ვენეტები და პრასინები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვენეტები და პრასინები — მთავარი საცირკო პარტიები (დიმები) ბიზანტიის ქალაქებში; ანტიკური რომის მსგავსად, ცირკსა და იპოდრომებზე იმართებოდა შეჯიბრებები (უმთავრესად ცხენოსნობაში) და საცირკო წარმოდგენები. „გულშემატკივრები“ ქმნიდნენ პარტიებს, რომლებიც მეეტლეების სამოსის ფერის მიხედვით იღებდნენ სახელწოდებას. მაგ., ვენეტები იყვნენ „ცისფერები“, პრასინები „მწვანეები“. დიმებს ჰყავდათ არჩევითი ხელმძღვანელობა, მოსამსახურეთა, მეეტლეთა და მსახიობთა საკუთარი შტატი, ცხენები, ჰქონდათ სახლები და ფულადი სახსრები. თავდაპირველად დიმები სპორტული ორგანიზაციები იყო, IV საუკუნის დასასრულიდან თავისებურ პოლიტიკურ პარტიებად გადაიქცა. დიმებს შორის (სულ 4 იყო) ყველაზე მნიშვნელოვანი (ერთმანეთთან მოქიშპე) ვენეტები და პრასინები იყვნენ. ვენეტების სათავეში იდგნენ ცენტრალიზაციის, ბიუროკრატიული მმართველობისა და მართლმადიდებლობის მომხრე წარჩინებული დიდებულები. პრასინებს კი სავაჭრო-ხელოსნური წრეების ზედა ფენა განაგებდა, რომელიც მოითხოვდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გაძლიერებას და თანაუგრძნობდა მონოფიზიტებს. V საუკუნის დასაწყისიდან ამ პარტიებს მილიციის საკუთარი რაზმების ჩამოყალიბებისა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის უფლება მისცეს. V საუკუნის დასასრულს და VI საკუნეში ვენეტებსა და პრასინებს შორის ბრძოლა გამწვავდა. ხშირად ამ პარტიების დაბალი ფენები ერთიანდებოდნენ და მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლებს აწყობდნენ (აჯანყება „ნიკე“ 532 წელს). VIII საუკუნისთვის ვენეტებმა და პრასინებმა პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]