შინაარსზე გადასვლა

ვერის სასაფლაოს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვერის სასაფლაოს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — ეკლესია თბილისში ყოფილი ვერის სასაფლაოზე, ახლანდელი ვერის ბაღში.

ძველად ვერაზე ხეხილის ბაღები, ვენახები და ბოსტნები ლურჯი მონასტრიდან მდინარე ვერესა და მტკვრის შესართავამდე ვრცელდებოდა. „ვერა ვკითხულობთ ძველ აღწერაში – ძევს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში. ვერა მდიდარია ვენახებითა და ბაღებით, რომელნიც ქალაქის მცხოვრებთ ეკუთვნით”.

შემდეგ ვერის ბაღების ნაწილი სასაფლაოს დაეთმო. ამ სასაფლაოს პლატონ იოსელიანი მოიხსენიებს როგორც „ვერის ძველ სასაფლაოს”. სასაფლაო ვერაზე გახსნილა ქაშვეთის ეკლესიის გარშემო მდებარე სასაფლაოს დახურვის შემდეგ. პლატონ იოსელიანი წერს, რომ ქაშვეთის ირგვლივ არსებული საზოგადო სასაფლაო ტფილისის კომენდანტს 1804 წელს მოუშლია სასულიერო მთავრობის თხოვნით და გადაუტანია ვერაზე, სადაც შემდეგში აგებულა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.

1898 წელს, როდესაც ქალაქურმა განაშენიანებამ ვერისუბნის ნაწილი დაიპყრო, ეგზარქოსის თანხმობით ქალაქის გამგეობამ სასაფლაო გააუქმა და ბაღის განაშენიანება დაიწყო.

კალისტრატე ცინცაძე წიგნში „ქვაშვეთის წმიდის გიორგის ეკლესია ტფილისში” წერს:

ვიკიციტატა
„ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია აშენებულია 1847 წ. მარიამ ივანეს ასულის ილინსკაიას მიერ, გავრცობილ-გადიდებულია 1862 და 1907 წლებში, წარმოადგენდა უსვეტებო ორფრთიან სახურავიან დარბაზს მომრგვალებული საკურთხევლით. სასაფლაო სამოციან (1860) წლებში გავსების გამო დაიხურა. 1921 წელს გაიხსნა, მაგრამ 1926 წელს კიდევ დაიხურა. ტაძარი არსებობდა 1933 წლის აპრილამდე, როდესაც ტფილისის საბჭოს განკარგულებით აღებულ იქნა. ტაძარი იყო იქ, სადაც დღეს აუზია. სამრევლო მიეწერა სიონს.“

თბილისის ცენტრალურ არქივში დაცულია 1925 წლით დათარიღებული ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის რელიგიური საბჭოს შუამდგომლობა:

ვიკიციტატა
„ქ. ტფილისის აღმასრულებელ კომიტეტს – ვადგენ რა დადგენილებას ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მრევლის და აქვე მდებარე მიცვალებულთა ჭირისუფლების გამოტანილს ამ მდგომარე წლის 5 ივლისს მომხდარ საზოგადო კრებაზე, შუამდგომლობთ კომიტეტის წინაშე რათა მიქცეულ იქმნეს ყურადღება მრევლის მიერ გამოთქმულ სურვილებზე და იქმნეს იგი დაკმაყოფილებული არსებულ კანონებსა და წესების ფარგლებში, რითაც იქმნება პატივცემული რელიგიური სულისკვეთება მრევლისა და მასთან სრულიად აცდენილი იქმნება ის არასასურველი მოვლენა, რომელსაც ჰქონდა ადგილი ამ ერთი წლის განმავლობაში, რასაც მოჰყვა პასუხისგებაში მიცემა გამგის და სხვადასხვა მითქმა–მოთქმა საზოგადოებაში. ამით კი დაკმაყოფილდება ყველა ამ საქმეში დაინტერესებული პირი, განსაკუთრებით კი მიცვალებულთა ჭირისუფლები, რომლებიც აღშფოთებულნი არიან გავრცელებული ხმებით – ვითომ სასაფლაო იხურებოდეს და მისადგილზე უნდა შენდებოდეს სასეირნო ბაღი“

. შუამდგომლობას ხელს აწერს ტფილისის ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის რელიგიური საზოგადოების საბჭოს თავმჯდომარე – დეკანოზი ანტონ თოთიბაძე.

კალისტრატე ცინცაძე წიგნში „ქვაშვეთის წმიდის გიორგის ეკლესია ტფილისში” ვერის ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელმსახურებზე წერს: „…დეკანოზი სოლომონ ელიოზოვი, აზნაური. 1884-1889 წლებში მსახურობდა. აქვეა დაკრძალული“.

„…პროტოპრესვიტერი ანტონ თოთიბაძე – 1918 წელს დანიშნულ იქნა ტფილისის სამხედრო ტაძრის წინამძღვრად და ქართული ლაშქრის უფროს მღვდლად. 1921 წელს სამხედრო ტაძარი მიეწერა ვერის ნიკოლოზის ეკლესიაზე და მ. თოთიბაძეც დანიშნულ იქნა ვერის სამრევლოს წინამძღვრად”.

„დეკანოზი გრიგოლ გამდლიშვილი (გიორგიძე) 1899 წელს 8 აგვისტოს გადმოყვანილი იქნა ქაშვეთიდან ვერის ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვრად, გარდაიცვალა იქვე 1921 წელს”.

„…1928 წელს პროდიაკონი ამბროსი ახობაძე… გამწესებულ იქნა ტფილისის ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შტატგარეშე დიაკონად”.

თბილისის ვერის ძველი სასაფლაოს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია დაანგრიეს 1933 წელს.

  • მ. ქუთათელაძე, გ. წერეთელი, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 389-390