ვასილ ჯორჯაძე (მხატვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვასილ დიმიტრის ძე ჯორჯაძე, ბაზილ ჯორჯაძე (ფრანგ. Basile Djordjadze) (დ. 29 მაისი, 1886, თბილისი, — გ. 10 დეკემბერი, 1952, პარიზი, დაკრძალულია სენტ–ჟენევიევ დე ბუას სასაფლაოზე) — ქართველი ფერმწერი, რუსეთის იმპერიის არმიის პოდპოლკოვნიკი.

დაამთავრა თბილისის კადეტთა ქვეითი სასწავლებელი (1901). სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია; სამხედრო სასწავლებელში ხატვას ასწავლიდა ოსკარ შმერლინგი. იყო სახვითი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიური საზოგადოების წევრი. 1914 წელს საზოგადოებამ თბილისში ჯორჯაძის პერსონალური გამოფენაც მოაწყო. I მსოფლიო ომის (1914-1918) წლებში იყო თბილისის გრენადერთა პოლკოს პოდპოლკოვნიკი. იბრძოდა ჯერ თურქეთის, შემდეგ გალიციის ფრონტზე. დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. 1918 წელს საქართველოშო დაბრუნდა. 1919-1920 წლებში მონაწილეობდა საქართველოს სამხატვრო საზოგადოების გამოფენებში. 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო. ცხოვრობდა პარიზში. 1925 წელს პარიზში მოღვაწე ქართველ მომღერალთა გუნდისთვის შექმნა ძველაქართული კოსტუმები. 1926 და 1945-1953 წლებში იყო დამოუკიდებელ მხატვართა საზოგადოების („დამოუკიდებელთა სალონი“) წევრი. 1945 წელს მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო პარიზში გამართულ რუს მხატვართა და მოქანდაკეთა გამოფენაზე. ჯორჯაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების მუზეუმში (1958 წელს შესწირა მხატვრის დამ, მუსიკოსმა თამარ ჯორჯაძემ), თბილისის ისტორიის მუზეუმში („ქარვასლა“) და საზღვარგარეთის კერძო კოლექციებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოქროსცვარიძე, ნინო. მხატვარი ვასილ ჯორჯაძე / ნინო ოქროსცვარიძე. - თბ., 2010;
  • ციციშვილი, მაია. ჯორჯაძე (ბაზილი) ვასილ // ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია : XVIII-XIX საუკუნეები / მაია ციციშვილი, ნინო ჭოღოშვილი. - თბილისი, 2013.- გვ. 349-350.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვასილ ჯორჯაძე. ქართველები უცხოეთში: ბიოგრაფიები და მოღვაწეობა (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა).