ვახტანგ ღამბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვახტანგ ღამბაშიძე
დაბადების თარიღი 28 აპრილი, 1872
ზესტაფონი
გარდაცვალების თარიღი 10 ივლისი, 1951
შოტლანდია
საქმიანობა ექიმი

ვახტანგ ღამბაშიძე (დ. 28 აპრილი, 1872, ზესტაფონი — გ. 10 ივლისი, 1951) — ქართველი ექიმი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახტანგ ღამბაშიძის პირველი მასწავლებელი მამა იყო. მან შეასწავლა ქართული და რუსული ანბანი, საღრმთო სჯული და ანგარიში, შემდეგ წარმატებით დაამთავრა ქუთაისის პროგიმნაზია. სწავლის გარდა, ჟურნალ „მწყემსის“ დაარსებიდანვე მამას საგამომცემლო საქმეში ეხმარებოდა. იცოდა ასოების აწყობა და ბეჭდვა. განათლების შემდეგი საფეხური ქუთაისის გიმნაზია იყო, მაგრამ წარჩინებული სწავლის მიუხედავად გიმნაზიიდან დაითხოვეს. ამის მიზეზი მისი ეროვნულ, საყმაწვილო გაზეთ „განთიადის“ გამოცემაში მონაწილეობა გახდა. ვახტანგმა სწავლა თბილისის გიმნაზიაში დაასრულა და უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვს გაემგზავრა. იგი აქაც აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, გაწევრიანებული იყო ეგრედწოდებულ ინტერნაციონალურ წრეში. სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდების ეს ჯგუფი მიზნად ისახავდა ერთმანეთისთვის თავიანთი ქვეყნის ისტორია და ლიტერატურა „პოლიტიკურ ვითარებასთან შეფარდებით“ გაეცნოთ. ამ მისიისთვის მას ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ უღალატია.

ვახტანგის მამა, დეკანოზი დავით ღამბაშიძე იყო ჟურნალ „მწყემსის" გამომცემელ-რედაქტორი, რომელსაც იგი 27 წლის განმავლობაში უწყვეტად გამოსცემდა დაბა ყვირილაში. „დიდ დეკანოზს“, როგორც მას თანამედროვეები ეძახდნენ, სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, სურვილი ჰქონია ექიმის პროფესიას დაუფლებოდა, მაგრამ პირადად გაბრიელ ეპისკოპოსს უთხოვია – განათლებული მღვდლები მჭირდებაო და ისიც ამ გზას დასდგომია. სანამ საგამომცემლო საქმეს შეუდგებოდა ხშირად თანამშრომლობდა „დროებასა” და სხვა გამოცემებთან, აგრეთვე აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ვახტანგ ღამბაშიძემ 1896 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, შემდეგ კი, მამის რჩევით, ორი წლის განმავლობაში სწავლობდა პარიზში. აქვე დაქორწინდა წარმოშობით ამერიკელ ვანდა პოპეზე, რომელიც 19 წლის ასაკში ჩავიდა საფრანგეთში და ფრანგული ენის პროფესორი გახდა. თბილისის უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ იგი ივანე ჯავახიშვილმა ინგლისური ენის პროფესორად მიიწვია. ვანდა ღამბაშიძისა თბილისის უნივერსიტეტის ერთ–ერთი პირველი პედაგოგთაგანია.

1898 წელს ახალშეუღლებულები ზესტაფონში ჩავიდნენ. მათი ოჯახი მალე მრავალშვილიანი გახდა. შეეძინათ ოთხი შვილი: მედეა, სუნანა, გივი და ჟორჟეტა. ვახტანგმა საექიმო პრაქტიკას მიჰყო ხელი შორაპნის მაზრაში, პარალელურად ეძებდა ადგილს თავისი მომავალი სანატორიუმისთვის. 1904 წელს მან მამასთან ერთად ბორჯომის ხეობაში დააფუძნა სანატორიუმი „პატარა ცემი", სადაც 8–16 წლამდე ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობდა. მომავალი კურორტის მოდელი ლეისონში, შვეიცარიულ სანატორიუმთა ახლებური მოდელის მიხედვით იყო შედგენილი. ამ საქმეში მას მხარს უჭერდნენ: აკაკი წერეთელი, დეკანოზის უახლოესი მეგობარი და სულიერი შვილი, ვახტანგის უფროსი ქალიშვილის, მედეას ნათლია, ექიმი სამსონ თოფურია, გივი და ალ. დიასამიძეები და კიდევ რამდენიმე პირი. ამავე დროს ვახტანგ ღამბაშიძე პრესის ფურცლებიდან ცდილობდა ხალხში სამედიცინო განათლების გავრცელებას, მოსახლეობას განუმარტავდა ჯანმრთელობის რაობასა და ავადმყოფობის ნაირგვარობას.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხანაში ვახტანგ ღამბაშიძე ხელმძღვანელობდა თბილისის უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრას. მისი მეუღლეც აქვე ასწავლიდა. მოხდა ისე, რომ სტუდენტის №1 ბილეთი მათ ქალიშვილ მედეას ხვდა წილად. თუმცა უნივერსიტეტის დამთავრება არ დასცალდა. სამი წელი სწავლობდა, შემდეგ კი საქართველოში მე–11 არმია შემოვიდა და მთელი ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. ვახტანგი იმხანად კავკასიაში ყველა საკურორტო ზონას განაგებდა. მისთვის ნებართვა მიუციათ ბრიტანეთსა და საფრანგეთში სამედიცინო აღჭურვილობა შეეძინა. მრავალი ქართველის მსგავსად ღამბაშიძეებსაც ეგონათ, რომ სამშობლოს დროებით ტოვებდნენ.

1921 წლის ნოემბრიდან ვახტანგ ღამბაშიძე კონსტანტინოპოლში მეუღლესთან ერთად „წითელ ჯვარში“ მსახურობდა, ეხმარებოდა ქართველ ლტოლვილებს. 1924 წლიდან კი უკვე პარიზშია. საფრანგეთში ზოგიერთი ახლობლის ფინანსური დახმარებით კლინიკა გახსნა, მაგრამ ვალების გამო იძულებული გახდა დაეხურა. ამის მიუხედავად, იგი წლების მანძილზე მრავალ ქართველს მკურნალობდა უსასყიდლოდ. ბატონი ვახტანგი იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის პირადი ექიმი და მისი დაკრძალვის მთავარი ორგანიზატორი. გარდა საექიმო პრაქტიკისა, აქვეყნებდა სამეცნიერო–პოპულარული და საგანმანათლებლო ხასიათის სტატიებს ჯანმრთელობის თემაზე. მისი წერილები და მოგონებები ცნობილ ქართველ მოღვაწეებზე იბეჭდებოდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში: „ბედი ქართლისა“, „კავკასიონი“, „მერანი“.

ვახტანგ ღამბაშიძე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს რიგით მეორე თავმჯდომარე იყო. 19 წლის მანძილზე იგი სამჯერ ზედიზედ აირჩიეს ამ პოსტზე. მეორე მსოფლიო ომის დროს მისი ინიციატივით ქართველი სამხედრო ტყვეებისა და ემიგრაციის დასაცავად შეიქმნა ორგანიზაცია – „ქართული ეროვნული კომიტეტი საფრანგეთში", რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. იგი იყო ქართული კულტურისა და ენის მოამაგე. მის ბინაში იკრიბებოდნენ სხვადასხვა თაობის ქართველი ემიგრანტები და იმართებოდა საუბრები ქართული კულტურის, ლიტერატურის, ისტორიის შესახებ, იკითხებოდა მოხსენებები და მოგონებები. 1950 წლის 19 ნოემბერს ბატონი ვახტანგი აირჩიეს „ქართული ეროვნული პოლიტიკური ცენტრის“ საპატიო წევრად; იგი ხელმძღვანელობდა საფრანგეთში არსებულ „ქართველთა პლურალისტურ ასოციაციას“; მისი ინიციატივით ყოველი წლის 26 მაისს ქართველები დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იკრიბებოდნენ. მას დაუარსებია ქართული ბიბლიოთეკა, მონაწილეობდა კრებულ „მერანის“ გამოცემაში, ეხმარებოდა სიძეს, შოთა ნიკოლაძეს, სპორტული ასოციაცია – „შევარდენის“ და ქართული სასწავლებელის – „კერას“ შექმნაში, სადაც ემიგრანტთა ბავშვები კვირაში ორჯერ დადიოდნენ და სწავლობდნენ ქართულ წერა-კითხვას, ცეკვას, სიმღერასა და ისტორიას.

ვახტანგ ღამბაშიძე გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. მას ეს საქმე იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდა, რომ მის მიერ დაარსებულ სანატორიუმ „პატარა ცემში“, სანატორიუმის ბინადართა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ფოტოგრაფიის შესწავლა აქცია. ამისათვის სპეციალური ფოტოგრაფიული ოთახიც მოაწყო.

მისი ფოტოების უმრავლესობა მე-20 საუკუნის დასაწყისშია გადაღებული. აქ ნახავთ, როგორც საოჯახო, ასევე, ქვეყნის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენების ამსახველ ფოტოებს. გარდა სამხედრო აღლუმების, საზეიმო დემონსტრაციებისა და დამფუძნებელი კრების სხდომების ფოტოებისა, მას გადაღებული აქვს თურქეთში გამგზავრებული სამთავრობო დელეგაციები. იშვიათ ფოტოებზე ასახულია მატარებელი, რომლითაც თბილისიდან ბათუმამდე იმგზავრა ტრაპიზონის კონფერენციაზე მიმავალმა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციამ 1918 წელს, ტრაპიზონის წმინდა გიორგის ბერძნული ეკლესიის ეზოში, იმერეთის მეფის, სოლომონ მეორის საფლავთან შეკრებილი საზოგადოება (ეს ადგილი დღეს არ არსებობს), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თურქეთში წარგზავნილი დელეგაციის წევრები ნიკო ნიკოლაძე და ივანე ჯავახიშვილი, სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირები, 1920 წელს ბრიტანელების სამხედრო აღლუმი ბათუმში, გიორგი მაჩაბელი გემბანზე, ოსმალეთის იმპერიის უკანასკნელი სულთანი მეჰმედ VI ვაჰდეთინი და ენვერ ფაშა, საქართველო-სომხეთის ომში დაღუპულთა დაკრძალვა, 1920 წელს მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის თბილისში ჩამოსვლა და პოლიტიკური შინაარსის სხვა მნიშვნელოვანი ამბები.

საზოგადოებრივ მოვლენებს შორის, რომლებსაც ვახტანგ ღამბაშიძის სტერეოფოტოები გადმოგვცემენ, არის არჩილ ჯორჯაძისა და კოტე მესხის დაკრძალვა თბილისში, ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლის, ნინა პოლტორაცკაიას დაკრძალვა საფრანგეთში 1931 წელს, ასევე ტუბერკულოზთან ბრძოლის დღის აღნიშვნა (გვირილობის დღესასწაული) თბილისის ქუჩებში, სპორტული საზოგადოება „შევარდენის“ გამართული ღონისძიებები, მათი გამოსვლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვაკეში და ა.შ. იგი იღებს აივნიდან, ფანჯრიდან, დემონსტრანტებს შორის მდგარი, ერთი სიტყვით, როგორც უშუალო თანამონაწილე და არა შეკვეთის შემსრულებელი ფოტოგრაფი. მის ფოტოებს სწორედ ეს თვისება აერთიანებთ – მინიმალური დისტანცია და მაქსიმალური თანამონაწილეობა.

ფოტოგრაფიით გატაცებული იყო ვახტანგ ღამბაშიძის უმცროსი ქალიშვილი ჟორჟეტაც, რომელიც 1920–იანი წლების ბოლოს პარიზში ცოლად გაჰყვა ნიკო ნიკოლაძის ვაჟს გიორგი ნიკოლაძეს. ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდნენ. მაშინ მიმოწერა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო და ისინიც ხშირად აგზავნიდნენ წერილებსა და საქართველოში გადაღებულ ფოტოებს საფრანგეთში. გიორგის უდროო გარდაცვალების შემდეგ ჟორჟეტა პარიზში დაბრუნდა. ნიკოლაძე-ღამბაშიძეების მდიდარი ფოტოკოლექცია საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული.

ქართული ოჯახები შექმნეს მედეა და სუნანა ღამბაშიძეებმაც. ორივე ყოფილ იუნკერს გაჰყვა ცოლად. მედეა – შოთა ნიკოლაძეს და სუნანა – ნიკოლოზ თოხაძეს. სამწუხაროდ 1930 წელს პარიზში დაიღუპა ვახტანგის ერთადერთი ვაჟი– გივი. მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

1945 წელს ვახტანგის მეუღლეც აღესრულა. თავად ვახტანგ ღამბაშიძე გარდაიცვალა 1951 წლის 10 აგვისტოს, კინლოხში, შოტლანდიაში, სადაც სტუმრად იყო ჩასული თავის ქალიშვილ ჟორჟეტასთან. იგი ჟორჟეტასა და მისი მეუღლის ნილ სტუარტის მამულში დაკრძალეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ღამბაშიძე ვახტანგ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. თბ., 2012 გვ. 187-188.
  • ღამბაშიძე, ნინო. ვახტანგ ღამბაშიძე - ცხოვრება და მოღაწეობა / ნინო ღამბაშიძე // ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები / ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. თბ., 2010. გვ. 200-226.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]