ვერა შნაიდერი
ვერა შნაიდერი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 2 თებერვალი, 1904 |
დაბ. ადგილი | სარაევო |
გარდ. თარიღი | 14 თებერვალი, 1976 (72 წლის) |
გარდ. ადგილი | სარაევო |
მოქალაქეობა |
![]() სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფო იუგოსლავიის სამეფო ![]() |
საქმიანობა | მათემატიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | სარაევოს უნივერსიტეტი |
ვერა შნაიდერი ( ბოსნ. Vera Šnajder, დაბადებიდან ვერა პოპოვიჩი ( ბოსნ. Vera Popović ); დ. 2 თებერვალი 1904, სარაევო — გ. 14 თებერვალი 1976, სარაევო) — ბოსნიელი მათემატიკოსი. პირველი ბოსნიელი, რომელმაც გამოაქვეყნა მათემატიკური კვლევა და პირველი ქალი დეკანი იუგოსლავიაში. [1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვერა პოპოვიჩი დაიბადა 1904 წლის 2 თებერვალს რელიევოში, სარაევოს რაიონში. მისი მამა იყო მართლმადიდებლური სემინარიის ხელმძღვანელი. 1922 წელს დაამთავრა დაწყებითი და საშუალო სკოლა სარაევოში.
ვერა პოპოვიჩმა შმდეგ სწავლა გააგრძელა ბელგრადის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1928 წელს. მან მუშაობა დაიწყო სარაევოს ქალთა გიმნაზიაში და ცოლად გაჰყვა ებრაული წარმოშობის ფილოსოფოსს მარსელ შნაიდერს, რომელიც იმ დროს ვერასთან ერთად გიმნაზიაში მუშაობდა. [2] ვერას შესთავაზეს სამსახური საფრანგეთის ავიაციის სამინისტროში, მაგრამ მან უარი განაცხადა.
1929 წლიდან 1932 წლამდე მათემატიკაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად პარიზში გაემგზავრა. სწორედ ამ დროს გამოაქვეყნა თავისი სტატია — ბოსნიელის მიერ დაწერილი პირველი სტატია მათემატიკაზე. [1] პუბლიკაცია სახელწოდებით "Sur l'extension de la méthode de Hele Shaw aux mouvements cycloques" (ჰელე-შოუს მეთოდის გაფართოება ციკლურ მოძრაობებზე) გამოჩნდა ჟურნალში " Comptes rendus de l'Académie des Sciences " 1931 წელს. ეს იყო პირველი სამეცნიერო ნაშრომი მათემატიკის სფეროში, რომელიც გამოქვეყნდა ბოსნია და ჰერცეგოვინაში დაბადებული ავტორის მიერ. ვერა შნაიდერს შესთავაზეს სამუშაო საფრანგეთის ავიაციის სამინისტროში, მაგრამ მეცნიერმა უარი განაცხადა.
პარიზიდან დაბრუნების შემდეგ შნაიდერი კვლავ დაუბრუნდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სკოლაში (1932 წლის ბოლოდან). 1941 წელს მისი ქმარი მარსელ შნაიდერი მოკლეს ნაცისტებმა. 1945 წლის ივნისში ვერა დაინიშნა მე-2 გოგონათა გიმნაზიის დირექტორად, ხოლო 1946 წლის მარტში გახდა სარაევოს უმაღლესი პედაგოგიური სკოლის ერთ-ერთი პირველი პროფესორი. 1947 წელს დაინიშნა განათლების სამინისტროს მრჩევლად. 1948 წლის ივნისში დაბრუნდა უმაღლეს პედაგოგიურ სკოლაში.
როდესაც 1949 წელს დაარსდა სარაევოს უნივერსიტეტი, შნაიდერმა იქ დაიწყო მუშაობა პედაგოგად. 1950 წელს ვერა შნაიდერმა მონაწილეობა მიიღო სარაევოში ფილოსოფიის ფაკულტეტის, განსაკუთრებით მათემატიკის კათედრის დაარსებაში, სადაც 1960 წლამდე მუშაობდა ასოცირებულ პროფესორად. შემდეგ გადავიდა ახალ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. ვერა შნაიდერი ასწავლიდა დიფერენციალურ გეომეტრიას, რაციონალურ მექანიკას, ხაზოვან ალგებრას და შესავალს ალგებრაში.
ვერა შნაიდერი ორჯერ იყო სარაევოს ფილოსოფიური ფაკულტეტის დეკანი, 1951/1953 და 1958/1959 წლებში. როდესაც 1951 წელს აირჩიეს დეკანად, ის გახდა პირველი ქალი დეკანი ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში და მთლიანად იუგოსლავიაში .
ვერა შნაიდერი იყო არაერთი საზოგადოების, საბჭოს და კომისიის წევრი: უნივერსიტეტის საბჭოს წევრი, ბოსნია და ჰერცეგოვინის განათლების საბჭოს წევრი, ეროვნული ბიბლიოთეკის საბჭოს კომისიის თავმჯდომარე, მეცნიერ-თანამშრომლის წოდების მინიჭების კომისიის წევრი, საპროფესორო გამოცდების კომისიის თავმჯდომარე. ასევე მრავალი წლის განმავლობაში იყო იუგოსლავია-საფრანგეთის საზოგადოების პრეზიდენტი.
ვერა შნაიდერი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ბოსნია-ჰერცეგოვინის მათემატიკოსთა, ფიზიკოსთა და ასტრონომთა საზოგადოების პრეზიდენტის რანგში, იყო იუგოსლავიის მათემატიკოსთა, ფიზიკოსთა და ასტრონომთა IV კონგრესის მთავარი ორგანიზატორი, რომელიც გაიმართა სარაევოში 1965 წელს.
მეცნიერი გარდაიცვალა 1976 წლის 14 თებერვალს სარაევოში. [1]
მისი ქალიშვილი მილიცა შნაიდერი 1992 წლამდე იკავებდა სარაევოს მუსიკალური აკადემიის პროფესორის თანამდებობას (ამავე დროს იყო დეკანი). ცხოვრობს ლუბლიანაში. შვილიშვილები: ანდრეი და დრაგან ჰუტერერები. უფროსი შვილიშვილი, დრაგან ჰუტერერი —ფიზიკის დოქტორი და მეცნიერი კოსმოლოგიის დარგში, ცხოვრობს და მუშაობს აშშ- ში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Sur l’extension de la méthode de Hele Shaw aux mouvements cycliques, Comptes Rendus de l’Académie des Sciences, Paris, T. 192 (1931), 1703—1706.
- Hamiltonov princip u Racionalnoj mehanici i njegova geometrijska interpreta- cija, Beograd 1957.
- Quelques remarques sur le principe de Hamilton dans la Mécanique classique, Publication de l’Institut mathématique de l’Académie Serbe des Sciences et des Arts, Beograd, T. XIV (1960), 67-82.
- Predavanja iz racionalne mehanike s uvodom u tenzorski račun, Univerzitet u Sarajevu, Sarajevo 1963, 287 str.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Gropp, Harald (2010), „Mathematics in Bosnia–Herzegovina“, Bečvářová, Martina; Binder, Christa, Mathematics in the Austrian-Hungarian Empire: Proceedings of a Symposium held in Budapest on August 1, 2009 during the XXIII ICHST, Prague: Matfyzpress, pp. 75–80, https://dml.cz/dmlcz/400820. წაკითხვის თარიღი: 2022-03-25. See in particular Section 5, "The first Bosnian mathematician", p. 77.
- ↑ Vuković, Mirjana (April 2018), "Vera Šnajder – prva žena matematičar u Bosni i Hercegovini", Presentation for Scientific Conference organized by Federal Ministry of Science, https://www.researchgate.net/publication/325828541_VERA_SNAJDER_PRVA_ZENA_MATEMATICAR_U_BOSNI_I_HERCEGOVINI_--_BOSANSKA_MARIA_CURIE_VERA_SDSHNAJDER_THE_FIRST_WOMAN_MATHEMATICIAN_IN_BOSNIA_AND_HERZEGOVINA_--_BOSNIAN_MARIA_CURIE. წაკითხვის თარიღი: 2019-08-03