ვარლამ ნუცუბიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვარლამ ნუცუბიძე (დ. 14 დეკემბერი, 1888, ფარცხანაყანევი — გ. 1969) — ქართველი ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1910 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის განხრით. 1911-1914 წლებში იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის სტუდენტი. ლაიფციგში ყოფნის დროს ჩამოაყალიბა ორიგინალური ფილოსოფიური მოძღვრება ალეთოლოგია. 1915 მიენიჭა აღნიშნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1916-1918 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორია.

1918 იყო თსუ-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, 1918-1953 და 1960-1969 წლებში ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. ამ პარტიაში 1915 წლიდან გაწევრიანდა. ამ დრომდე კი, როგორც თავად წერს 1918 წლის დაწერილ ავტობიოგრაფიაში, იყო სოციალ-დემოკრატი. შედიოდა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტების პარტიაში, რომელიც გამოეყო ძირითად პარტიას და 1921-1923 წლებში თანამშრომლობდა ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან, თუმცა მკაცრად აკრიტიკებდა მათ ეროვნულ პოლიტიკას.

1925-1926 წლებში იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. 1927 მიენიჭა ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ოცდაათიანი წლების II ნახევრიდან ინტენსიურად იკვლევდა ქართული ფილოსოფიური აზროვნების ისტორიას და მასთან დაკავშირებულ "აღმოსავლურ რენესანსის“ საკითხებს. დიდი წვლილი შეიტანა ფსევდოდიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის პეტრე იბერის იდენტობის საკითხის კვლევაში. ეს ჰიპოთეზა წამოაყენა 1942. მისგან დამოუკიდებლად ამავე დასკვნამდე მივიდა ბელგიელი მეცნიერი და ბიზანტიოლოგი ერნესტ ჰონიგმანი 1952, რის შემდეგაც აღნიშნულ თეორიას ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია ეწოდა. შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ავტორის ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, განსაზღვრა რუსთაველის ადგილი რენესანსში. ნუცუბიძის აზრით, ვეფხისტყაოსანი მოწინავე აღმოსავლეთის ქვეყნების საერთო კულტურული ცხოვრების პოეტური გამოსახვა და ქართული რენესანსის მწვერვალია. მისი დასაბუთებით, ვეფხისტყაოსნის ფილოსოფიური წყარო ქართული ნეოპლატონიზმია, რომლის ძირითადი იდეა — სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება პოემაში მხატვრულად არის განსახიერებული. მან რუსულ ენაზე თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, „აბდულმე- სიანი“, „თამარიანი“, ხალხური „ამირანიანი“. ცნობილია აგრეთვე ნუცუბიძის გამოკვლევები ესთეტიკის, ქართული კულტურის ისტორიის სხვადასხვა საკითხზე, ბერძნული „ბალავარი- ანის“ ქართული წარმომავლობის შესახებ და სხვ . 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ მუდმივად განიცდიდა დევნას საბჭოთა რეჟიმის მხრიდან: დაპატიმრებული იყო 1921 და 1938-1940 წლებში, 1953-1960 წლებში გაძევებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსობა. თბილისის უნივერსიტეტში ნუცუბიძის მიერ 20-იან წლებში დაარსებული სემინარები იქცა ფილოსოფიური აზროვნების კერად, სადაც აღიზარდნენ გამოჩენილი ქართველი მოაზროვნეები. დაკრძალულია თსუ-ის ბაღში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭუმბურიძე დ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 304, თბ., 2018 წელი.