ვეიმარანერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვეიმარანერი
წარმოშობის ქვეყანა გერმანია
თვისებები
წონა მამრი 32–37 კგ.
მდედრი 25–32 კგ.
სიმაღლე მამრი 63–68 სმ.
მდედრი 58–63 სმ.
ბეწვი მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ვეიმარანერი (გერმ. Weimaraner) — ძაღლის ჯიში. გამოყვანილია გერმანიაში, შუა საუკუნეებში.

ამ შესანიშნავი ძაღლის ზუსტი წარმოშობა უცნობია, სავარაუდოდ ის მიიღეს ვეიმარის დიდი ჰერცოგის კარლ ავგუსტის მონადირეებმა, ხოლო მის წინაპართა რიცხვს, შესაძლოა, მიეკუთვნება გერმანული მეძებრების დღეს უკვე გადაშენებული ჯიში. თანამედროვე სტანდარტი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა. უნიკალური, მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი ბალნის და მის ქვეშ ამობურცული ძლიერი მუსკულატურის მქონე ვეიმარანერი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც მუშა ძაღლი (მას შეუძლია ნადირის აღმოჩენა და პატრონთან მიტანა) და როგორც კომპანიონი (ბოლო დროს ის უფრო ხშირად მყუდრო სახლში შეიძლება შეგხვდეთ, ვიდრე ღია მინდორში). ვეიმარანერი — ცოცხალი, დამჯერი და უშიშარი ძაღლია, თუმცა ზოგჯერ მშიშარა წარმომადგენლებიც გვხვდება. ორივე, მოკლებალნიანი ვეიმარანერი და უფრო იშვიათი, გრძელბალნიანი სახეობის წარმომადგენლები — მუშა ძაღლები არიან და შესანიშნავ შეფასებას იმსახურებენ. როგორც წვრთნის, ასევე, ნადირობის თვალსაზრისით. ბუნებრივი თვისებების და დიდი ძალის გამო მათ წარმატებით იყენებენ, როგორც მოდარაჯეებს.

ვეიმარანერი ელეგანტური, სწრაფი, ძლიერი და ამტანი ძაღლია, მაგრამ მისი მთავარი თავისებურება გარეგნობაა. ქარვისფერი თვალები მოლურჯო-ცისფერი ელფერით და ბალნის შეფერილობა ვეიმარანერს მეფურ შეხედულებას აძლევს. სწორედ ამით აიხსნება ამ ჯიშის მთელ მსოფლიოში სულ უფრო მზარდი პოპულარობა. დამჯერი და გამგები, ვეიმარანერი თავს კარგად გრძნობს როგორც ქალაქის პარკებში, ასევე სოფლის ბუნებაში. ვეიმარანერს აქვს ღრმა მკერდი და ძლიერი მხრები, მოკლე, ხშირი, მბზინავი ბალანი, სწორი და ძლიერი წინა ფეხები. გრძელბალნიან სახეობაში ყველაზე გრძელი თმა ყურებზეა. ვეიმარანერი კარგად უძლებს სიცხეს, ვერ ეგუება სიცივეს. მის ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, ადვილად იწვრთნება, ადვილად ეგუება ქალაქის პირობებს. უჩვეულო ფერის თვალებს გამჭოლი, დამატყვევებელი გამოხედვა ახასიათებთ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: