შინაარსზე გადასვლა

ვატიკანი-საქართველოს ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვატიკანი-საქართველოს ურთიერთობები
Map indicating locations of ვატიკანი and საქართველო

ვატიკანი

საქართველო

ვატიკანი-საქართველოს ურთიერთობები — ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობა ვატიკანსა და საქართველოს შორის. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 5 მაისს. საქართველოს საელჩო წმინდა საყდარში მდებარეობს რომში. საქართველოს სამოციქულო ნუნციატურა მდებარეობს თბილისში.

საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის. ქართველი მეფეები და თავადები ხშირად უცვლიდნენ წერილებსა და ელჩებს წმინდა საყდართან. XVII-XVIII საუკუნეებში საქართველოში რომის კათოლიკური ეკლესიის მისიონერული მოღვაწეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა და დიპლომატიური ურთიერთობა ვატიკანთან 1992 წლის 5 მაისს დაამყარა. სამოციქულო ნუნციატურა საქართველოს დედაქალაქ თბილისში ასევე წარმოადგენს წმინდა საყდარს სამხრეთ კავკასიის მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში. საქველმოქმედო ფონდ „კარიტასის“ მეშვეობით ვატიკანი ჰუმანიტარულ საქმიანობას საქართველოში ახორციელებს[1].

1999 წლის ნოემბერში თბილისს ეწვია რომის პაპი იოანე პავლე II. ამ ვიზიტის შემდეგ მალევე საქართველომ და წმინდა საყდარმა დაიწყეს მუშაობა ხელშეკრულების პროექტზე, რომელიც კამათის საგანი გახდა მართლმადიდებლურ საქართველოში. ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოში კათოლიკური ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას, რატიფიცირებული უნდა ყოფილიყო 2003 წლის 20 სექტემბერს. ამ შემთხვევისთვის თბილისში ჩამოვიდა არქიეპისკოპოსი ჟან-ლუი ტაურანი, მაშინდელი სახელმწიფო მდივანი სახელმწიფოებთან ურთიერთობის საკითხებში.

საპასუხოდ, მართლმადიდებელი ეკლესიის კონსერვატიულმა მიმდევრებმა მასობრივი საპროტესტო აქციები გამართეს, ხოლო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხელშეკრულების მიმართ სკეპტიციზმი გამოთქვა. საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ზეწოლას დაემორჩილა და ბოლო წუთს გადაწყვიტა ხელი არ მოეწერა ხელშეკრულებისთვის, რასაც კრიტიკა მოჰყვა წმინდა საყდრის, უფლებადამცველებისა და ლიბერალური მართლმადიდებელი სამღვდელოების მხრიდან. შევარდნაძემ სინანული გამოთქვა ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო და დასძინა, რომ ხელშეკრულებაზე მუშაობა გაგრძელდებოდა[2].

2010 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა პირველი ქართველი ლიდერი, რომელიც სახელმწიფო ვიზიტით ეწვია ვატიკანს. იგი შეხვდა რომის პაპს ბენედიქტ XVI-ს და შემდეგ, თბილისში კათოლიკური საშობაო წირვის დროს, მადლობა გადაუხადა წმინდა საყდარს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი „მტკიცე მხარდაჭერისთვის“[3].

2012 წლის 9 იანვარს ბენედიქტ XVI მიესალმა ცვლილებას საქართველოს კანონში რელიგიური უმცირესობების შესახებ, რომელიც 2011 წლის ივლისში მიიღეს[4].

2016 წლის 30 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე რომის პაპი ფრანცისკე ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში და შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს[5].

საქართველოს ელჩები წმინდა საყდარში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ამირან კავაძე, 2001-2004 (რეზიდენცია ჟენევაში)
  • ქეთევან კონსტანტინოვნა ბაგრატიონ-მუხრანსკაია, 2005-2014 წწ.
  • თამარ გრძელიძე, 2014 - დღემდე

სამოციქულო ნუნციები საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ჟან-პოლ-ემე გობელი, 1993-1998 წწ.
  • პიტერ სტეფან ცურბრიგენი, 1998-2001 წწ.
  • კლაუდიო გუჯეროტი, 2001-2011 წწ.
  • მარეკ სოლჩინსკი, 2011-2018 წწ.
  • ხოსე ავილინ ბეტანკური, 2018 წლის 8 მარტიდან - დღემდე