ვახუშტი ბაგრატიონის უფსკრული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვახუშტი ბაგრატიონის უფსკრულიკარსტული წარმონაქმნი აფხაზეთში, ბერჭილის ქედზე (არაბიკის მასივის დასავლეთი განშტოება), ზღვის დონიდან 2125 მ-ზე. გამომუშავებულია ქვედაცარცის სქელშრეებრივ კირქვებში. გამოკვლეული ნაწილის სიღრმე 160 მ. სიგრძე 413 მ, სიღრმე 250 მ, ფართობი 560 მ², მოცულობა 4400 მ³.

უფსკრული ღრმა ჭებისა და დამრეცფსკერიანი დერეფნებისაგან შედგება. გამოიყოფა შემდეგი დარბაზები: „თოვლიანი“, „ყინულის ჭაღიანი“, „თაღოვანი“, „ქვათაცვენის“, „მარგალიტების“ და სხვ. სახელობისა. ქიმიური ნალექებიდან გვხვება: მინიატურული სტალაქტიტები, ოოლითებისა და პიზოლითების მდიდარი ბუდები, კალციტის ფენები; მექანიკურიდან – ადგილობრივი წარმოშობის კლასტური მასალა; კრიოლოგიურიდან – თოვლი, ფირნი, თოვლის მეტამორფიზმით წარმოშობილი მიწისქვეშა მყინვარი. თოლვ-ყინულის საერთო მასაა 1300 მ³. ჰავა სტატიურ-დინამიურია. ზაფხულში დღისით ჰაერის მასა შიგნიდან გარეთ მოძრაობს. ჰაერის ტემპერატურა და აბსოლუტური სინოტივე ზაფხულობით მცირდება სიღრმეში, სამაგიეროდ მატულობს შეფარდებითი სინოტივე. მღვიმე მშრალია, წყალდიდობა არ არის მოსალოდნელი, გვხვდება ინფილტრაციის კერები. შესაძლებელია მაცივრად გამოყენება. უფსკრულში ჩასასვლელად აუცილებელია სპელეოლოგიური საჭურველი.

მღვიმე აღმოჩენილი და გამოკვლეულია ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის მიერ 1961 (ხელმძღვანელი ლევან მარუაშვილი). სახელი ეწოდა ვახუშტი ბატონიშვილის პატივსაცემად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 231.
  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.
  • Карстовые пещеры Грузии, З. К. Тинтилозов, Мецниереба, Тбилиси, 1976.