამ მოგვცა ორი უნიკალური ჟანრი: ჯაზი და ვესტერნი“,_თქვა ცნობილმა მსახიობმა და რეჟისორმა კლინტ ისთვუდმა.
ამ ჟანრის გმირები ძირითადად არიან კოვბოები (მწყემსები), წვრილი ფერმერები, შერიფები, ბანდიტები, მექსიკელები, ჯარისკაცები და ინდიელები[1].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვესტერნის ჟანრის პოპულარული ფილმები. კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (IMDb)
- ირაკლი მახარაძე, რევაზ მახარაძე, ერთი მუჭა ვესთერნი, თბილისი : არეტე, 2007.