ვახტანგ ლოლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვახტანგ ლოლაძე
საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 აპრილი, 1952 – 16 მარტი, 1953
წინამორბედიგრიგოლ კარანაძე
მემკვიდრევარლამ კაკუჩაია

დაბადებული18 დეკემბერი, 1909
სიღნაღი, სიღნაღის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი17 აპრილი, 1978
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირი
ეროვნებაქართველი

ვახტანგ ალექსანდრეს ძე ლოლაძე (დ. 18 დეკემბერი, 1909, სიღნაღი, სიღნაღის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 17 აპრილი, 1978, თბილისი, საქართელოს სსრ) — ქართველი პოლკოვნიკი, საქართველოს სსრ შსს მინისტრი (1952-1953).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახტანგ ლოლაძე დაიბადა 1909 წლის 18 დეკემბერს სიღნაღში, მოსამსახურის ოჯახში. მამის სიკვდილის შემდეგ, 1917 წელს შევიდა ტფილისის რეალურ სასწავლებელში, 1923 წელს გადავიდა შრომის სკოლაში — ცხრაწლედში, რომელიც 1926 წელს დაამთავრა. 1923 წლიდან, ჯერ კიდევ როცა სკოლაში სწავლობდა, მუშაობდა ლიმონათის ქარხანაში, სადაც ოსტატის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. 1928 წელს შევიდა ალკკ-ში. 1929 წლის დასაწყისში სასწავლებლად გაგზავნეს მოსკოვში. კურსების დამთავრების შემდეგ მუშაობდა მაუდ-კამვოლის ფაბრიკაში მუშად — ჯერ საუთოო-სამრეცხაო მანქანებზე, შემდეგ მზეთავად და ბოლოს ცვლის ქარგლად. 1930 წლის ოქტომბერში გახდა საკავშირო კპ (ბ) პარტიის წევრი. 1931 წელს სასწავლებლად გაგზავნეს ბაქოში, ამიერკავკასიის მებამბეობის ინსტიტუტში, საიდანაც გადავიდა თბილისის სატყეო-ტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც 1936 წელს დაამთავრა და ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობა მიიღო. ვახტანგ ლოლაძე ინსტიტუტში სწავლობდა და ამავე დროს მუშაობდა კიდეც. 1936 წლიდან 1937 წლის ნოემბრამდე მას საქკომუნის მმართველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.

1937 წლის 11 ნოემბერს ვახტანგ ლოლაძე დანიშნეს საქართველოს სსრ კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისრის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო 1938 წლის 11 აპრილიდან — სახალხო კომისრად. ამ თანამდებობაზე ის 1938 წლის 16 ნოემბრამდე მუშაობდა. 1938 წლის 18 ნოემბერს აირჩიეს საქართველოს კპ გორის რაიკომის პირველი მდივნის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად, 1939 წლის 19 თებერვალს კი ამავე რაიკომის პირველ მდივნად. 1941 წლის მარტიდან 1946 წლის 23 ივლისამდე იყო საქართველოს კპ (ბ) პარტიის თბილისის ორგანიზაციის სტალინის რაიკომის პირველი მდივანი, ხოლო 1946 წლის 23 ივლისიდან 1949 წლის 11 იანვრამდე — საქართველოს კომპარტიის (ბ) თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი კადრების დარგში.

ვახტანგ ლოლაძემ 1948 წელს წარმატებით დაამთავრა სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა.

1949 წლის 11 იანვრიდან 1951 წლის 1 მარტამდე ის მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პარტიული, პროფკავშირული და კომკავშირული ორგანოების განყოფილების გამგის პირველ მოადგილედ, 1951 წლის 1 მარტიდან 1952 წლის 5 აპრილამდე კი — საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ კადრების დარგში.

1952 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სპეციალური წოდება.

1952 წლის 5 აპრილიდან 1953 წლის 16 მარტამდე ვახტანგ ლოლაძე საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. 1953 წლის 19 ივნისიდან 1954 წლის 16 მარტამდე ლოლაძე მუშაობდა საქართველოს სსრ კომუნალური მეურნეობისა და საბინაო-სამოქალაქო მშენებლობის მინისტრის მოადგილედ, 1954 წლის 5 ოქტომბრიდან 1957 წლის 31 მაისამდე — საქართველოს სსრ საქალაქო და სასოფლო მშენებლობის მინისტრის მოადგილედ. 1957 წლის 31 მაისიდან 1959 წლის 17 იანვრამდე ვახტანგ ლოლაძე საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის საბჭოს კადრებისა და სასწავლო დაწესებულებების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 1959 წლის 24 აპრილს დაინიშნა თბილისის საქალაქო საბჭოს კეთილმოწყობის მუდმივმოქმედი კომისიის თავჯდომარედ. 1958 წლის 28 ნოემბრიდან 1972 წლამდე ვახტანგ ლოლაძე მუშაობდა საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის დირექტორად.

ვახტანგ ლოლაძე იყო საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს I-II მოწვევის დეპუტატი და საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის წევრი, მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, თბილისის XIX, XXIV, XXVIII, XXXII, XXXIV საქალაქო პარტკონფერენციების დელეგატი, საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის წევრი, საკავშირო კპ (ბ) XVIII ყრილობის, საქართველოს კპ (ბ) XIII, XIV ყრილობების დელეგატი.

ვახტანგ ლოლაძე გარდაიცვალა 1978 წლის 17 აპრილს თბილისში.

ჯილდოები და მედლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შრომის წითელი დროშის ორდენი;
  • სამამულო ომის ორდენი;
  • ორი მედლით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]