შინაარსზე გადასვლა

ვენის სეცესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვენის სეცესია
ხელოვნების მიმდინარეობა

ვენის სეცესიის შენობა. არქიტექტორი იოზეფ მარია ოლბრიხი, 1897-98

„ბეთჰოვენის ფრიზის“ ფრაგმენტები. გუსტავ კლიმტი, 1902
აქტიურობის წლები
დაახლ.1897–1914
ძირითადი წარმომადგენლები გუსტავ კლიმტი, იოზეფ მარია ოლბრიხი, იოზეფ ჰოფმანი, ოტო ვაგნერი
გავლენის წყარო არტ-ნუვო

ვენის სეცესია (გერმ. Wiener Secession; ასევე ცნობილია, როგორც ავსტრიელ ხელოვანთა კავშირი ან Vereinigung Bildender Künstler Österreichs) — ხელოვნების მიმდინარეობა, რომელიც ენათესავება არტ-ნუვოს. იგი 1897 წელს ჩამოყალიბდა გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ავსტრიელი ფერმწერების, გრაფიკოსების, მოქანდაკეებისა და არქიტექტორების ჯგუფის მიერ, რომელთა შორის იყვნენ იოზეფ ჰოფმანი, კოლომან მოზერი, ოტო ვაგნერი და გუსტავ კლიმტი.[1]

მათ დატოვეს ავსტრიელ ხელოვანთა ასოციაცია (Vienna Künstlerhaus), რაც წარმოადგენდა პროტესტს ამ უკანასკნელის მიერ უფრო ტრადიციული სახელოვნებო სტილების მხარდაჭერის წინააღმდეგ. მათი ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ნამუშევარი იყო სეცესიის საგამოფენო დარბაზი, რომელიც იოზეფ მარია ოლბრიხმა დააპროექტა, როგორც ჯგუფის ექსპოზიციების მოსაწყობი სივრცე. მათი ოფიციალური ჟურნალი იყო Ver Sacrum (ლათინურად „წმინდა გაზაფხული“), რომელიც გრაფიკული ხელოვნების მაღალსტილიზებულ და გავლენიან ნამუშევრებს აქვეყნებდა. 1905 წელს ჯგუფი გაიყო, როდესაც ზოგიერთმა ყველაზე თვალსაჩინო წევრმა, მათ შორის კლიმტმა, ვაგნერმა და ჰოფმანმა, გაერთიანება პრიორიტეტებთან დაკავშირებული დავის გამო დატოვა. მიუხედავად ამისა, სეცესიამ განაგრძო არსებობა და დღემდე ფუნქციონირებს სეცესიის შენობაში მდებარე შტაბ-ბინიდან. ამჟამინდელი ფორმით, სეცესიის საგამოფენო გალერეას დამოუკიდებლად ხელმძღვანელობენ და მართავენ თავად ხელოვანები.[2]

ვენის სეცესია 1897 წლის 3 აპრილს დააფუძნეს მხატვარმა გუსტავ კლიმტმა, დიზაინერმა კოლომან მოზერმა, არქიტექტორებმა იოზეფ ჰოფმანმა და იოზეფ მარია ოლბრიხმა, მაქს კურცვაილმა, ვილჰელმ ბერნაციკმა და სხვებმა. არქიტექტორი ოტო ვაგნერი ჯგუფს დაარსებიდან მალევე შეუერთდა. დაარსებისას დეკლარირებული მიზნები მოიცავდა ავსტრიის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ხელოვანებთან კონტაქტების დამყარებასა და იდეების გაცვლას, მხატვრული ნაციონალიზმის უარყოფას, დეკორატიული ხელოვნების განახლებას; „ტოტალური ხელოვნების“ (Gesamtkunstwerk) შექმნას, რომელიც გააერთიანებდა ფერწერას, არქიტექტურასა და დეკორატიულ ხელოვნებას; და, განსაკუთრებით, ვენის ხელოვნების ოფიციალური აკადემიის, ვენის კუნსტლერჰაუსისა და ოფიციალური სახელოვნებო სალონების დომინაციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რომლებიც ტრადიციულად ისტორიციზმისკენ იყვნენ ორიენტირებულნი.

მიმდინარეობამ სახელი 1892 წელს დაფუძნებული მიუნხენის სეცესიისგან ისესხა. ვენის ახალი მიმდინარეობის მიზნები ლიტერატურულმა კრიტიკოსმა ჰერმან ბარმა ჯგუფის მიერ დაარსებული ახალი ჟურნალის, — სახელწოდებით „Ver Sacrum“ (ლათინურად „წმინდა გაზაფხული“), — პირველ ნომერში ჩამოაყალიბა. ბარი წერდა: „ჩვენი ხელოვნება არ წარმოადგენს თანამედროვე ხელოვანთა ბრძოლას წარსულის შემოქმედთა წინააღმდეგ, არამედ ეს არის ხელოვნების ხელშეწყობა იმ ვაჭრების წინააღმდეგ, რომლებიც თავს ხელოვანებად ასაღებენ და რომლებსაც აქვთ კომერციული ინტერესი, არ მისცენ ხელოვნებას აყვავების საშუალება. არჩევანი კომერციასა და ხელოვნებას შორის — აი, რა დგას ჩვენი სეცესიის სასწორზე. ეს არ არის ესთეტიკური დებატები, არამედ დაპირისპირება ორ განსხვავებულ სულიერ მდგომარეობას შორის“.[3]

თავდაპირველად სეცესია ორმოცდაათ წევრს აერთიანებდა და პირველსავე კრებაზე მის პრეზიდენტად ფერმწერი გუსტავ კლიმტი აირჩიეს. სხვა დამფუძნებელ ან ადრეულ წევრებს შორის იყვნენ არქიტექტორი იოზეფ ჰოფმანი, დიზაინერი კოლომან მოზერი, დიზაინერი და არქიტექტორი იოზეფ მარია ოლბრიხი, აგრეთვე ფერმწერები მაქს კურცვაილი და ალფონს მუხა, რომელიც პარიზში ცხოვრობდა და უკვე ცნობილი იყო თავისი არტ-ნუვო სტილის პლაკატებითა და მსახიობ სარა ბერნარის გამოსახულებებით.[3] ჯგუფის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს 85 წლის აღიარებული ფერმწერი რუდოლფ ფონ ალტი, რომელიც ხელმძღვანელობდა დელეგაციას იმპერატორ ფრანც იოზეფთან პირველ ექსპოზიციაზე დასასწრები მიწვევით.[3]

სეცესიის პირველი არქიტექტურული პროექტი იყო საგამოფენო სივრცის შექმნა, რომელიც ვენას საერთაშორისო ხელოვანებსა და სახელოვნებო მიმდინარეობებს გააცნობდა. არქიტექტორი იყო ოტო ვაგნერის მოწაფე იოზეფ მარია ოლბრიხი; ვენის ცენტრში აგებულმა მისმა გუმბათოვანმა გალერეამ, შესასვლელის თავზე განთავსებული სკულპტურული ფრიზით, მიმდინარეობის სიმბოლოს სახე მიიღო. ეს იყო ქალაქში თანამედროვე ხელოვნებისათვის განკუთვნილი პირველი სპეციალიზებული გალერეა.[4] ამან ხელი შეუწყო ვენელი საზოგადოებისათვის ფრანგი იმპრესიონისტებისა და სხვათა გაცნობას. ხელოვნების დილერების — პოლ კასირერის, დიურან-რიუელისა და ბერნჰაიმ-ჟენის — ქსელისა და პარიზში ვენის სეცესიის დელეგატის, ფრანსუა-რუპერტ კარაბინის დახმარებით, 1899-1903 წლებში ვენის სეცესიაში გამოიფინა პიერ ბონარის, ედგარ დეგას, მორის დენის, ედუარდ მანეს, კლოდ მონეს, ბერტ მორიზოს, ფრანსისკო პისაროს, ოგიუსტ რენუარის, ალფრედ სისლეის, ანრი დე ტულუზ-ლოტრეკის, ფელიქს ვალოტონისა და ედუარდ ვუიარის ნამუშევრები.[5]

განსაკუთრებით ცნობილი გახდა 1902 წელს გამართული სეცესიის მე-14 გამოფენა, რომელიც იოზეფ ჰოფმანის მიერ იყო დაპროექტებული და მიეძღვნა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს. ცენტრში იდგა მაქს კლინგერის მიერ შესრულებული ბეთჰოვენის ქანდაკება, რომლის გარშემოც განთავსებული იყო კლიმტის „ბეთჰოვენის ფრიზი“. კლიმტის ფრიზი რესტავრირებულია და მისი ნახვა გალერეაში დღესაც არის შესაძლებელი.

განხეთქილება სეცესიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1899 წელს ოლბრიხმა ვენა დატოვა, რათა დარმშტადტის ხელოვანთა კოლონიას შეერთებოდა. 1900 წელს მან ჰესენის მოქალაქეობა მიიღო და მას შემდეგ ავსტრიაში აღარ უმუშავია.

1903 წელს ჰოფმანმა და მოზერმა დააფუძნეს „ვენის სახელოსნოები“ (Wiener Werkstätte), როგორც სახვითი ხელოვნების საზოგადოება, რომლის მიზანიც გამოყენებითი ხელოვნების (ხელოსნობის) რეფორმირება იყო. 1907 წელს „ვენის სახელოსნოები“ და პირადად ჰოფმანი გერმანული ვერკბუნდის (Deutscher Werkbund) დამფუძნებელი წევრები გახდნენ.

„ვენის სახელოსნოების“ დაარსების შემდეგ, სეცესიაში აზრთა სხვადასხვაობა, პირველ რიგში, 1904 წლის სენტ-ლუისის მსოფლიო გამოფენის ორგანიზებამ გამოიწვია. ამ წარუმატებელმა გამოფენამ ასოციაციის შიგნით მძაფრი დაპირისპირება წარმოშვა.[6] მალე სეცესიაში მნიშვნელოვანი განხეთქილება მოხდა მათ შორის, ვისაც პრიორიტეტის მინიჭება ფერმწერებისა და ტრადიციული სახვითი ხელოვნებისთვის სურდა და დანარჩენებს (მათ შორის იყვნენ კლიმტი, ჰოფმანი, ვაგნერი, მოზერი და სხვები) შორის, რომლებიც მხარს დეკორატიული ხელოვნების თანაბარუფლებიანობას უჭერდნენ. ამ დავამ პიკს 1905 წელს მიაღწია, როდესაც გალერეა მიტკეს მხატვრულმა კონსულტანტმა (და თავად ფერმწერმა) კარლ მოლმა წამოაყენა წინადადება, რომ სეცესიას შეეძინა ეს გალერეა საკუთარი ნამუშევრების გასასაღებად. ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს კლიმტმა, ვაგნერმა, ჰოფმანმა და მოზერმა. საკითხი კენჭისყრაზე დადგა, სადაც კლიმტი და მისი მხარდამჭერები მხოლოდ ერთი ხმით დამარცხდნენ. 1905 წლის 14 ივნისს კლიმტმა, ჰოფმანმა, მოზერმა და სხვა ხელოვანთა ჯგუფმა სეცესია დატოვეს.[4] მომდევნო წელს კლიმტმა ჩამოაყალიბა ჯგუფი სახელწოდებით „Kunstschau“ („ხელოვნების ჩვენება“) ანუ „კლიმტის ჯგუფი“ (Klimtgruppe), რომელშიც მოლი, ვაგნერი და სხვა მნიშვნელოვანი ავსტრიელი ხელოვანები გაერთიანდნენ.[7]

კლიმტის, ჰოფმანის, ვაგნერისა და მათი მხარდამჭერების წასვლის შემდეგ სეცესიამ განაგრძო ფუნქციონირება და რეგულარულად მართავდა გამოფენებს სეცესიის შენობაში, თუმცა მათ აკლდათ ადრეული პერიოდის ორიგინალურობა და აღტყინება. 1938 წელს სეცესიის წევრი გახდა დიზაინერი პეტერ ბერენსი. ნაცისტური რეჟიმის პირობებში სეცესიის შენობა, როგორც „დეგენერაციული ხელოვნების“ სიმბოლო, დაანგრიეს, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი ზუსტად აღადგინეს.

1945 წელს, ომის დასრულების შემდეგ, ჰოფმანი კვლავ შეუერთდა ვენის სეცესიას — იმ სახელოვნებო მიმდინარეობას, რომელიც მან, კლიმტმა და ვაგნერმა დრამატულად დატოვეს 1905 წელს. იგი 1948-1950 წლებში სეცესიის პრეზიდენტად აირჩიეს.[8] სეცესია დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას და რეგულარულ გამოფენებს მართავს სეცესიის დარბაზში.[2]

ხელოვნების ჟანრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერმწერებთან და მოქანდაკეებთან ერთად, ვენის სეცესიასთან დაკავშირებული იყო რამდენიმე თვალსაჩინო არქიტექტორი, მათ შორის იოზეფ მარია ოლბრიხი, ოტო ვაგნერი და იოზეფ ჰოფმანი. 1897–98 წლებში ოლბრიხმა დააპროექტა სეცესიის შენობა, რათა გამოეფინა როგორც გუსტავ კლიმტისა და ჯგუფის სხვა წევრების, ისე უცხოელი ხელოვანების — მათ შორის მაქს კლინგერის, ეჟენ გრასეს, ჩარლზ რენი მაკინტოშისა და არნოლდ ბეკლინის — ნამუშევრები. იოზეფ ჰოფმანი სეცესიის სახლში გამართული გამოფენების მთავარი დიზაინერი გახდა. შენობის გუმბათი და სტილიზებული ფასადი მიმდინარეობის სიმბოლოდ იქცა.

ხელოვანთა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ კოლომან მოზერი, ოთმარ შიმკოვიცი, იოჟე პლეჩნიკი და სხვები, არქიტექტორ ოტო ვაგნერის ხელმძღვანელობით, მორთო ვაგნერის მიერ დაპროექტებული ორი საცხოვრებელი სახლი — ლინკე ვინცაილეს შენობები 1898–1899 წლებში. შენობა, რომელიც მდებარეობს მისამართზე Linke Wienzeile 40, ცნობილია როგორც „მაიოლიკის სახლი“ (Majolikahaus). მისი ფასადი მთლიანად დაფარულია მაიოლიკით, ანუ ფერადი გამომწვარი თიხის ფილებით, რომლებზეც ყვავილოვანი ორნამენტებია დატანილი.[9] მისი ფასადის არტ-ნუვო სტილის ორნამენტები შესრულებულია ვაგნერის მოწაფის, ალოის ლუდვიგის [de] მიერ.[10] მეორე შენობა, Linke Wienzeile 38, ცნობილია როგორც „სახლი მედალიონებით“, მისი მოოქროვილი ბათქაშის მედალიონების გამო, რომლებიც ვაგნერის მოწაფემ და ხშირმა თანამშრომელმა, კოლომან მოზერმა შექმნა. ყველაზე მდიდრული ადრეული დეკორაცია თავის დროზე მოხსნეს, თუმცა მოგვიანებით იგი აღადგინეს.

ამ პერიოდში ოტო ვაგნერმა ასევე ააგო არაჩვეულებრივად სტილიზებული სადგურები ვენის საქალაქო ტრანსპორტის ახალი სისტემისთვის (შტადტბანი), რომლებიც ასევე სეცესიის სტილის სიმბოლოებად იქცა. მათ შორის ყველაზე ცნობილია კარლსპლაცის სადგური ვენის ცენტრში,[11] სადაც მისი თანამშრომელი იოზეფ მარია ოლბრიხი იყო. ამ შენობების სტილმა მონიშნა გარდამავალი ეტაპი უფრო გეომეტრიული ფორმებისკენ და მოდერნიზმის დასაწყისი.[12]

ვაგნერის გვიანდელ შენობებს, რომლებიც 1899 წლის შემდეგ აიგო, მათ შორის წმინდა ლეოპოლდის ეკლესიას (1902–1907) და განსაკუთრებით ავსტრიის საფოსტო შემნახველ ბანკს (1903–1906, გაფართოვდა 1910–12 წლებში), ახასიათებდა სწორი ხაზები და გეომეტრიული ფორმები, ახალი მასალების (მაგალითად, რკინაბეტონი და ალუმინი) თვალსაჩინო გამოყენება და ფასადისა თუ ინტერიერის მინიმალური დეკორაცია.[13]

იოზეფ ჰოფმანის ნამუშევრებში ასევე გამოჩნდა თანდათანობითი გადასვლა ყვავილოვანი დიზაინიდან და მომრგვალებული ხაზებიდან. მის ყველაზე ცნობილ შენობას, სტოკლეს სასახლეს ბრიუსელში, ჰქონდა კუბური ფორმებისგან შემდგარი კოშკი, მინიმალური ორნამენტი ფასადზე და მართი კუთხეებითა და გეომეტრიული დიზაინით გადაწყვეტილი ინტერიერი. არტ-ნუვოს ერთადერთ ელემენტს წარმოადგენდა გუსტავ კლიმტის კედლის მხატვრობა. სტოკლეს სასახლე საუკეთესოდ ასახავს ჰოფმანის ტრანსფორმაციას არტ-ნუვოდან მოდერნიზმისკენ.[13]

სეცესიის არქიტექტორები ხშირად თავადვე აპროექტებდნენ ავეჯს საკუთარი არქიტექტურული პროექტებისთვის, ხალიჩებთან, სანათებთან, შპალერთან და სააბაზანოს მოწყობილობებთან თუ პირსახოცებთან ერთადაც კი. 1900 წლის პარიზის მსოფლიო გამოფენაზე სეცესიის მიერ წარდგენილმა ავეჯმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და მის ავტორებს, მათ შორის ელსე უნგერსა და ემილიო ძაგოს, საერთაშორისო აღიარება მოუტანა.[14]

მოგვიანებით, 1902 წელს, არქიტექტორმა ოტო ვაგნერმა, თავისივე ავსტრიის საფოსტო შემნახველი ბანკის შენობის არქიტექტურასთან შესაბამისობისთვის, შექმნა სკამები თანამედროვე მასალების, მათ შორის ალუმინისა და ხის კომბინაციით. 1905 წელს იოზეფ ჰოფმანმა შექმნა სკამი რეგულირებადი ზურგით, რომელიც გვიანი სეცესიის უფრო გეომეტრიულ ფორმებს ასახავდა.

მინას, განსაკუთრებით კი ვიტრაჟებს, მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ვენის სეცესიაში. ლეოპოლდ ფორსტნერი ამ დარგის წამყვანი ხელოვანი იყო, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა ოტო ვაგნერთან და სხვა არქიტექტორებთან. მან შექმნა ვიტრაჟები ავსტრიის საფოსტო შემნახველი ბანკისთვის — ვენის სეცესიის სტილის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშისთვის, — და ასევე წმინდა კარლო ბორომეოს ეკლესიისთვის, რომელიც სეცესიის პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან ტაძრად მიიჩნევა.

სეცესიის მინის ხელოვნებაში კიდევ ერთი თვალსაჩინო ფიგურა იყო იოჰან ლიოც ვიტვე, რომელმაც შექმნა ირიზირებული ლარნაკების შთამბეჭდავი სერია, რამაც 1900 წლის პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

კერამიკული ფილების მოზაიკა ვენის სეცესიის სტილის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. მათ იყენებდნენ როგორც შენობების ფასადების, ისე ინტერიერების მოსართავად. ოტო ვაგნერმა გამოიყენა ისინი მაიოლიკის სახლის დეკორირებისთვის, სადაც მათ როგორც ესთეტიკური, ისე პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდათ — ფასადის ეფექტურად გასუფთავება სახანძრო შლანგების მეშვეობით იყო შესაძლებელი.

ხელოვნების სასახლე, ასევე ცნობილი როგორც „სეცესია“, რომელიც ეკუთვნის კრაკოვის ნატიფი ხელოვნების მოყვარულთა საზოგადოებას, კრაკოვის ძველ ქალაქში
მინტონსის (Mintons) სეცესიონისტური სტილის ლარნაკები

ყოფილი ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ქვეყნების ენებზე არტ-ნუვოს ვენის სეცესიის სახელი ეწოდა: სლოვენ. secesija, უნგრ. szecessziო, ჩეხ. secese, სლოვაკ. secesia, პოლ. secesja, სერბულადсецесија, ხორვატულადsecesija. ვენის სეცესიამ ასევე გავლენა მოახდინა პოლონურ მოძრაობაზე „ახალგაზრდა პოლონეთი“ (Młoda Polska), რომელიც არტ-ნუვოს გარდა სხვა სახელოვნებო სტილებსაც მოიცავდა და ხელოვნების, ლიტერატურისა და ცხოვრების წესისადმი უფრო ფართო მიდგომით გამოირჩეოდა.[15]

ვენის სეცესიამ გავლენა მოახდინა არა მხოლოდ მოძრაობებზე, არამედ კონკრეტულ არქიტექტორებზეც, მაგალითად, რუს ილარიონ ივანოვ-შიცზე, რომელმაც მის საფუძველზე საკუთარი უნიკალური სტილი შექმნა.

1890-იანი წლების შუა პერიოდიდან ინგლისურმა კომპანია მინტონსმა (Mintons) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არტ-ნუვოს კერამიკის განვითარებაში, რომლის ნიმუშების უმეტესობაც მარკ-ლუი სოლონის ვაჟის, ლეონ სოლონისა და მისი კოლეგის, ჯონ უოდსუორთის მიერ იყო დაპროექტებული. ლეონ სოლონი მინტონსმა მას შემდეგ დაიქირავა, რაც მისი ნამუშევრები გავლენიან დიზაინერულ ჟურნალში „The Studio“ გამოქვეყნდა; იგი კომპანიაში 1895 წლიდან 1905 წლამდე მუშაობდა და გარკვეული პერიოდი სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაც ეკავა. სოლონმა დანერგა ვენის სეცესიის გავლენით შექმნილი დიზაინი, ხოლო თიხის ნაკეთობების ხაზს, რომელიც დაახლოებით 1901-1916 წლებში იწარმოებოდა, ეწოდა „სეცესიონისტური ნაკეთობები“ (Secessionist Ware). იგი ძირითადად ინდუსტრიული ტექნიკით მზადდებოდა, რაც პროდუქციას შედარებით აიაფებდა და ფართო ბაზრისთვის ხდიდა ხელმისაწვდომს. ეს ხაზი კონცენტრირებული იყო ცალკეულ ნივთებზე, როგორიცაა დოქები ან ლარნაკები, და არა სრულ სადილის კომპლექტებზე.[16]

  • Arnanson, Harvard H. "History of Modern Art". Ed. Daniel Wheeler. 3rd ed. Englewood Cliffs, NJ: Prentice Hall, Inc, 1986. ISBN 978-0-13-390360-7.
  • Borsi, Franco, and Ezio Godoli. "Vienna 1900 Architecture and Design". New York: Rizzoli International Publications, Inc, 1986. ISBN 978-0-8478-0616-4
  • "Architecture in Austria in the 20th and 21st Centuries". Ed. Gudrun Hausegger. Basel, SW: Birkhauser, 2006. ISBN 978-3-7643-7694-9
  • Fahr-Becker, Gabriele (2015). L'Art Nouveau (fr). H.F. Ullmann. ISBN 978-3-8480-0857-5. 
  • Kolja Kramer: Carabin & Die Wiener Secession – Die Rolle des Delegierten im Beziehungsnetz der Wiener Secession bei der Ankunft des französischen Impressionismus und der französischen Avantgarde in Wien um 1900, Verlag BoD, Norderstedt 2024, 404 pages. ISBN 978-3-7583-7386-2.
  • Metzger, Rainer (2018). Vienne – des Années 1900 (fr). Cologne: Taschen. ISBN 978-3-8365-6704-6. 
  • O'Connor, Anne-Marie (2012). The Lady in Gold, The Extraordinary Tale of Gustav Klimt's Masterpiece, Portrait of Adele Bloch-Bauer, Alfred A. Knopf, New York, ISBN 0-307-26564-1.
  • Kathrin Romberg (ed.): Maurizio Cattelan. Text by Francesco Bonami, Wiener Secession, Wien. ISBN 3-900803-87-0
  • Schorske, Carl E. "Gustav Klimt: Painting and the Crisis of the Liberal Ego" in Fin-de-Siècle Vienna: Politics and Culture. Vintage Books, 1981. ISBN 978-0-394-74478-0
  • Sarnitz, August (2016). Josef Hoffmann, L'univers de la beauté (fr). Cologne: Taschen. ISBN 978-3-8365-5038-3. 
  • Sarnitz, August (2018). Otto Wagner (fr). Cologne: Taschen. ISBN 978-3-8365-6432-8. 
  • Sekler, Eduard F. "Josef Hoffmann The Architectural Work". Princeton, NJ: Princeton UP, 1985. ISBN 978-0-691-06572-4
  • Topp, Leslie. "Architecture and truth in fin-de-siecle vienna". Cambridge, UK: Cambridge UP, 2004. ISBN 978-0-521-82275-6

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Heller, Reinhold (March 1977). „Recent Scholarship on Vienna's "Golden Age," Gustav Klimt, and Egon Schiele“. The Art Bulletin. 59 (1): 111–118. doi:10.2307/3049602. JSTOR 3049602.
  2. 1 2 Building. ციტირების თარიღი: 11 November 2023
  3. 1 2 3 Fahr-Becker, L'Art Nouveau, pp. 335–340
  4. 1 2 The Vienna Secession Movement. The Art Story. ციტირების თარიღი: 26 February 2018
  5. Kolja Kramer: Carabin & Die Wiener Secession – Die Rolle des Delegierten im Beziehungsnetz der Wiener Secession bei der Ankunft des französischen Impressionismus und der französischen Avantgarde in Wien um 1900, Verlag BoD, Norderstedt 2024, pp. 176–276.
  6. Secession (Institution) de. ციტირების თარიღი: 6 July 2023
  7. Dobai, Johannes (1978). The Complete Works of Klimt (it). Milan: Rizzoli, გვ. 86. 
  8. Sarnitz 2016, p. 94.
  9. Sarnitz (2018) pages 46–48
  10. Schacherl, Lillian (1993). Vienna. Prestel guide (en). Prestel, გვ. 124. ISBN 978-3-7913-1236-1. 
  11. Sarnitz, August, Otto Wagner (2016), pp. 33–35
  12. Nikolaus Pevsner, Pioneers of Modern Design, Penguin Books, 1960
  13. 1 2 Sarnitz 2018, pp. 57–71.
  14. Fahr-Becker, Gabriele, L'Art Nouveau p. 344
  15. Danuta Batorska, "Zofia Stryjeńska: Princess of Polish Painting", in Woman's Art Journal, vol. 19 (Autumn, 1998–Winter, 1999), pp. 24–29 (esp. 24–25).
  16. The Democratic Dish: Mintons Secessionist Ware – the Minton Archive.[მუდმივი მკვდარი ბმული]