შინაარსზე გადასვლა

ველეტრის სარკოფაგი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ველეტრის სარკოფაგი

ველეტრის სარკოფაგი― ახალი წელთღრიცხვით 140-150 წლებში დამზადებული რომაული სარკოფაგი, რომელიც ასახავს რომის საზოგადოებაზე ბერძნულ და შესაძლოა აზიურ გავლენას. მასზე გამოსახულნი არიან ჰერკულესი და სხვა წარმართული ღვთაებები. სარკოფაგი გამოირჩევა კლასიკური სპირალურფრთიანი იონური სვეტებით, რაც ქმნის თეატრალურ ჩარჩოს ფიგურების გარშემო. შეიქმნა რომაელთა დაკრძალვის ტრადიციებში შეტანილი ცვლილებებიდან მალევე, როდესაც რომაელები კრემაციიდან დამარხვაზე გადავიდნენ სიკვდილის შემდგომი ცხოვრების შესახებ ჩამოყალიბებული ახალი იდეების გამო[1]. ის ამჟამად ინახება ველეტრის სამოქალაქო არქეოლოგიურ მუზეუმში.

სარკოფაგი დამზადებულია მარმარილოსგან (მიუხედავად იმისა, რომ მარმარილოს სარკოფაგები მე-3 საუკუნემდე არ გამხდარა პოპულარული) და მორთულია მდიდრული რელიეფით. მისი სიგრძეა 8,5 ფუტი (2,6 მ), სიმაღლე 4,9 ფუტი (1,5 მ) და სიგანე 4,1 ფუტი (1,2 მ). სარკოფაგის უმეტესმა ნაწილმა შეინარჩუნა დახვეწილი დეტალები, თუმცა გარკვეული ეროზია ფიგურებში მაინც მოხდა, რის გამოც ისინი მნახველისათვის უფრო იდუმალნი გახდნენ. სახურავის მარჯვენა მხარე საერთოდ გაქრა.

ერთი შეხედვით სარკოფაგი სავსეა ბუნდოვანი, გაურკვეველი ფიგურებით, რომლებიც ცეკვავენ და დრამატულ ისტორიებს მოგვითხრობენ. თუმცა, ამ ფიგურებიდან თითოეულს აქვს სახელი, ისტორია და მნიშვნელობა. სულ გამოსახულია 86 ადამიანისა და ღვთაების ფიგურა (კარიატიდების და ტელამონების ჩათვლით), 43 მითიური არსება და 40 ცხოველი. ყველა ღვთაება თუ ადამიანი წარმოადგენს სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ. მათ შორის გვხვდება ოლიმპოს, პლუტონის, პერსეფონეს, ცერბერუსის, ჰადესის, ნეპტუნის, იუპიტერის, მერკურის, ადმეტოსის, პროტესილაოსის, ალკესტისის და, რაც მთავარია, ჰერკულესის გამოსახულებები.

სარკოფაგის წინა ნაწილზე ვხედავთ მეტ დინამიკას და მოძრაობას. ამ ეფექტს ამძაფრებს ეტლების ფიგურები. რაც შეეხება ტელამონებს, ისინი გვხვდება ქვედა მხარეს და თითქოს ქსოვილივითაა შემოხვეული სარკოფაგის გარშემო (კუთხების გამოკლებით, სადაც ხარის თავებია ამოტვიფრული). კომპოზიციის ცენტრში ზის ჰადესი, პერსეფონეს გვერდით. ცერბერუსიც ტახტზე მსხდომებთანაა მოკალათებული. ეს სცენა ჰგავს პროტესილაოსის ჯოჯოხეთში ჩასვლის მითს ლაოდამიაზე გლოვის დროს. მარჯვნივ ნაჩვენებია ჰერკულესის მიერ ალკესტისის გადარჩენა. ამ მითის გამოსახვა სარკოფაგებზე ხშირი იყო და ხდებოდა განსაკუთრებით მაშინ, როცა ცოლი ქმარზე ადრე გარდაიცვლებოდა. მარჯვნივ არის გამოქვაბული,რომელშიც უჩინარდება ამოუცნობი ქალი.

უკანა მხარეს აქვს ფრიზი "ჰერკულესის გმირობების"[2] თემატიკაზე. მარცხენა ბოლოში წარმოდგენილნი არიან ჰერკულესი და ერიმანთოსის ტახი, რომელსაც ის ებრძვის. მისი გვერდითა გამოსახულება ძლიერ ეროზიულია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ აქ გამოახული გმირიც ჰერკულესია, ხელში ლომის ტყავით. მომდევნო სცენა გვიჩვენებს ამაზონთა დედოფალ იპოლიტას, რომელიც ჰერკულესმა ძირს დაანარცხა ოქროს სარტყელის[3] წასართმევად. მწკრივი მთავრდება დიომედეს ცხენებით. ჰერკულესი დგას ორი ცხენით და ცდილობს, ისინი მოათვინიეროს და გააკონტროლოს. დანარჩენ უკანა ნაწილზე ნაჩვენებია სცენები ქვესკნელიდან-ორი ​​დაჩოქილი ქალი და სიზიფე ლოდით ხელში. ცენტრში დგას ქარონის ნავი. ქარონის მარჯვნივ არის ტანტალუსი,ის მუხლებამდე დგას წყალში და ხელები პირისკენ აქვს მიშვერილი, თითქოს დალევას ცდილობს. ბოლო ნაწილში გამოსახულია დაჩოქილი ტელამონის ფიგურები მსხვერპლშეწირვის პროცესიის თანხლებით. მამაკაცებს, რომლებსაც ტრადიციული სამოსი აცვიათ, მიჰყავთ ორი ხარი. კაცებიდან ერთს ცული უჭირავს.

სარკოფაგის მარცხენა გვერდზე უფრო მეტი ნამუშევარია შემონახული: ჰერკულესი და სამთავიანი მეომარი გერიონი, ცერბერუსი და ჰესპერიდების ვაშლები. ჰერკულესი, შემოსილი ლომის ტყავით, თავდაჯერებულად სწვდება ვაშლის ხეს, რომლის ტანზეც შემოხვეულია გველი. სარკოფაგის ამ მხარეს კიდევ ერთხელ გვხვდება დაჩოქილი ტელამონის ფიგურები პასტორალურ სცენაზე.

სახურავს აქვს დიდი ფრონტონები, მორთული მარმარილოს გველივით შემოხვეული ხილის გირლანდებით, რომელიც კუპიდონებს უჭირავთ. ბოტანიკური გირლანდის დამატება გავრცელებული იყო რომაულ  სარკოფაგებზე და მომდინარეობდა სამარხების გამწვანებისა და მცენარეული დეკორით გაფორმების ტრადიციიდან.

დაკრძალვისათვის სარკოფაგების გამოყენება რომაელებისთვის მიცვალებულთა პატივისცემის ახალი ფორმა იყო, დამკვიდრებული II საუკუნეში. თუმცა, ეს სიახლე მაღალი წრის წარმომადგენლებზე უფრო ვრცელდებოდა და უკავშირდებოდა იმ აზრს, რომ საფლავი არის სიკვდილის შემდგომი სახლი და ნამდვილი "მიცვალებულთა სასახლე". სარკოფაგის პომპეზურობა გვახვედრებს იმას,რომ მასში განსვენებული ადამიანი უმაღლესი წრის წარმომადგენელი და ძალიან დიდი გავლენის მქონე იყო[4].

სარკოფაგი იპოვეს ველეტრიში, რომის მახლობლად, იტალიაში. ის შეიქმნა ანტონინუსების დინასტიის დროს. დაკრძალვა კრემაციის ნაცვლად განსაკუთრებით პოპულარული გახდა ადრიანეს გარდაცვალების შემდეგ, ახ. წ. 138 წელს, რამაც მკვეთრი ცვლილება გამოიწვია ტრადიციებში. იგი ასოცირდებოდა სიკვდილის შემდეგ ცხოვრების გაგრძელების ახალ იდეებთან, რომლებსაც, თავის მხრივ, იწვევდა კულტებისა და რელიგიების გაჩენა. რაც შეეხება ვიზუალურ ელემენტებს, როგორც ორ ნაწილიანი სახურავი, ასევე მარმარილოს დამცავი ფენები მიცვალებულის ირგვლივ მეტყველებს იმაზე, რომ სარკოფაგი უფრო აზიური ან ბერძნული ტრადიციის უნდა იყოს, ვიდრე რომაული. ორივე ელემენტი აზიური სტილის საერთო მახასიათებელია. სხვები თვლიან, რომ იონური კაპიტოლებისა და პალმეტების ელემენტები აზიური არ არის და შესაბამისად უარყოფს აზიური გავლენის თეორიას.

წყაროები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Tuck, Steven L. (2014) A History of Roman Art. John Wiley & Sons. ISBN 978-1-118-88543-7. თარგი:Page needed
  2. Lawrence, Marion (1965). „The Velletri Sarcophagus“. American Journal of Archaeology. 69 (3): 207–222. doi:10.2307/502285. JSTOR 502285. S2CID 193124610.
  3. van de Velde, Carl (1965). „The Labours of Hercules, a Lost Series of Paintings by Frans Floris“. The Burlington Magazine. 107 (744): 114–123. JSTOR 874556.
  4. Platt, Verity (March 2012). „Framing the dead on roman sarcophagi“. Res: Anthropology and Aesthetics. 61-62: 213–227. doi:10.1086/resvn1ms23647830. S2CID 193618771.