შინაარსზე გადასვლა

ვენის კონვენცია სახელშეკრულებო სამართლის შესახებ

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვენის კონვენცია სახელშეკრულებო სამართლის შესახებ (VCLT) — საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც არეგულირებს ხელშეკრულებებს სუვერენულ სახელმწიფოებს შორის.[1][2]

„ხელშეკრულებების შესახებ ხელშეკრულების" სახელით ცნობილი VCLT ადგენს ყოვლისმომცველ და პრაქტიკულ სახელმძღვანელო პრინციპებს, წესებსა და პროცედურებს იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება ხელშეკრულებების შედგენა, განსაზღვრა, შესწორება და განმარტება.[3] VCLT ხელშეკრულებას განსაზღვრავს როგორც სახელმწიფოებს შორის წერილობით დადებულ საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო სამართლით.[1]

ვენის კონვენცია სახელშეკრულებო სამართლის შესახებ მიღებულ იქნა და ხელმოწერისთვის გაიხსნა 1969 წლის 23 მაისს,[4][5] ძალაში შევიდა 1980 წლის 27 იანვარს,[5] ხოლო 2026 წლის მაისის მონაცემებით კონვენცია რატიფიცირებული აქვს 119 სუვერენულ სახელმწიფოს.[6] სახელმწიფოები, რომელთაც კონვენციის რატიფიცირება არ მოუხდენიათ, მათ შორის აშშ-მ, VCLT-ის ნაწილები აღიარეს საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ასახვად.[7] სახელშეკრულებო სამართალში VCLT წარმოადგენს ავტორიტეტულ წყაროს ხელშეკრულების განმარტებასთან დაკავშირებული დავების გადასაწყვეტად.[8]

VCLT-ის მიერ ხელშეკრულების განმარტება საყოველთაოდ აღიარებული არ არის. მაგალითად, VCLT ხელშეკრულებას სახელმწიფოთაშორისად განსაზღვრავს, რაც გამორიცხავს არასახელმწიფოებრივ სუბიექტებს (მაგალითად, საერთაშორისო ორგანიზაციებს). ხელშეკრულება შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვითაც შესაძლოა განსხვავებულად განისაზღვროს, ვინაიდან დოკუმენტის ხელშეკრულებად მიჩნევისთვის გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილებაა საჭირო.[1]

ვენის კონვენცია სახელშეკრულებო სამართლის შესახებ (VCLT) შემუშავდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სამართლის კომისიის (ILC) მიერ, რომელმაც კონვენციაზე მუშაობა 1949 წელს დაიწყო. მომზადების 20 წლის განმავლობაში კონვენციის რამდენიმე საპროექტო ვერსია და კომენტარი მოამზადეს ILC-ის სპეციალურმა მომხსენებლებმა, რომელთა შორის იყვნენ საერთაშორისო სამართლის გამოჩენილი მეცნიერები ჯეიმზ ბრაიერლი, ჰერშ ლაუტერპახტი, ჯერალდ ფიცმორისი და ჰამფრი უოლდოკი.[4]

1966 წელს ILC-მ მიიღო 75 მუხლისგან შემდგარი პროექტი, რაც მისი საბოლოო ნაშრომის საფუძველი გახდა.[9] 1968 და 1969 წლებში გამართული ორი სესიის განმავლობაში, ვენის კონფერენციამ დაასრულა მუშაობა კონვენციაზე, რომელიც მიღებულ იქნა 1969 წლის 22 მაისს, ხოლო ხელმოსაწერად მომდევნო დღეს გახსნეს.[4][9]

შინაარსი და შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაში ვენის კონვენცია სახელშეკრულებო სამართლის შესახებ წარმოადგენს ავტორიტეტულ წყაროს ხელშეკრულების დადებასა და მის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებში.[10] VCLT-ის ნაწილები არახელმომწერი ქვეყნების - მათ შორის აშშ-ისა და ინდოეთის - მიერ აღიარებულია როგორც იურიდიულად სავალდებულო ყველა იმ სუვერენული სახელმწიფოსთვის,[7] რომელმაც ვენის კონვენციის ჩვეულებით-სამართლებრივი სტატუსი აღიარა.[11]

VCLT საერთაშორისო ხელშეკრულებას განმარტავს, როგორც „სუვერენულ სახელმწიფოებს შორის წერილობითი ფორმით დადებულ და საერთაშორისო სამართლით რეგულირებულ საერთაშორისო შეთანხმებას“ და ადასტურებს, რომ „ყველა სახელმწიფოს აქვს ხელშეკრულებების დადების უნარი“. VCLT-ის 1-ლი მუხლი კონვენციის მოქმედებას ზღუდავს სახელმწიფოებს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებებით და გამორიცხავს სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ან საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის დადებულ ხელშეკრულებებს. მე-11 მუხლი განმარტავს „ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის საშუალებებს“, მათ შორის რატიფიცირებას, მიღებას, დამტკიცებასა თუ მიერთებას. 26-ე მუხლი განსაზღვრავს pacta sunt servanda-ს პრინციპს — შეთანხმებები უნდა შესრულდეს; 53-ე მუხლი განმარტავს jus cogens-ს — იმპერატიულ ნორმას; 62-ე მუხლი განსაზღვრავს გარემოებათა არსებით ცვლილებას, რაც ხელშეკრულების ნამდვილობას ან ბათილობას ადგენს; ხოლო 77-ე მუხლი განმარტავს დეპოზიტარს — ორგანიზაციას ან პირს, რომელთანაც მრავალმხრივი ხელშეკრულება ინახება.

ვენის კონვენცია მოქმედებს მხოლოდ იმ ხელშეკრულებებზე, რომლებიც დაიდო VCLT-ის რატიფიცირების შემდეგ, და იმ ხელშეკრულებებზე, რომლებიც დადებულია სუვერენულ სახელმწიფოებს შორის, თუმცა იგი არ არეგულირებს სხვა შეთანხმებებს სუვერენულ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ან უშუალოდ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, თუ VCLT-ის რომელიმე წესი დამოუკიდებლად სავალდებულოა ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.[12] პრაქტიკაში ვენის კონვენციის მე-2 და მე-5 მუხლები ვრცელდება სუვერენულ სახელმწიფოსა და მთავრობათაშორის ორგანიზაციას შორის დადებულ ხელშეკრულებებზე.[13]

თუმცა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, ან თავად საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის დადებულ შეთანხმებებს არეგულირებს 1986 წლის ვენის კონვენცია სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ან საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ხელშეკრულებების სამართლის შესახებ, თუკი იგი ძალაში შევა. გარდა ამისა, სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში, კონვენციის დებულებები მაინც მოქმედებს მონაწილე სახელმწიფოებს შორის. კონვენცია არ ვრცელდება ზეპირ შეთანხმებებზე.[12]

კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2026 წლის მაისის მონაცემებით, კონვენცია რატიფიცირებული აქვს 119 მონაწილე სახელმწიფოს, ხოლო კიდევ 15 სახელმწიფოს იგი ხელმოწერილი აქვს, თუმცა რატიფიცირება არ მოუხდენია. გარდა ამისა, ჩინეთის რესპუბლიკამ (ტაივანი), რომელსაც ამჟამად გაეროს 11 წევრი სახელმწიფო აღიარებს, კონვენციას ხელი მოაწერა 1970 წელს - მანამ, სანამ გაეროს გენერალური ასამბლეა 1971 წლის კენჭისყრით ჩინეთის ადგილს გადასცემდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, რომელიც მოგვიანებით შეუერთდა კონვენციას.[6]

გაეროს 61 წევრ სახელმწიფოს კონვენციისთვის არც ხელი მოუწერია და არც რატიფიცირება მოუხდენია. დასავლეთ ევროპის მსხვილ სახელმწიფოებს შორის საფრანგეთი და ნორვეგია ერთადერთი ასეთი ქვეყნები არიან.[14] გავრცელებული მოსაზრებით, საფრანგეთის პოზიცია სამ ფაქტორს ეფუძნება:

  1. სუვერენიტეტი და მოქნილობა: საფრანგეთი ამჯობინებს ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებას VCLT-ის პროცედურებით (მაგ., დათქმები, ხელშეკრულების შეწყვეტა) დაწესებულად აღქმული შეზღუდვების გარეშე.[15]
  2. ჩვეულებითი სამართლის საკმარისობა: მიაჩნია, რომ VCLT-ის ძირითადი წესები (მაგ., pacta sunt servanda) სავალდებულოა ჩვეულებითი სამართლის სახით.[16]
  3. კონსტიტუციურ შეუსაბამობასთან დაკავშირებული წუხილები: საფრანგეთის 1958 წლის კონსტიტუციის 52–55-ე მუხლები უკვე არეგულირებს სახელშეკრულებო პრაქტიკას.

ნორვეგიის პოზიცია დასაბუთებულია შემდეგით:

  1. დუალისტური სამართლებრივი სისტემა:მოითხოვს ხელშეკრულებების ეროვნულ სამართალში პირდაპირ ინკორპორირებას. VCLT-ის ავტომატური მოქმედება ეწინააღმდეგება ამ პრინციპს.[17]
  2. შიდასახელმწიფოებრივი სამართლის უზენაესობა: ნორვეგიის ადამიანის უფლებათა აქტი (1999) და კონსტიტუციის §115 პრიორიტეტს ანიჭებს ხელშეკრულებების საკანონმდებლო წესით აღსრულებას.[18]
  3. პრაქტიკული ზედმეტობა: ნორვეგია მიჰყვება VCLT-ის ნორმებს, როგორც ჩვეულებით სამართალს, თუმცა ოფიციალურ მიერთებას არასაჭიროდ მიიჩნევს.[19]

ხელმოწერა, რატიფიცირება და მიერთება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო ხელშეკრულებები და კონვენციები შეიცავენ წესებს იმის თაობაზე, თუ რომელ სუბიექტებს შეუძლიათ მათ ხელი მოაწერონ, რატიფიცირება მოახდინონ ან შეუერთდნენ. ზოგიერთი ხელშეკრულება შემოფარგლულია მხოლოდ იმ სახელმწიფოებით, რომლებიც გაეროს წევრები არიან ან მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის წევრები. იშვიათ შემთხვევებში არსებობს იმ სუბიექტების პირდაპირი ჩამონათვალი, რომლებითაც შემოიფარგლება ხელშეკრულება. უფრო ხშირად კი, მომლაპარაკებელი სახელმწიფოების[20] (რომელთაგან უმეტესობა ან ყველა, ჩვეულებრივ, საბოლოოდ ხდება დამფუძნებელი ხელმომწერი) მიზანია, რომ ხელშეკრულება არ იყოს შემოფარგლული კონკრეტული სახელმწიფოებით, რის გამოც გამოიყენება ისეთი ფორმულირება, როგორიცაა „წინამდებარე ხელშეკრულება ხელმოსაწერად ღიაა იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც მზად არიან მიიღონ მისი დებულებები" (ე.წ. „ყველა სახელმწიფოს ფორმულა"[21]).

რეგიონული ორგანიზაციების შემთხვევაში, როგორიცაა ევროპის საბჭო ან ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია, მომლაპარაკებელ სახელმწიფოთა წრე, რომელსაც ერთხელ შეთანხმებით მიენიჭა ხელშეკრულებისთვის ხელის მოწერისა და რატიფიცირების უფლება, ჩვეულებრივ, შემოიფარგლება ორგანიზაციის საკუთარი წევრი სახელმწიფოებით, ხოლო არაწევრმა სახელმწიფოებმა მას მოგვიანებით შეიძლება შეუერთდნენ.[22] თუმცა ზოგჯერ მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის შესაძლოა მოწვეულ იქნეს კონკრეტული არაწევრი სახელმწიფოების ან არასახელმწიფოებრივი სუბიექტების წრეც. მაგალითად, ევროპის საბჭომ „არაწევრი სახელმწიფოები" - კანადა, წმინდა საყდარი (ვატიკანი), იაპონია, მექსიკა და ამერიკის შეერთებული შტატები - მოიწვია, რათა „მონაწილეობა მიეღოთ 2011 წლის სტამბოლის კონვენციის შემუშავებაში", ხოლო ევროკავშირს (რომელიც განისაზღვრა როგორც „საერთაშორისო ორგანიზაცია", და არა „სახელმწიფო") სპეციალურად მიეცა უფლება, კონვენციისთვის ხელი მოეწერა და მოეხდინა მისი რატიფიცირება, და არა უბრალოდ მიერთება, ხოლო „სხვა არაწევრ სახელმწიფოებს" მხოლოდ მიერთების უფლება მიენიჭათ.[23][24]

მოლაპარაკებაში მონაწილე სახელმწიფოს მიერ ხელშეკრულებისთვის ხელის მოწერასა და მის რატიფიცირებას იგივე ეფექტი აქვს, რაც იმ სახელმწიფოს მიერ ხელშეკრულებისთვის მიერთებას, რომელიც მის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. ჩვეულებრივ, მიერთება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება ძალაში შევა, თუმცა გაეროს გენერალურ მდივანს ზოგჯერ მიღებული აქვს მიერთებაც მანამდე, სანამ ხელშეკრულება ძალაში შევიდოდა.[20] მოლაპარაკებაში მონაწილე სახელმწიფოდ არყოფნის ერთადერთი უარყოფითი მხარეა ის, რომ ასეთ სახელმწიფოს ხელშეკრულების შინაარსზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, თუმცა მას მაინც აქვს უფლება, განაცხადოს დათქმები იმ ხელშეკრულების კონკრეტულ დებულებებთან დაკავშირებით, რომელსაც სურს შეუერთდეს (მე-19 მუხლი).

სახელმწიფოებრიობის საკითხი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც ხელშეკრულება ღიაა „სახელმწიფოებისთვის“, დეპოზიტარ ორგანოს[25] ზოგჯერ უჭირს იმის დადგენა, თუ რომელი სუბიექტი ითვლება ნამდვილ სახელმწიფოდ. თუ ხელშეკრულებაში მონაწილეობა მხოლოდ გაეროს ან მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წევრებს შეუძლიათ, გაურკვევლობა არ ჩნდება. თუმცა პრობლემა მაშინ წარმოიშობა, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა გაეროში ან საერთაშორისო სასამართლოში ვერ გაწევრიანდა (მაგალითად, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის პოლიტიკური ვეტოს გამო) ან თავად არ შეუტანია განაცხადი, თუმცა რეალურად სახელმწიფოს ყველა ნიშანი აქვს. ვინაიდან გაეროს სპეციალიზებულ სააგენტოებში ვეტოს უფლება არ მოქმედებს, ასეთმა ქვეყნებმა იქ გაწევრიანება შეძლეს და ამით საერთაშორისო საზოგადოებისგან ფაქტობრივი აღიარება მოიპოვეს. ამიტომ, რაც შეიძლება ფართო მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ბევრმა კონვენციამ დაადგინა, რომ ხელშეკრულება ამ სააგენტოების წევრებისთვისაც ღია იყო. ვენის კონვენციაში გამოყენებულ ამ მიდგომას მოგვიანებით „ვენის ფორმულა“ ეწოდა და მას შემდეგ იგი უამრავ საერთაშორისო შეთანხმებაში გამოიყენება.[26]

ზოგიერთი ხელშეკრულება, რომელიც ამ ფორმულას იყენებს, შეიცავს დებულებას, რომლის თანახმადაც ამ სახელმწიფოების გარდა, მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლია ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, რომელსაც მოიწვევს ამისთვის განსაზღვრული ორგანო ან ორგანიზაცია (ჩვეულებრივ, გაეროს გენერალური ასამბლეა ან შესაბამისი ხელშეკრულებით შექმნილი დაწესებულება), რითაც პოტენციურ ხელმომწერთა წრე კიდევ უფრო ფართოვდება.

წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის ან მისი ერთ-ერთი სპეციალიზირებული დაწესებულების ან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრებისათვის, ან მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წევრებისთვის, ასევე ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსთვის, რომელიც მოწვეულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ, რათა გახდეს წინამდებარე კონვენციის წევრი შემდეგი წესის მიხედვით: 1969 წლის 30 ნოემბრამდე - ავსტრიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროში, ხოლო ამ თარიღის შემდგომ და 1970 წლის 30 აპრილამდე - ქ. ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში.

- ვენის კონვენცია სახელშეკრულებო სამართლის შესახებ, 81-ე მუხლი, ხელმოწერა

ხელშეკრულებების განმარტება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VCLT-ის 31–33-ე მუხლები მოიცავს კონვენციების, ხელშეკრულებებისა და სხვა შეთანხმებების განმარტების პრინციპებს. აღნიშნული პრინციპები საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ასახვად არის აღიარებული - მაგალითად, საერთაშორისო სამართლის კომისიის (ILC) მიერ.[27]

31-ე მუხლში კოდიფიცირებული განმარტების პრინციპები უნდა იქნეს გამოყენებული 32-ე მუხლის დებულებებამდე, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ იგი განმარტების დამხმარე საშუალებებს გვთავაზობს.

ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ VCLT-ის განმარტებითი დებულებები სხვადასხვა საქმეში გამოიყენა, მათ შორის „Bosphorus Queen“-ის საქმეში (2018),[28] სადაც სასამართლომ UNCLOS-ის 220-ე მუხლის მე-6 პუნქტში არსებული ტერმინის - „ნებისმიერი რესურსის“ (ინგლ. any resources) - მოქმედების ფარგლები განმარტა.[29]

VCLT-ს ხშირად ეყრდნობიან საინვესტიციო არბიტრაჟის საქმეებშიც.[30]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 Hollis, Duncan B (2020), „Defining Treaties“, Hollis, Duncan B, The Oxford Guide to Treaties (2 რედ.), Oxford University Press, pp. 11–45, , ISBN 978-0-19-884834-9, https://academic.oup.com/oxford-law-pro/book/56036/chapter/475025529
  2. ↑ Kearney, Richard D.; Dalton, Robert E. (1970). „The Treaty on Treaties“. American Journal of International Law (ინგლისური). 64 (3): 495–561. doi:10.2307/2199203. ISSN 0002-9300.
  3. ↑ Anthony, Aust (2006) „Vienna Convention on the Law of Treaties (1969)“, Max Planck Encyclopedia of Public International Law (en). DOI:10.1093/law:epil/9780199231690/e1498. ISBN 9780199231690. 
  4. 1 2 3 untreaty.un.org, Law of treaties დაარქივებული 17 October 2013 საიტზე Wayback Machine. , International Law Commission, last update: 30 June 2005. Consulted on 7 December 2008.
  5. 1 2 Vienna Convention on the Law of Treaties, pg. 1
  6. 1 2 Vienna Convention on the Law of Treaties. United Nations Treaty Series. ციტირების თარიღი: 25 February 2026
  7. 1 2 United States Department of State. Is the United States a party to the Vienna Convention on the Law of Treaties?. ციტირების თარიღი: 15 September 2015
  8. ↑ 50 Years Vienna Convention on the Law of Treaties de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-11-19. ციტირების თარიღი: 2019-11-12
  9. 1 2 Brownlie, Ian (1998). Principles of Public International Law, 5th, Oxford University Press, გვ. 607–08. ISBN 978-0-19-876299-7. 
  10. ↑ Aust, Anthony (2006). „Vienna Convention on the Law of Treaties (1969)“. Vienna Convention on the Law of Treaties (1969). Max Planck Encyclopedias of Public International Law. doi:10.1093/law:epil/9780199231690/e1498. ISBN 9780199231690.
  11. ↑ Guest Post: Indian Court embraces the Vienna Convention on Law of Treaties (2015-04-02).
  12. 1 2 Article 3 of the Convention.
  13. ↑ Articles 2 and 5 of the Convention
  14. ↑ Hill, Jeremy (2023). Aust's modern treaty law and practice, Fourth, Cambridge, United Kingdom New York, NY: Cambridge University Press. ISBN 978-1-009-18692-6. 
  15. ↑ étrangères, Ministère de l'Europe et des Affaires. France Diplomacy.
  16. ↑ Hafner-Burton, Emilie M.; Schneider, Christina J. (2019). „Donor Rules or Donors Rule? International Institutions and Political Corruption“. AJIL Unbound (ინგლისური). 113: 346–350. doi:10.1017/aju.2019.62. ISSN 2398-7723.
  17. ↑ Rayfuse, Rosemary (2013). „War and the Environment: International Law and the Protection of the Environment in Relation to Armed Conflict – Introduction to the Special Issue“. Nordic Journal of International Law. 82 (1): 1–5. doi:10.1163/15718107-08201001. ISSN 0902-7351.
  18. ↑ Forsiden - Lovdata. ციტირების თარიღი: 2025-10-26
  19. ↑ Forsiden - Lovdata. ციტირების თარიღი: 2025-10-26
  20. 1 2 What is the difference between signing, ratification and accession of UN treaties?. Dag Hammerskjöld Library. United Nations (26 April 2018). ციტირების თარიღი: 8 April 2020
  21. ↑ All States are defined as all UN member states and states about which there are individual statements of inclusion by the UN Secretary-General or other UN organ. Repertory of Practice of United Nations Organs Supplement No. 8; page 10, UN THE WORLD TODAY (PDF); the United Nations Secretary-General has stated that when the "any State" or "all States" formula is adopted, he would be able to implement it only if the General Assembly provided him with the complete list of the States coming within the formula, other than those falling within the "Vienna formula" – UN Office of Legal Affairs.
  22. ↑ For example, Belém do Pará Convention Article 15, 16 and 17.
  23. ↑ Full list: Chart of signatures and ratifications of Treaty 210. Council of Europe. ციტირების თარიღი: 8 April 2020
  24. ↑ Istanbul Convention Articles 76, 77 and 81.
  25. ↑ The UN Secretary-General or some other competent authority defined in the treaty in question, such as Switzerland for the Geneva Conventions – see special cases.
  26. ↑ UN Legal Affairs the so-called "Vienna formula".
  27. ↑ ILC, Fragmentation of international law: difficulties arising from the diversification and expansion of international law, Report A/CN.4/L.682 (presented at the 58th session in Geneva, 1 May – 9 June and 3 July – 11 August 2006) 89, para 168
  28. ↑ Case C-15/17 Bosphorus Queen Shipping Ltd Corp vs Rajavartiolaitos, ECLI:EU: C:2018:557, para 67.
  29. ↑ Interpreting the "discharge-term" of article 218 (1) of UNCLOS following article 31 of the VCLT to allow the term to encompass emissions has also been discussed. See Jesper Jarl Fanø (2019) Enforcing International Maritime Legislation on Air Pollution through UNCLOS. Hart Publishing.
  30. ↑ Celebrating 50 Years of the VCLT: An Introduction en-US (2019-12-02). ციტირების თარიღი: 2021-11-10