ვაჩნაძიანის ფალახოსროიანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაჩნაძიანის ფალახოსროიანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის ჩრდილო-დასავლეთით 1 კილომეტრზე, მღვრიეხევის მარჯვენა ნაპირზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესიის აგების შესახებ არსებობს თქმულება, რომლის მიხედვითაც ვაჩნაძიანელების ფალავანს, სახელად ხოსროს, სასტიკად დაუმარცხებია შემოსეული ლეკების ფალავანი და ამით სოფელი აწიოკებისაგან უხსნია. მადლიერ სოფელს თავისი ფალავნის ხოსროს პატივსაცემად ჭიდაობის ადგილისათვის, ფალახოსროიანი შეურქმევია და ეკლესია აუშენებია. ეკლესია დარბაზულია ნაგებია რიყის მსხვილი და საშუალო ზომის ქვითა და კირის დუღაბით ალაგ-ალაგ ფასადებზე და გარეთა კუთხეებში ლოდებია გამოყენებული. წყობა ირეგულარულია, ტლანქი. ძალიან დაზიანებული: მთლიანად ჩამონგრეულია კამარა, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები, კედლების შემორჩენილი ნაწილები დარბაზულია. ეკლესია უაფსიდოა, დასავლეთიდან აქვს ერთადერთი შესასვლელი კარის გადახურვა და წირთხლების დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. კარის თავზე პატარა სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი მსგავსი სარკმელია აღმოსავლეთ კედელშიც საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე. მცირე ზომის თითო სწორკუთხა ნიშაა. საკურთხეველს ორივე კუთხე მომრგვალებული აქვს, საკურთხეველი გადახურული ყოფილა კონქით, რომლის ქუსლის წყობის მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი. გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში წყვილი პილასტრია, რომლებითაც საკურთხეველი დარბაზისგან იყო გამიჯნული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]