ვარდციხე
ვარდციხე — ციხესიმაგრე საქართველოში, აჭარაში, ეროვნული მნიშვნელობის ისტორიული ძეგლი. მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში. აგებულია XI-XIII საუკუნეებში, სავარაუდოდ ტბელ აბუსერიძეთა მიერ. წერილობითი წყაროები ციხის შესახებ არ არის შემორჩენილი. მის ზემოთ, 150 მეტრში მდებარე ციხისყელის ციხესთან ერთად ერთიან სათავდაცვო სისტემას წარმოადგენდა და სამხედრო-საკონტროლო ფუნქცია ჰქონდა. ციხე განადგურდა ოსმალთა შემოსევების დროს.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აშენებულია მაღალ ბორცვზე, რომელსაც წაგრძელებული სწორკუთხედის მოყვანილობის ფორმა აქვს. ციხე კარგად არის მორგებული გარემოს. მისასვლელი გზა სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაა. ციხის ცენტრალური შესასვლელი სამხრეთ მხარეს არის მოქცეული. ნაშენია ფლეთილი ქვით.
ციხის ჩრდილოეთი კედელი არცთუ ისე კარგადაა დაცული. შუა ნაწილში ოდნავ გარეთკენაა გაზნექილი და ამჟამად 2,8 მ სიგრძეზეა ჩაქცეული. გალავნის დასავლეთი კედელი კლდის თხემზეა დაშენებული. ახლა იგი თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული. შემორჩენილი ნაწილის სიმაღლე 0,8 მ-ია. შედარებით უკეთესადაა დაცული გალავნის აღმოსავლეთი კედელი. შემორჩენილი სიმაღლე 4,5 მ; სიგანე 0,8 მ. კედლის ცენტრალურ მონაკვეთში გაჭრილია ციხის კარები. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დატანებულია ნახევარწრისებური კონტრფორსი. ვარციხეს ჰქონია ორი კოშკი. I მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში. იგი ნახევარწრისებური მოყვანილობისაა და ორსართულიანი მაინც უნდა ყოფილიყო. 4,2 მ-ის სიმაღლეზე კედელში გაკეთებულია კოჭების დასალაგებელი ფოსოები. II კოშკი მდებარეობს ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, ისიც ნახევარწრიული მოყვანილობისა. ჩანს, რომ ეს უკანასკნელიც, სულ მცირე, ორსართულიანი უნდა ყოფილიყო.
ვარდციხის კედლებში სპოლიოებია გამოყენებული - მცენარეულ-გეომეტრიული რელიეფებით მონიშნული თლილი ეკლესიის ქვები. სწორედ ასეთი ორი ჩუქურთმიანი ქვაა ჩაყოლებულიციხის აღმოსავლეთ ბურჯზე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11852