ტარას ვაშაკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვაშაკიძე, ტარასი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაშაკიძე.

ტარას დავითის ძე ვაშაკიძე (დ. 8 ივნისი, 1876, სოფ. გუბი, — გ. 26 თებერვალი, 1937, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1918), გიორგის ჯვრის კავალერი.

დაიბადა სოფ. გუბში (ქუთაისის გუბერნია). დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი (1895) და ჩაირიცხა დერბენდის 154-ე ქვეით პოლკში, იყო სადაზვერვო ასეულის მეთაური. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში; განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სარიყამიშის ბრძოლაში (1914–1915), სადაც კაპიტანმა ვაშაკიძემ (მეტსახელად „შაითან-კაპიტანს“ უწოდებდნენ) დაატყვევა ოსმალეთის არმიის კორპუსის სარდალი იშაქ-ფაშა და მისი მთელი შტაბი. 1915 წელს ვაშაკიძეს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება და წმ. გიორგის, წმ. სტანისლავისა და წმ. ანას ორდენები. 1918 წელს ჩადგა დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო სამსახურში და მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. სოჭის კონფლიქტის დროს იყო გაგრის ფრონტის სარდალი, ტუაფსეს გენერალ-გუბერნატორი. საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ (1921) ვაშაკიძე გადადგა სამხედრო სამსახურიდან, თუმცა ქვეყანა არ დაუტოვებია და მუშაობდა ფინანსთა სახალხო კომისარიატში (1922–1937). 1923 წ. დაკავებული იყო ე.წ. სამხედრო ცენტრის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

კონსტანტინე გამსახურდიას რომანის „მთვარის მოტაცების“ ერთ-ერთი პერსონაჟის „შეითან კაპიტანის“ პროტოტიპად ტარას ვაშაკიძეს მიიჩნევენ.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სოლომონ ლეკიშვილი, სარიყამიშის გმირი ტარასი ვაშაკიძე „შაითან კაპიტნად“ წოდებული, ექო, 1970, № 4, გვ. 17–19