შინაარსზე გადასვლა

ვახშამი ემაუსში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვახშამი ემაუსში
იტალ. La Dina di Emmaus
ავტორი კარავაჯო
წელი 1601
კატალოგი 43[1]
ტიპი რელიგიური ხელოვნება
სიმაღლე 196,2
სიგანე 141
მუზეუმი ეროვნული გალერეა (ლონდონი)

ვახშამი ემაუსში (იტალ. La Cena di Emmaus) - ბაროკოს ეპოქის იტალიელი მხატვრის, მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს, 1601 წელს შესრულებული ნახატი. ნამუშევარი კარდინალ ჯიროლამო მატეის ძმის, ჩირიაკო მატეის, დაკვეთით შეიქმნა. იგი 1839 წლიდან დღემდე ლონდონის ეროვნულ გალერეაში ინახება. ნახატზე გამოსახულია სახარებისეული სცენა, როდესაც მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე ქალაქ ემაუსში საკუთარ მოციქულებს ეცხადება. ნამუშევარზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება შუქ-ჩრდილებსა და მასში გამოყენებულ ბნელ ფერებს. მასზე უხვად შევხვდებით ქრისტიანულ სიმბოლოებს.

5 წლის შემდეგ, 1606 წელს, ავტორმა ნახატის ახალი ვერსია შექმნა, რომელიც ორიგინალისგან საკმაოდ განსხვავდება და დღეისათვის ბრერას პინაკოთეკაში (მილანი) ინახება.

ხელოვნების ნიმუში ასახავს მომენტს, როდესაც მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე ქალაქ ემაუსში უცნობის სახით ეცხადება თავის ორ მოწაფეს, ლუკასა და კლეოპას, მათთან ერთად გატეხავს პურს და დალოცავს მოწაფეებს. მარკოზის სახარების მიხედვით (16:12) იესო მათ "განსხვავებული ფორმით" გამოეცხადა, რაც შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ნახატზე ქრისტე წვერის გარეშეა გამოსახული. სხვა ვერსიით, მაცხოვრის უწვეროდ გამოსახვით კარავაჯომ ხაზი გაუსვა მის აღდგომას.

ნახატზე ქრისტეს მოწაფეები უბრალო ადამიანების სახით და ღარიბული ტანისსამოსით არიან გამოსახულნი. ერთ-ერთ მათგანს დახეული ტანსაცმელიც კი აცვია, ხოლო მეორე პილიგრიმისთვის დამახასიათებელი სამოსით გვევლინება. კლეოპას გაშლილი ხელები და ჟესტიკულაცია მიგვანიშნებს ნანახით მის მომენტალურ გაოცებაზე. ფეხზე წამომდგარი პერსონაჟის სახეზე კი შესაძლოა მოვლენისადმი გულგრილობა ამოვიკითხოთ.

მაგიდაზე მოთავსებული ხილის კალათის წინა პლანზე არსებული ნაქსოვი ძაფის ფორმა განასახიერებს თევზს, ხოლო კალათის ძირას არსებული ჩრდილი ჰგავს თევზის კუდს, რაც ქრისტიანულ სიმბოლოებს წარმოადგენს.

კარავაჯომ მოგვიანებით, 1606 წელს, ნახატის ახალი ვერსია შექმნა, რომელიც დღეს მილანში, ბრერას პინაკოთეკაში, ინახება. მილანის ვერსია ორიგინალისგან საკმაოდ განსხვავდება: მასზე შევხდებით 5 პერსონაჟს, რომლებიც განსხვავებული, უფრო თავშეკავებული, ჟესტიკულაციებით ხასიათდებიან და ბევრად მუქ, ჩაბნელებულ ფონს. ვერსიებს შორის განსხვავება შესალოა გამოწვეული იყოს კარავაჯოს ცხოვრების იმდროინდელი ქარტეხილებით (რანუჩიო ტომასონის სიკვდილის შემდეგ მას რომიდან კანონგარეშეს სტატუსით გაქცევა მოუწია).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]