ვახტანგ ბატონიშვილი (XIX საუკუნე)
ვახტანგ ბატონიშვილი, ბაგრატიონ-დავიდოვი (გ. 1850) — იმერეთის მეფის დავით გიორგის ძის შვილიშვილი.
ვახტანგი დავით მეფის უკანონო შვილის როსტომის ძე იყო. იმერეთის ბაგრატიონთა ამ შტოს რუსეთის იმპერიაში ბაგრატიონ-დავიდოვებად მოიხსენიებდნენ (სხვაა დავითიშვილ-ბაგრატიონები — კახეთის სახლის განშტოება).
ვახტანგი აქტიურად მონაწილეობდა 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყებაში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ ახალციხის საფაშოში გაიქცა, შემდეგ ტრაპიზონში. ვახტანგის დედა, ცოლი დონა ლორთქიფანიძე და ერთადერთი ქალიშვილი ანასტასია იმერეთში დარჩნენ რუსეთის ხელისუფლების ზედამხედველობის ქვეშ. შემორჩენილია სულთნის დაახლ. 1821 წლის ფირმანი, რომელშიც ვახტანგი ხანადაა მოხსენიებული. ეს შესაძლოა ოსმალეთის ხელისუფლების მიერ ვახტანგის იმერეთის დე-იურე მმართველად ცნობაზე მიუთითებდეს. 1831-1833 წლებში ვახტანგი თავის უმცროს ძმასთან — ტარიელთან ერთად პარიზში იმყოფებოდა, ურთიერთობა ჰქონდა ისტორიკოს მარი ბროსესთან. გარდაიცვალა 1850 წლის დეკემბერში ქალაქ ფულათანში (ახლანდ. აქჩაბაათი, ტრაპიზონის პროვინცია).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962.
- ხომერიკი ნ., იმერეთის დე იურე მეფე ვახტანგ ბაგრატიონი, თბ., 2012.
- სოსელია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 227.
- Махарадзе Н . Б., Восстание в Имеретии 1819–1820, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1942, ნაკვ. 3.