ვარლამ ბურჯანაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბურჯანაძე.

ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე (დ. 23 იანვარი, 1873, სოფელი ობჩა, ახლანდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი — გ. 17 ოქტომბერი, 1941, თბილისი) — ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1896 წელს წარმატებით დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია და მასწავლებლობდა საქართველოს მრავალ კუთხეში. შემდეგ ათი წელი მუშაობდა ქუთაისის დაწყებით სკოლაში. აქვე ლექციებს კითხულობდა სახალხო უნივერსიტეტში, იყო ქალაქის დრამატიული საზოგადოების წევრი, წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მასწავლებელთა არალეგალური წრის ბიუროს, რისთვისაც იგი ადმინისტრაციული წესით გაასახლეს ქუთაისის გუბერნიიდან.

1911 წელს ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გადაწყვეტილებით დანიშნეს კავკავის ქართული სკოლის გამგედ, საიდანაც ორ წელიწად ნახევარში გააძევეს როგორც არასაიმედო პირი. ვარლამ ბურჯანაძე გადავიდა ბაქოში და მუშაობას იწყებს ნავთობის მრეწველთა ადგილობრივი ქართული სკოლის გამგედ. სადაც ასევე დაიმსახურა ადგილობრივ ხელისუფალთა რისხვა და აეკრძალა სკოლაში მუშაობა.

1914 წელს აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მდივნად, სადაც იმუშავა მის ლიკვიდაციამდე 1927 წლამდე. 1919–1921 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ „განათლებას“. მის კალამს ეკუთვნის 150-ზე მეტი მეთოდური ხასიათის წერილი და ნარკვევი. მანვე შექმნა „ქართული ენის ქრესტომათია ეროვნებათა უმცირესობის სკოლებისათვის“, ხოლო შიო არაგვისპირელთან და ივანე გომართელთან ერთად რუსულად შეადგინა ქართული ენის პრაქტიკული თვითმასწავლებელი. 1930 წელს იგი დააპატიმრეს როგორც პოლიტიკურად არასაიმედო მაგრამ სამი წლის შემდეგ გაანთავისუფლეს და განაგრძო პედაგოგიური მოღვაწეობა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ეკატერინე იოსების ასული ბაქრაძე (დ. 24 ნოემბერი, 1885, თბილისი — გ. 17 თებერვალი, 1972, იქვე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 91, თბ., 1994