ვახტანგ ჟორდანია (დირიჟორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვახტანგ ჟორდანია
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 9 დეკემბერი, 1942(1942-12-09)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 4 ოქტომბერი, 2005(2005-10-04)[1] (62 წლის)
გარდ. ადგილი ვირჯინია
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა დირიჟორი

ვახტანგ გივის ძე ჟორდანია (დ. 9 დეკემბერი, 1942, თბილისი — გ. 4 ოქტომბერი, 2005, ვირჯინია) — ქართველი დირიჟორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახტანგ ჟორდანია დაიბადა თბილისში, ისტორიკოს გივი ჟორდანიას და ბარბარე გლადკოვას ოჯახში. მუსიკის სწავლა დაიწყო ხუთი წლის ასაკში. წარმატებით დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლა, სადაც ფორტეპიანოზე დაკვრას ეუფლებოდა ევგენია ჩერნიავსკაიას კლასში. ვახტანგი ბავშვობიდანვე დირიჟორობაზე ოცნებობდა, მაგრამ თავდაპირველად, 1965 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი დაამთავრა. იმავე წელს ლენინგრადის კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტის მესამე კურსზე ჩაირიცხა, დირიჟორ ედუარდ გრიკუროვის კლასში. კონსერვატორია 1970 წელს დაამთავრა. სტუდენტობის წლებში დირიჟორობდა სპექტაკლებს ლენინგრადის საოპერო სტუდიაში.

1970-1973 წლებში იყო ლენინგრადის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, ევგენი მრავინსკის ასისტენტი; 1973-1974 წლებში ლენინგრადის რადიო-ტელევიზიის ორკესტრის მთავარი დირიჟორი; 1974-1977 წლებში სარატოვის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, სარატოვის კონსერვატორიის პედაგოგი, დოცენტი; 1977-1983 წლებში ხარკოვის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, ხარკოვის ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორი.

1983 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა აშშ-ში: 1985-1992 წლებში. ჩატანუგას (ტენესის შტატი) საოპერო და სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, 1989 წლიდან ტენესის უნივერსიტეტის მაგისტრი, 1991-1993 წლებში სპოკანის (ვაშინგტონის შტატი) ორკესტრის დირიჟორი; 1985-1992 წლებში ტენესის უნივერსიტეტში მიჰყავდა სადირიჟორო ხელოვნების მასტერკლასები.

შემდგომ წლებში აშშ-ის გარდა მოღვაწეობდა სამხრეთ კორეასა და სხვა ქვეყნებში: 1995 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსულ ფედერალურ სიმფონიურ ორკესტრს; 2001 წელს ხარკოვში დააარსა დირიჟორთა საერთაშორისო კონკურსი "ვახტანგ ჟორდანია - მესამე ათასწლეული"; 2002 წლიდან იყო სამხრეთ კორეის ტეგუს სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი.

ვახტანგ ჟორდანია გარდაიცვალა 2005 წლის 4 ოქტომბერს, ვირჯინიაში. ანდერძის თანახმად, მისი ფერფლი თბილისის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მიწას მიაბარეს მშობლების გვერდით.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახტანგ ჟორდანია დაქორწინებული იყო სამჯერ. პირველი მეუღლე - ნანა ასკურავა. წყვილს შეეძინა ვაჟი, გიორგი ჟორდანია, რომელიც ასევე დირიჟორია. განქორწინების შემდეგ, ვახტანგი მეორედ დაქორწინდა ნატალია ბონდარჩუკზე. მათ ეყოლათ ქალიშვილი, ნინო ჟორდანია. მესამე მეუღლე - კიმბერლი სტებინსი. წყვილს შეეძინა ორი შვილი, მარია და დიმიტრი.[2]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჰერბერტ ფონ კარაიანის სახელობის "ახალგაზრდა დირიჟორთა" საერთაშორისო კონკურსის I პრემიის ლაურეატი (1971)
  • უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • უკრაინის სახალხო არტისტი (1983)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სარუხანოვა ი., ქართველი ამერიკელი დირიჟორი : (ვახტანგ ჟორდანიას პორტრეტისათვის) // ამერიკული ლიტერატურა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები : ამერიკის შესწავლის საკითხისადმი მიძღვნილი III საერთაშორისო კონფერენციის მასალები. – ქუთაისი, 2006. – გვ. 334-340.
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 395.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]