შინაარსზე გადასვლა

ვერსალი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვერსალი (მრავალმნიშვნელოვნება).
დასახლებული პუნქტი
ვერსალი
ფრანგ. Versailles
გერბი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
კოორდინატები 48°48′18″ ჩ. გ. 2°08′06″ ა. გ. / 48.80500° ჩ. გ. 2.13500° ა. გ. / 48.80500; 2.13500
მმართველი François de Mazières[1]
დაარსდა 1624
პირველი ხსენება 1038
ფართობი 26.18 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 138 მეტრი
მოსახლეობა 83 918 (1 იანვარი, 2022)[2]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საფოსტო ინდექსი 78000[3]
ოფიციალური საიტი https://www.versailles.fr/[4]
ვერსალი (ქალაქი) — საფრანგეთი
ვერსალი (ქალაქი)

ვერსალი[5], ვერსაი (ფრანგ. Versailles) — ქალაქი საფრანგეთში, პარიზის სამხრეთ-დასავლეთით. გარეუბანი, იველინის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.

1632 წელს ვერსალი (როცა იგი ლუი XIII-მ შეიძინა) პატარა სოფელი იყო. 1682 წლიდან 1789 წლამდე — საფრანგეთის მეფეთა რეზიდენციაა. XVII-XVIII საუკუნეებში ვერსალში შეიქმნა სასახლე-პარკის ანსამბლი, რომელსაც საფუძვლად დაედო ლუი XIII-ის პატარა სამონადირეო ციხე-დარბაზი (1624, არქიტექტორი ფ. ლერუა). დროთა განმავლობაში რამდენიმე სამშენებლო პერიოდის შემდეგ (1661-1668, არქიტექტორი ლ. ლევო; 1670-1674, არქიტექტორი ფ. დ' ორბე; 1678-1689, არქიტექტორი ჟ. არდუენმანსარი) ვერსალილ გადაიქცა დიდ სასახლედ (ფასადის სიგრძე 576.2 მ) მდიდრულად მორთული საზეიმო და საცხოვრებელი ინტერიერებითა (მხატვარი შ. ლებრენი, 1661 წლიდან, და სხვ.) და 6 ათას ჰა-ზე გაშლილი პარკით. სასახლიდან მარაოსავით გაშლილი სამი გზა საფუძვლად დაედო ქ. ვერსალის დაგეგმარებას. ამ გზათა თავშესაყარში, სასახლის წინ, კურდონერში (საზეიმო ეზო), აღმართულია ლუი XIV-ის ქანდაკება (XIX საუკუნის II მეოთხედი, მოქანდაკე ლ. მ. ლ. პტიტო და კარტელიე). სასახლის მეორე მხარეს ხეივანი და დიდი არხია (სიგრძე 1520 მ). რეგულარული პარკის სწორხაზოვანი ხეივნები დამშვენებულია პავილიონებით, შადრევნებით, ქანდაკებებით (მოქანდაკე ფ. ჟირარდონი და სხვა). დიდი არხის ჩრდილოეთით დიდი ტრიანონის (1687, არქიტექტორი ჟ. არდუენ-მანსარი) და მცირე ტრიანონის (1762-1764, არქიტექტორი ჟ. ა. გაბრიელი) სასახლეებია. აქვეა მარი ანტუანეტის „სოფელი“ (1782-1786, არქიტექტორი რ. მიკი, მხატვარი ი. რობერი). ვერსალის ანსამბლმა, რომელშიც ბაროკოსა და კლასიციზმის ნიშნები ჰარმონიულადაა შეხამებული, დიდი გავლენა იქონია ევროპის ქალაქთმშენებლობასა და საპარკო ხელოვნებაზე. 1830 წლიდან ვერსალის ანსამბლები ვერსალისა და ტრიანონების ეროვნული მუზეუმია.

1870-1871 წლებში საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს (1870 წლის სექტემბრიდან 1871 წლის მარტამდე) ოკუპირებული იყო პრუსიის არმიის მიერ. 1871 წლის 18 იანვარს აქ აკურთხეს გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ I ჰოენცოლერნი. პარიზის კომუნის (1871) დროს კონტრრევოლუციის ცენტრი გახდა. ვერსალში დაიდო ვერსალის 1783 წლის და 1919 წლის საზავო ხელშეკრულებები. II მსოფლიო ომის (1939-1945) დროს ოკუპირებული იყო (1940 წლიდან) გერმანიის ფაშისტთა ჯარების მიერ. გაათავისუფლეს 1944 წლის აგვისტოს.