ვახტანგ ბარდაველიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვახტანგ ბარდაველიძე
დაიბადა 7 ოქტომბერი, 1971
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაიცვალა 26 ივლისი, 2018
გარდაცვალების ადგილი თბილისი
ეროვნება ქართველი
სფერო მხატვრობა

ვახტანგ (ვახო) ბარდაველიძე (დ. 7 ოქტომბერი, 1971, თბილისი – გ. 26 ივლისი, 2018, თბილისი) — ქართველი მხატვარი, არქიტექტორ-რესტავრატორი, არტ-თერაპევტი, სცენოგრაფი.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 – 1992 წლებში ვახო ბარდაველიძე სწავლობდა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტორ-რესტავრატორის სპეციალობით. 1990 – 1992 წლებში მონაწილეობდა სხვადასხვა სახელოვნებო ექსპედიციაში საქართველოში, წინაქრისტიანული პერიოდის ძეგლების, ფრესკებისა და ხატების რესტავრაციაში. მოგვიანებით, 1993 წელს გაემგზავრა გერმანიაში, სადაც ბლაუბოირენის ხელოვნების და არტ-თერაპიის უმაღლესი სასწავლებელში, არტ-თერაპევტის (ხელოვნების თერაპია) სპეციალობას დაეუფლა.

1995 წლიდან დაიწყო სამხატვრო მოღვაწეობა ბლაუბოირენის, შელკლინგენისა და ლაიხინგენის ღია უნივერსიტეტებში. ასევე, იყო ჯგუფური გამოფენების მონაწილე ბლაუბოირენსა და ბად ბოლში. ამავე პერიოდში იყო ილუსტრატორი სხვადასხვა გამომცემლობაშიც. 1999 წლიდან მუშაობდა როგორც მიუნხენში, ისე თბილისშიც. მიუნხენში იყო კულტურის პედაგოგიკისა და არტ-თერაპიის თავისუფალი აკადემიის დოცენტი, მიუნხენის მოსწავლე-ახალგაზრდობის აკადემიის დოცენტი, არტ-თერაპევტი ინკლუზიური განათლების დარგში. პარალელურად, აორგანიზებდა სხვადასხვა ღონისძიებას ხელოვნების სფეროში ბავშვების, მოზარდებისა და სტუდენტებისთვის თბილისსა და მიუნხენში. მონაწილეობა მიიღო მასწავლებელთა გადამზადებაში ხელოვნების პედაგოგიკის მიმართულებით.

2001 წელს სათავეში ედგა საქველმოქმედო აქციას მიუსაფარი და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის თბილისში. პარალელურად, იყო რაინაუს (შვეიცარია) საზაფხულო აკადემიის დოცენტი სამხატვრო ხელოვნებაში.

ერთი წლის შემდეგ კი, UNESCO-ს ხელშეწყობით მცხეთაში მსგავსი საზაფხულო აკადემია დააარსა.

2005 წელს ვახო ბარდაველიძის ორგანიზებით ჩატარდა საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის, რომელიც ბავარიის ცენტრალური ტელევიზიითაც გადაიცემოდა. აქცია მირიამ ზაქსის ფონდისა და Sternstunden e.V.-ის ხელშეწყობით ჩატარდა. ამავე წელს, ვახო ბარდაველიძემ მონაწილეობა მიიღო „Open Air Munich“-სა და „Lange Nacht der Museen“-ში.

2012 ვახო ბარდაველიძემ ითანამშრომლა მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრთან და იყო ჰანს ქრისტიან ანდერსენის „თოვლის დედოფლის“ მხატვარი სცენოგრაფი.

ვახო ბარდაველიძის ნახატები გამოფენილი იყო ისეთ გალერეებში, როგორიცაა შტადსპარკასე (მიუნხენი), თბილისის ცისფერი გალერეა, მიუნხენის გალერეა Ruf, Galerie der Dinge, გალერეა „ჯაფარიძე“, Oceanet-Georgia, Kunstgiesserei, კაფე „Ludwig“-ის გალერეა. გარდა ამისა, 2004-2017 წლებში მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და მისი ნამუშევარი ბევრმა კერძო კოლექციონერმა შეიძინა. მაგალითად, მირიამ და გუნტერ ზაქსის კერძო კოლექციაში მისმა ნამუშევრებმა საპატიო ადგილი დაიმკვიდრეს ივ ქლაინის, ენდი უორჰოლის, როი ლიხტენშტაინის გვერდით.

ვახო ბარდაველიძის შემოქმედება სოციალური ასპექტებით არის გაჯერებული. ეს ასპექტები ვლინდება მისი მოღვაწეობის ყველა სფეროში — მხატვრობაში, ხელოვნების თერაპიაში, პედაგოგიკასა თუ ბოლო წლებში მის მიერ საქართველოში შექმნილ საწარმოებში.

მის შემოქმედებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პალიმფსესტის თემაა, იგივე უძველესი ანტიკური ხელნაწერი, რომელიც გადარეცხვის შემდეგ კვლავ გადაიწერებოდა.

ვახტანგ ბარდაველიძე არ ხატავდა ჩვეულებრივ გადაჭიმულ ტილოზე, არამედ სამედიცინო დოლბანდზე. სამედიცინო დოლბანდს მის ნახატებში როგორც ტექნიკური, ისე სიმბოლური დატვირთვაც აქვს. ამ ტექნიკის გამო ვახოს ნახატების ფოტო ან ვიდეო გადაღება, რომელიც თავისთავად ორგანზომილებიანია, ბოლომდე ვერ გადმოსცემს ნახატის არსს, რის გამოც მან უარი თქვა კატალოგებსა და ვებგვერდებზე.[3] სამედიცინო დოლბანდი გადაჭიმული ტილოდ, რამდენიმე შრეებად ერთმანეთზე დადებული, ვახო ბარდაველიძემ 2002 წელს დააპატენტა და მის ახალ სიტყვად ითვლება მხატვრობაში. 2016 წლამდე გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში მისი მრავალი გამოფენა გაიმართა, რომლებსაც გამოხმაურება მოჰყვა გერმანულ და ამერიკულ სამხატვრო წრეებში. ვახოს ნახატები მრავალი კერძო კოლექციის საკუთრებად იქცა. ბარდაველიძის ტილოები მსოფლიოს მრავალ კუთხეში ინახება, მათ შორის მალიორკა, მონაკო, სენ-ტროპე, ციურიხი, გშტაადი, მიუნხენი, პალმ-სპრინგსი და თბილისი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გამოფენა — სივრცედ ქმნილი ფერი · ვახტანგ ბარდაველიძის 50-ზე მეტი ნამუშევარი ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში პირველად გამოიფინება. მისი ნახატებითა და სკულპტურებით ძირითადად ამერიკელი და დასავლეთ ევროპელი კოლექციონერები იყვნენ დაინტერესებულები და ბევრი მათგანის კოლექცია ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრებსაც მოიცავს. საქართველოში კი ამ დრომდე მხოლოდ ვიწრო წრეში იყო ცნობილი. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 6 ოქტომბერი, 2019. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 6 ოქტომბერი, 2019.
  2. Ilona Tsatsua (4 ოქტომბერი, 2019). ვახტანგ ბარდაველიძის 50-ზე მეტი ნამუშევარი საქართველოში პირველად გამოიფინება · 11 ოქტომბერს, 18:00-ზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების გამოფენის „სივრცედ ქმნილი ფერი“ გახსნას უმასპინძლებს. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 6 ოქტომბერი, 2019. წყარო: Allart.ge. წაკითხვის თარიღი: 6 ოქტომბერი, 2019.
  3. „სივრცედ ქმნილი ფერი“ – ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება · ვახტანგ ბარდაველიძე, ალბათ, ერთადერთი მხატვარია, რომლის კატალოგი და ვებგვერდი არ არსებობს. ხატვის სპეციფიკური ტექნიკის გამო, ფოტო და ვიდეოკამერა ვერ გადმოსცემს მისი ნახატების სრულ არსს. ამიტომ, ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, რომ ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების აღსაქმელად, აუცილებელია გალერეაში მისვლა და ახლოდან ნახვა. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 6 ოქტომბერი, 2019. წყარო: kvira.ge — საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი. წაკითხვის თარიღი: 6 ოქტომბერი, 2019.