ვენური კაფე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაზეთი — ვენური კაფეს აუცილებელი ატრიბუტი
კაფე ცენტრალის ფასადი.

ვენური კაფე (გერმ. Wiener Kaffeehaus) — ტიპური დაწესებულება ვენაში, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა მნიშვნელოვანი როლი ვენის კულტურასა და ტრადიციებში.

უნიკალურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოს სხვა კაფეთა ტრადიციებისგან განსხვავებით, ვენური კაფესთვის სავსებით ნორმალურია კლიენტთა მიერ საათობით მარტოობით გაზეთის (კაფეს აუცილებელი ატრიბუტი) თვალიერება-შესწავლა. ყავასთან ერთად, მიმტანი აუცილებლად მოგიტანთ ჭიქა ცივ ონკანის წყალს და დროდადრო შეგივსებთ მას ხანგრძლივად ყოფნის განმავლობაში თქვენი თხოვნისდამიუხედავად.

ვენური კაფეს ავეჯი ერთგვაროვანი არაა — ეს ან თბილი და კომფორტული პლიუშია ან ცივი და სტილიზებული მოდერნი. კლასიკური ავეჯის აუცილებელი ატრიბუტი მიქაელ თონეს სკამები და მარმარილოს მაგიდისთავებია. ამგვარ კაფეთა უმრავლესობა ასევე შემოგთავაზებთ მცირე ზომის კერძებს, სოსისების მსგავსს ან დესერტებს ნამცხვრებისა და ტორტების სახით.

მრავალ კლასიკურ კაფეში (მაგ. კაფე დიგლასი, კაფე ცენტრალი, კაფე პრიუკელი) საღამოობით ცოცხალი მუსიკაა პიანინოს შესრულებით და ასევე ხშირად ლიტერატურული საღამოებიც ეწყობა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგენდის თანახმად პოლონეთ-ჰაგსბურგის არმია, თურქების მეორე ალყისგან 1683 წელს ვენის განთავისუფლებისას, წააწყდა ტომრებს უცნაური მარცვლებით, რომელიც თავიდან აქლემთა საკვები ეგონათ და დაწვა მოუნდომეს. პოლონეთის მეფემ იან III სობიესკიმ ტომრები ერთ-ერთ თავის ოფიცერს, სახელად ფრანციჟეკ იერზი კულცზიცკის, უსახსოვრა, რომელმაც პირველი ყავის სახლი გახსნა. ცოტაოდენი ექსპერიმენტაციის შემდეგ, მან სითხეს შაქარი და რძე დაამატა, და ამგვარად დაიწყო ვენური კაფეს ტრადიცია.

სინამდვილეში, ერთ-ერთი პირველი კაფე ბერძენი სომეხის იოჰანეს დიოდატოს, ავსტრიელთა ჯაშუშის, წამოწყება იყო, რომელმაც თავდაპირველად ყავით ვაჭრობის მონოპოლიური უფლება მოიპოვა. ახალი სასმელი კარგად იქნა მიღებული და ყავის სახლებმა სწრაფად იწყო გამრავლება. ადრეულ პერიოდში, სხვადასხვა სასმელებს სახელები შერქმეული ჯერ არ ჰქონდა და მომხმარებლები სასურველ ნარევს ფერადი ცხრილიდან ირჩევდნენ.

ყავის სახლების ტრადიციამ პოპულარობის პიკს მე-19 საუკუნის დასაწყისში მიაღწია, როცა ის მწერლების პიტერ ალტენბერგის, ალფრედ პოლგარის, კარლ კრაუსის, ჰერმან ბროხისა და ფრიდრიხ ტორბერგის მუშაობისა და გართობის გამორჩეული ადგილი გახდა. იმ დროის ცნობილი ხელოვანები, მეცნიერები და პოლიტიკოსები, როგორიცაა ართურ შნიცლერი, შტეფან ცვაიგი, ეგონ შილი, გუსტავ კლიმტი, ადოლფ ლოოსი, თეოდორ ჰერცლი და თვით ლეონ ტროცკი ყავი სახლების მუდმივი სტუმრები იყვნენ. თითქმის მყისიერად პრაღაში, ბუდაპეშტსა და ლვივში (ლემბერგი) ავსტრო-უნგრეთის იმპერიის სხვა ქალაქებთან ერთად ვენური მოდელის მსგვსად უამრავი ყავის სახლი გაჩნდა.

ნაცისტური მთავრობის მოსვლის შემდეგ, მათ მიერ ე.წ. „დეგენერაციული ხელოვნების“ აკრძალვით ყავის სახლების პოპულარობას ბოლო მოეღო. 1950-იან წლებში ყავის სახლებს კიდევ უფრო მძიმე პერიოდი დაუდგა, შესაძლოა ტელევიზიისა და თანამედროვე ესპრესო ბარების პოპულარობის ზრდის გამო, და მრავალი მათგანი დახურვის საშიშროების ქვეშ დადგა. თუმცა ბოლო პერიოდში ტურიზმისა და ამგვარი კაფეების ისტორიისადმი ინტერესის ზრდის წყალობით ბევრი კლასიკური ვენური კაფე გაკოტრებას გადაურჩა და ტრადიცია ისევ აღმავლობის გზას დაადგა.

განთქმული ყავის სახლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაფე პრიუკელის 1950-იანი წლების ინტერიერი.
  • Kaffee Alt Wien, Bäckerstraße 9
  • Café Bräunerhof, Stallburggasse 2 — თომას ბერნჰარდის გამორჩეული კაფე ვენაში
  • Café Central, Palais Ferstel-ში, შესასვლელი Herrengasse 14-დან (შტრაუხგასეს კუთხე) — პეტერ ალტენბერგის საყვარელი კაფე და ხშირად მისი ძირითადი მისამართი
  • Café Demel, Kohlmarkt 14 — ყველაზე განთქმული ნამცხვრების საცხობი, ნაკლებად ტიპური კაფე
  • Café Hawelka, Dorotheergasse 6
  • Café Landtmann, Dr.-Karl-Lueger-Ring 4 — ზიგმუნდ ფროიდის გამორჩეული კაფე
  • Café Prückel, Stubenring 24 (Dr. Karl-Lueger-Platz-ის კუთხეში)