ვაჩნაძიანის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაჩნაძიანის მუზეუმი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, საჯარო სკოლის ეზოში. გაიხსნა 1966 წელს, ჯანდიერებისეულ სასახლეში. ამავე წელს მიენიჭა მუზეუმის დამაარსებლის, სოფლის ღვაწლმოსილი პედაგოგის — გიორგი მაისურაძის სახელი.

შენობა ააგო თავად ლევან გიორგიძის ძე ჯანდიერმა 1888 წელს. სახლი ეზოს მხრიდან ერთსართულიანია. მთავარი ფასადის მხარეს ორსართულიანია. ნაგებია რიყის ქვისა და აგურის რიგების მონაცვლეობით. შენობის შესასვლელი სამხრეთიდანაა. I სართულზე ორი ოთახია, ერთ-ერთი უსარკმლოა და გამოყენებულია დამხმარე სათავსოდ. კარი აღმოსავლეთიდან აქვს, მეორე ოთახში შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სარკმელია გაჭრილი, სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში კი ბუხარია. შენობის II სართულზე მთავარი ფასადის შუა ხის რიკულებიანი აივანია, რომელიც აგურის 5 სწორკუთხა ბურჯზეა დაყრდნობილი. აივნის გადახურვა ხის კოჭებზეა გამართული და 5 სწორკუთხა ხის სვეტს ეყრდნობა. აივნის წინ აგურის მოაჯირიანი ორმარშიანი კიბეა, რომელიც II სართულის განაპირა ოთახების შუა აივანზე გამოდის და დიდი კარ-სარკმლები აქვს. სარკმლების წინ თითო სწორკუთხა შეღრმავებაა, რომლებიც ყვითლადაა შეფერადებული. კედლები დასრულებულია აგურის მაღალი პარაპეტით. შენობა გადახურულია თუნუქის პირამიდული სახურავით. მუზეუმში 5000-ზე მეტი ექსპონატია დაცული. II სართულზე 5 საგამოფენო დარბაზი, 4 ოთახი და ერთი პატარა ტალანია. ყველაზე დიდი დარბაზი დათმობილი აქვს სოფლის ტერიტორიაზე მოპოვებულ არქეოლოგიურ ექსპონატებს. II დარბაზში გამოფენილია ნუმიზმატიკური და გლიპტიკური მასალა. III დარბაზში სოფლის ამსახველი ფოტოსურათებია, მათ შორის ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ვაჩნაძიანში სტუმრობის დროს გადაღებული ფოტოსურათები. IV დარბაზში დაცულია სასულიერო ლიტერატურა და სხვა ექსპონატები. მათ შორისაა მეფე ერეკლე II-ის, ანტონ კათალიკოსის და მდივან-მწიგნობრის, დიმიტრი თუმანიშვილის მიერ ხელმოწერილი სიგელი, რომლის მიხედვითაც მეფე ერეკლე II-ს გაქრისტიანებული ლეკისთვის უფლება მიუცია, ცოლად შეერთო სოფელ კალაურის მკვიდრი ბეითელმანი — ნაჰირელის ქალიშვილი. დარბაზში წარმოდგენილია სამეთუნეო ნაწარმიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]