ვარლამ ღვალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვარლამ ღვალაძე
VarlamGvaladze.jpg
დაბ. თარიღი 5 ივნისი 1893(1893-06-05)
დაბ. ადგილი მორძგვეთი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 16 ივლისი 1944(1944-07-16) (51 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
სამეცნიერო სფერო ბიოქიმია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვარლამ ზაქარიას ძე ღვალაძე (დ. 5 ივნისი, 1893, სოფ. მორძგვეთი, ამჟამად ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 16 ივლისი, 1944, თბილისი) — ქართველი ბიოქიმიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, მცენარეთა ბიოქიმიისა და ენოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1942), სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1936). დაიბადა ზემო იმერეთის სოფ. მორძგვეთში, დეკანოზ ზაქარია ღვალაძის ოჯახში (ზაქარია იყო ჭიათურის რ-ნის სოფ. სვერიდან). მისი უფროსი ძმა ელეფთერ ღვალაძე (1879-1955) იყო ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარლამ ღვალაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) აგრონომიული ფაკულტეტი (1923) და ერთხანს იქვე მოღვაწეობდა. ითვლებოდა თსუ-ის პირველი რექტორის, პროფესორ პეტრე მელიქიშვილის ერთ-ერთ უახლოეს მოწაფედ. 1920-იანი წლების მეორე ნახევარში მივლინებული იყო ლენინგრადში (ამჟამად სანქტ-პეტერბურგი), ბიოქიმიის ინსტიტუტში. აქ იგი მუშაობდა აკადემიკოს ს. კორტიჩევის ლაბორატორიაში. აქ ვ. ღვალაძემ შეასრულა და გამოაქვეყნა თავისი ფართოდ ცნობილი ნაშრომი რძემჟავას დუღილის ქიმიის საკითხებზე. ეს გამოკვლევა მაშინვე გამოქვეყნდა გერმანულ და ფრანგულ სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში. სამშობლოში დაბრუნების (1930) შემდეგ მეცნიერმა განაგრძო აქტიური მუშაობა დუღილის ქიმიის დარგში და საფუძველი ჩაუყარა ამ მიმართულებას საქართველოში. 1930 მან მონაწი;ეობა მიიღო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (ამჟამად სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი) დაარსებაში და იმავე წელს დაინიშნა ქიმიის კათედრის დოცენტად და კომპლექსურ კვლევათა ლაბორატორიის გამგედ. 1931–1935 პარალელურად იყო მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მის მიერვე დაარსებული ენოქიმიის ლაბორატორიის გამგე. 1932 გამოსცა ენოქიმიის დარგში პირველი ქართული სახელმძღვანელო. 1936 მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და პროფესორის სამეცნიერო წოდება. სადოქტორო დისერტაციაში მის მიერ წამოყენებულ იქნა ჰიპოთეზა, რომელიც ხსნის სპირტის ბუნებრივი დუღილის დროს მიმდინარე ყველა უმთავრეს ქიმიურ პროცესს. მოგვიანებით, მისგან დამოუკიდებლად იგივე შედეგი მიიღო ფრანგმა პროფესორმა ჟენევუამ. მრავალი წლის შემდეგ, 1962 წელს, თბილისში, მეღვინეთა და მევენახეთა მსოფლიო კონგრესზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვ. ღვალაძის სამეცნიერო მემკვიდრეობას დუღილის ქიმიის დარგში. 1936 წელს მისი თაოსნობით სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში დაარსდა ბიოორგანული ქიმიის კათედრა, რომელსაც თავად ედგა სათავეში გარდაცვალებამდე. 1939–1943 იყო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1942–1943 წლებში — პრორექტორი სამეცნიერო დარგში. 1940–1944 არჩეული იყო საქართველოს ქიმიკოსთა სამეცნიერო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად.

ვ. ღვალაძე გარდაიცვალა 1944 წელს, 51 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ს. დურმიშიძე. ზოგი რამ წარსულიდან, თბილისი, 1985, გვ. 243-245.
  • ლ. ბიწაძე. არდავიწყება მოყვრისა, ქუთაისი, 2004, გვ. 124-126.

რესურსები ინტერენტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]