ვერონის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვერონის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერონის მკვიდრის ხ. ჭინჭარაულის საკარმიდამო ნაკვეთში. განეკუთვნება ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებს.

სამაროვანზე 1974 წელს კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, მიწის ზედაპირიდან 40-50 სანტიმეტრის სიღრმეზე, გათხარა სამი ორმოსამარხი. დაზიანების გამო არ მოხერხდა სამარხების ზომებისა და დამხრობის დადგენა. სამივე სამარხს, სავარაუდოდ, ქვის ყრილი ჰქონდა და ერთ-ერთი ორმოსამარხის დასავლეთ ნახევარში აღოჩნდა: ექვსი ადამიანის თავის ქალა; ქვიშანარევი თიხისგან დამზადებული, მოყავისფრო-მოწითალოდ გამომწვარი, ნაცრისფერკეციანი, მრავალმუცლიანი და ბრტყელძირიანი ცალყურა ხელადა; სუფთად განლექილი თიხისაგან დამზადებული, ნაცრსიფერკეციანი, მოწითალო ფერის ხელადის ძირ-გვერდის ფრაგმენტი; რკინის მასრაგახსნილი შუბისპირი; ბრინჯაოს ბრტყელი ფირფიტის სამი რგოლი, ბრინჯაოსავე საკინძი, რომელსაც კონუსისებრი თავი და მრგვალგანიკვეთიანი, თავსიკენ გამსხვილებული ღერო აქვს. სამარხში ასევე აღმოჩნდა მსხვილფეხა საქონლის ძვლებიც.

მეორე სამარხში დადასტურდა ნაცრისფრად გამომწვარი, წვრილმარცლოვანი ქვიშანარევი თიხისაგან დამზადებული დერგის ფრაგმენტები. ბრინჯაოს საკინძი, რომლის თავი ვედრების პოზიციაში მყოფი ადამიანის ფიგურითაა შემკული.

მესამე სამარხში შემორჩენილი იყო ბარძაყის ძვლის ფრაგმენტები და მრგვალმასრიანი, რკინის შუბისპირი - მასრაზე ნახვრეტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]