ვარლამ დონდუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დონდუა.

ვარლამ დარისპანის ძე დონდუა (დ. 21 სექტემბერი, 1895, ქუთაისი — გ. 21 თებერვალი, 1969, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1915 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ჯერ მშობლიურ ქალაქში, შემდეგ თბილისში. 1919 წელს გამოსცა სახელმძღვანელო საშუალო საუკუნეების ისტორია, სადაც აისახა ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ძირითადი საკითხები. ახალგაზრდა მკვლევარზე დიდი გავლენა იქონია ივანე ჯავახიშვილთან სპეციალურ სემინარიაში მუშაობამ. 1924 წელს ჩაირიცხა და 1927 წელს დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, სადაც დაუახლოვდა ნიკო მარს. შემდეგ ენისა და აზროვნების ინსტიტუტის ასპირანტი, ლექციებს კითხულობს იქვე კავკასიის ქვეყნების ისტორიაში, ქართულ ენასა და ქართულ პალეოგრაფიაში.

ლენინგრადში ვ. დონდუა 1942 წლამდე მოღვაწეობდა, ვიდრე საბოლოოდ არ დამკვიდრდა თბილისში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში სამი ათეული წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა წყაროთმცოდნეობისა და ისტორიული გეოგრაფიის განყოფილებას, პარალელურად ლექციებს კითხულობდა თბილისის უნივერსიტეტსა და სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

მეცნიერების განსაკუთრებული საქმიანობის სფეროა XVIII საუკუნის საქართველოს ისტორია და ამ ეპოქის შესწავლას მიუძღვნა მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრმოები, ამასთანავე განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ისეთი სპეციალური საისტორიო დისციპლინების განვითარებაში, როგორიცაა წყაროთმცოდნეობა, ეპიგრაფიკა, ტესტოლოგია, არქეოლოგია, პალეოგრაფია.

ცალკე უნდა აღინიშნოს ვ. დონდუას, როგორც ქართული საისტორიო წყაროების რუსულად მთარგმნელის მოღვაწეობა. თარგმნა ბასილი ეზოსმოძღვრის, იოანე ბაგრატიონის, ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი და სხვა.

ვარლამ დონდუა დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით, მეცნიერის მდიდარი ბიბლიოთეკა დაცულია და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც დაარსდა მისი სახელობის კაბინეტი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 127, თბ., 1994