ვასიფ მეჰმედ-ფაშა (გუჯაბიძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვასიფ მეჰმედ-ფაშა (დ. 1795, ჩოჩხათი, გურიის სამთავრო — გ. 1865) — წარმოშობით ქართველი სამხედრო პირი, მოღვაწეობდა ოსმალეთის იმპერიაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბადების გვარი იყო გუჯაბიძე. 1819-1820 წლების აჯანყების დროს ახალგაზრდა ჭაბუკი თავადმა დავით მაჭუტაძემ ოსმალებს მიჰყიდა და აღებული ფულით იარაღი იყიდა, რომ რუსებს შებრძოლებოდა. ტყვედ შეიძინა წარმომავლობით ქართველმა დიდვეზირმა ხოსრო მეჰმედ-ფაშა ჩხეიძე-ერისთავმა, აღზარდა და ხელი შეუწყო, რომ მაღალი თანამდებობები დაეკავებინა.

ვასიფმა სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და მოქმედ არმიაში დაიწყო სამსახური. ჯერ მაიორი იყო, შემდეგ პოლკოვნიკი და ლივა გახდა. 1830 წელს დივიზიის გენერლის (ფაშა) წოდება დაიმსახურა. 1836 წელს ბოსფორის ციხისთავად დაინიშნა. ბოსფორის ბრძოლებმა მას გვარდიის გენერლობა მოუტანა, ხოლო 1839 წელს ვეზირის წოდება მიიღო და ნიშის გამგებლადაც (ვალი) განამწესეს. შემდეგ მუშაობდა სილისტრის (1840 წ.), ქოსთენდილის (1842 წ.), სალონიკის (1844 წ.), ვადინასა და ტრაპიზონის (1850 წ.) გამგებლის პოსტებზე.

1853 წელს არაბეთის მარშლად დაინიშნა. 1854 წლის ნოემბერში ანატოლიის ჯარების სარდლად გადაიყვანეს. მონაწილეობდა ყარსის ბრძოლებში. 1855 წელს ყარსის დაცვისას რუსებმა ტყვედ ჩაიგდეს, მაგრამ მეომარ ქვეყნებს შორის სამშვიდობო კონვენციის დადების შემდეგ გაანთავისუფლეს. 1856 წელს სულთნის გვარდიის, ხოლო 1857 წელს არსენალის მარშალი გახდა. იმავე წლის ოქტომბერში კვლავ დააბრუნეს გვარდიის მარშლის თანამდებობაზე, 1860 წელს ისევ არაბეთის მარშალი გახდა. მოგვიანებით თანხმობის სამხედრო საბჭოში შეიყვანეს. ვასიფ მეჰმედ ფაშა გარდაიცვალა 1865 წელს. დაკრძალულია უსკუდარში, ჰუდაი-ეფენდის თექეში (სავანეში).

დაქორწინებული იყო წარმოშობით ქართველ აღა-ჰუსრევ ფაშას ქალიშვილზე. ამ ქორწინებიდან მას ქალ-ვაჟი შეეძინა. ვაჟი ადრე გარდაცვლილა, ხოლო ქალიშვილის შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ თურქეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქასაბი, მურად, „ოსმალეთის ქართველები“ გვ.149 — სტამბოლი, 2012
  • გოგიტიძე, მამუკა, „სამხედრო ფიცის ერთგულნი“ გვ. 161 — თბილისი, 2015
  • ქართველი გლეხი–ოსმალეთის მუშირი — გაზეთი „აჭარა“, 2012, 30 იანვარი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]