ვაჩნაძიანის ამიდასტურის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ვაჩნაძიანის ამიდასტურის წმინდა გიორგის ეკლესია— მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, მდინარე აკურისხევის მარჯვენა ნაპირზე, გურჯაან–თელავის გზის პირას.

კომპლექსში შედის ამიდასტურის წმინდა გიორგის სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკა, სვეტიცხოვლის სახელობის გუმბათიანი ეკლესია და სამაროვანი. ეკლესიები VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. სამაროვანი ორიარუსიანია. ქვედა იარუსის სამარხები IX-X საუკუნეებიდან XIII საუკუნის I ნახევრამდე პერიოდისაა, ზედა იარუსზე განლაგებული კი – XIII საუკუნის II ნახევრიდან ვიდრე XIX საუკუნემდე.

ამიდასტურის წმინდა გიორგის ეკლესია მოზრდილი, მოხდენილი პროპორციების ნაგებობაა – (გარეთა ზომები: სიგრძე – 20,6 , სიგანე – 13,8მ). ნაშენია შერჩეული რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. შენობის გეგმის სწორკუთხედში ჩაწერილია სამი დამოუკიდებელი სადგომი. შუა, რომელიც მთავარ ეკლესიას მოიცავს (შემორჩენილი იყო კამარის ქუსლის დონემდე). აღმოსავლეთით დასრულებულია ოდნავ ნალისებრი აფსიდით, მის წინ მოკლე ბემაა. აფსიდისა და ბემის კუთხეების ზედა ნაწილები გამოყვანილია შირიმის ნათალი ქვებით. ქვედა ნაწილები კი – კვადრატული აგურით, რაც მოგვიანებით ჩატარებული შეკეთების შედეგია. აფსიდის სამხრეთ კუთხეს შემორჩა შირიმის იმპოსტი, რომლის პროფილს შეადგენს თარო და დახრილი სიბრტყე. ანალოგიური პროფილი აქვთ ნავის სამხრეთ კედელზე შემორჩენილ კონსოლებსაც, რომლებზეც დაყრდნობილი იყო კამარის საბჯენი თაღები. ერთი კონსოლი კედლის შუა ნაწილშია, მეორე– დასავლეთ კედელთან.

ეკლესიის მთავარ სივრცეს სამი შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან (გადაკეთებულია), დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან (მოგვიანებით ამოუშენებიათ). სამხრეთ და ჩრდილოეთ შესასვლელები შიგნიდან ნალისებრი თაღით, ხოლო გარედან თარაზულადაა გადახურული. დასავლეთ შესასვლელი კი, ორივე მხრიდან სწორკუთხაა. საკურთხევლის სარკმლის გარდა , კიდევ ორი სარკმელია გაჭრილი სამხრეთ კედელში საკურთხევლის სარკმელი შიგნიდან თაღითაა გადახურული, სამხრეთ სარკმლებს კი, გადახურვა აღარ შემორჩა. მაგრამ რაკი ღიობები კამარის ქუსლის დონეს აღწევენ, ეჭვგარეშეა, რომ ისინი შიგნიდან თარაზულად იქნებოდა გადახურული.

გვერდითი ნავების აღმოსავლეთ ბოლოში, გეგმით სწორკუთხა და კოლოფა კამარით გადახურული თითო სათავსია – სამკვეთლო და სადიაკვნე, რომლებიც მთავარ ეკლესიას ამ უკანასკნელის გრძივი კედლების აღმოსავლეთ კიდეში მოწყობილი ვიწრო და დაბალი სწორკუთხა ღიობით უკავშირდება. სამკვეთლოს სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ბოლოში დიდი ნიშაა. მსგავსი ნიშაა– სიმეტრიულად, სადიაკვნის ჩრდილოეთ კედელშიც. მისგან ოდნავ დასავლეთით პატარა ნიშაა. დიდი ნიშის თავზე ოთხკუთხა ღიობია, საიდანაც იწყება აფსიდის თავზე არსებულ სივრცეში ასასვლელი ხვრელი. სამკვეთლოსა და სადიაკვნის იატაკი მთავარი ეკლესიის იატაკზე ოდნავ უფრო დაბლაა. მოგვიანებით ჩატარებული რემონტის დროს, სამკვეთლოში ჩასასვლელად სამი საფეხური მოუწყვიათ, აღმოსავლეთ კედელზე კი, რიყის ქვითა და დუღაბით ნაგები ნახევარწრიული ტრაპეზი მიუდგამთ.

ორივე სათავსი განათებულია აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი განიერი, მაღალი სარკმლით. სარკმლები შიგნიდან რიყის მოზრდილი ქვით თარაზულადაა გადახურული. გარედან კი, ისევე როგორც საკურთხევლის სარკმელს, გადახურვა და გვერდები ჩამოშლილი აქვთ. მხოლოდ სამკვეთლოს სარკმელს ჰქონდა შემორჩენილი შირიმის ზღუდარის ნაწილი – თაღის კვალით და შირიმისავე საპირე ქვების ნაშთები. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს დასავლეთიდან ეკვრის გვერდითი ეკლესიები. ორივე მათგანი აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი ფორმის უსარკმლო აფსიდით, ჩრდილოეთ ეკლესიას ჩრდილოეთიდან ჰქონია დამოუკიდებელი ორმალიანი თაღოვანი შესასვლელი – თაღებს შორის მრგვალისვეტით (შემორჩენილი იყო თაღედის განაპირა გვერდების ნაწილები და მათი საყრდენი სვეტის ძირი). მოგვიანებით , დანგრეული შესასვლელის ადგილას ამოუყვანიათ რიყის ქვისგან ტლანქად ნაშენი კედელი, ხოლო ნავის კამარის დასაყრდნობად, მთავარი ნავის დასავლეთ კედლის ხაზზე – საბჯენი თაღი.ამავე შეკეთების დროს სამხრეთ ეკლესიის შემორჩენილი ნაწილი დასიდან მოუზღუდავთ კედლით, რომელშიც დაუტანებიათ პატარა სწორკუთხა შესასვლელი. სამხრეთ ეკლესიის სამხრეთ კედელში მოწყობილი იყო ორ მრგვალ სვეტზე დაყრდნობილი სამმალიანი თაღოვანი შესასვლელი ( შემორჩენილი იყო ორივე სვეტის ნაშთი და კედლის დასავლეთ ნაწილს 0,8მ სიმაღლეზე).

ეკლესიის დასავლეთ გარშემოსასვლელი თითქმის მთლიანად იყო დანგრეული. მისგან შემორჩენილი იყო სამხრეთ–დასავლეთ კუთხე და დასავლეთ კედელი – დაახლოებით 0,8–1 მ სიმაღლეზე. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელი დგას ლოდებით ნაწყობ ერთსაფეხურიან ცოკოლზე.

2007–2010 წლებში საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით წმინდა გიორგის ეკლესიას ჩაუტარა სარესტავრაციო სამუშაოები. აღდგენილ იქნა მთავარი ეკლესიის კედლების ზედა ნაწილები, კამარა და კონქი, თითქმის ხელახლა აშენდა გვერდითი ეკლესიები და დასავლეთ გარშემოსასვლელი, მთავარ ეკლესიაში დაიგო ნატეხი ქვის იატაკი, გვერდით ეკლესიებში და დასავლეთ გარშემოსასვლელში კი– აგურის. შენობა გადაიხურა ღარისებრი კრამატით. 2007 წელს ეკლესიის რესტავრაციის დროს ფასადებთან აღმოჩნდა რამდენიმე სამარხი. შუა ნავის ინტერიერში, კამარის ნანგრევების ქვეშ, იატაკის დონეზე ფიქსირებულია გვიანდელი შუა საუკუნეების ხანის მოუჭიქავი კერამიკის (ჯამები, დოქები) ფრაგმენტები. 2009 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს გაიწმინდა სვეტიცხოვლის ეკლესია და შესწავლილ იქნა სამაროვანი. სვეტიცხოვლის ეკლესია , დგას წმინდა გიორგის ეკლესიის სამხრეთ–აღმოსავლეთ კუთხიდან სამხრეთით 12.5მ–ზე. გ.ჩუბინაშვილის მიხედვით XX საუკუნის 20–იანი წლების დასაწყისში ეკლესიისგან შემორჩენილი იყო:გარეთა კედლების ნაწილები და ჩრდილოეთ მკლავის თაღი, საკურთხევლის აფსიდი, კონქის ქუსლის დონემდე, დასავლეთ მკლავის დიდი ნაწილი და გუმბათის ყელის გარეთა კედლის ორი ქვა– ჩრდილოეთ მკლავის თაღის თავზე.

1924 წელს ანტირელიგიური მოძრაობის დროს ეკლესიის შემორჩენილი ნაწილები მიწასთან გაუსწორებიათ. ეკლესია გეგმით ტოლმკლავა ჯვრის ფორმისაა – საკურთხევლის აფსიდით და სამი უაფსიდო მკლავით, რომელიც ჩაწერილია ტოლგვერდებიან რვაკუთხედში (გარე ზომები: აღმოსავლეთ–დასავლეთ ღერძზე–5,8მ, სამხრეთ–ჩრდილოეთ ღერძზე–5,2მ).კედლები შემორჩენილია იატაკიდან 1,5–1,7 მ სიმაღლეზე. ეკლესია ნაგებია ჰორიზონტალურ რიგებად დაწყობილი, საგულდაგულოდ შერჩეული რიყის ქვითა და დუღაბით. კუთხეებში შირიმის თლილი კვადრებია გამოყენებული. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. გარედან შესასვლელზე მიშენებული ყოფილა კარიბჭე. საკურთხევლის აფსიდი გეგმით ნახევარწრიულია. აფსიდის კედელზე მიდგმულია რიყის ქვით ნაგები ტრაპეზი (გვიანდელია). საკურთხევლის წინ, ეკლესიის შუა ნაწილში, აბაზანის ფსკერის მსგავსი ჩაღრმავებაა სამხრეთ მკლავის სამხრეთ–აღმოსავლეთ კუთხეში ქვითკირის მართკუთხა ბაქანია. ეკლესიის ქვეშ მოწყობილია აკლდამა, რომლის გეგმა ეკლესიის გეგმის მოხაზულობას იმეორებს, ოღონდ მისი აღმოსავლეთ მკლავი უაფსიდოა და სწორი კედლითაა დასრულებული. აკლდამა არსებითად ტაძრის სუბსტრუქციას წარმოადგენს. იგი ნაგებია რიყის ქვითა და დუღაბით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. შესასვლელზე მიდგმულია ორი გრძივი და ერთი განივი ფილაქვით შედგენილი დრომოსი.

მოგვიანებით აკლდამაში, ზღურბლიდან აღმოსავლეთ კედლამდე, ქვითკირის კედელი (სიგანე–0,6მ, სიმაღლე–0,8მ) ჩაუშენებიათ, რომელიც მის შიდა სივრცეს ორ ნაწილად ყოფს, ორივე ნაწილი ამოვსებული იყო მიწითა და ადამიანის ძვლებით. ძვლები მხოლოდ მამაკაცებისაა. ტიხარზე, ზღურბლიდან 0,7მ–ზე, ზრდასრული მამაკაცის ჩონჩხი აღმოჩნდა–დაკრძალულია ქრისტიანულ პოზაში. ტიხრის აღმოსავლეთ ბოლოში აღმოჩნდა კიდევ ერთი მიცვალებულის მხოლოდ ქვედა კიდურები.

შიგნითა მკლავები გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომლებიც თავს აკლდამის შუაში იყრიან და ამ ნაწილს გადამხურავ ჯვაროვან კამარას ქმნიან. კამარები და კედლები შელესილია კირხსნარით. სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებში , დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებზე მცირე ზომის თითო ნიშაა, ხოლო ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთ მკლავების ღერძებზე– პატარა სწორკუთხა ღიობები. აკლდამის იატაკის ქვეშ აღმოჩენილ სამარხთაგან შესწავლილი იქნა ფილაქვებით გადახურული ერთი ორმოსამარხი. მასში დადასტურდა ერთი ზრდასრული ადამიანის ჩონჩხი, დაკრძალული ქრისტიანულ პოზაში უინვენტაროდ. აკლდამაში მოპოვებულია რკინისა და ვერცხლის ბეჭდები, მინისა და რკინის სამაჯურები, ღილები, საყურეები, სარდიონის, ქალცედონისა და გიშრის მძივები, სადაფის ჯვარი, მონეტა. მოპოვებულია არქეოლოგიული მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]