საჭადრაკო ოლიმპიადა 1939

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვაჟთა VIII საჭადრაკო ოლიმპიადა)

24 აგვისტო - 19 სექტემბერი 1939 ბუენოს-აირესი, არგენტინა

ბოლო ომამდელ ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი თავდაპირველად ორმოცმა ქვეყანამ გამოთქვა, თუმცა არგენტინის დედაქალაქში მხოლოდ 27 გუნდი ჩამოვიდა. არ ჩამოვიდნენ ოლიმპიადის 4-გზის და 2-გზის გამარჯვებულები, ამერიკელი და უნგრელი მოჭადრაკეები. უსახსრობის გამო ვერ ჩამოვიდნენ იუგოსლავიელები. ოლიმპიადას დაუბრუნდნენ გერმანელები, რომლებმაც კვლავ აღადგინეს თავისი წევრობა ფიდეში. გუნდების სიმრავლის გამო გადაწყდა ტურნირი ჩატარებულიყო ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები ჯერ ოთხ ქვეჯგუფში იბრძოდნენ მთავარ ფინალში მოსახვედრად. დანარჩენები ბრძოლას აგრძელებდნენ მეორე ფინალურ ჯგუფში, რომლის გამარჯვებულის დაჯილდოვდა არგენტინის პრეზიდენტის, ორტისის, თასით. ტურნირს განსაკუთრებულ ხიბლს მატებდა მსოფლიოს ჩემპიონის, ალექსანდრე ალიოხინის და ექს-ჩემპიონის, ხოსე რაულ კაპაბლანკას მონაწილეობა.

ოლიმპიადას ინციდენტები თავიდანვე დაებედა. ტურნირის დაწყების წინ გერმანელთა გუნდის კაპიტანმა მოითხოვა, რომ ჩეხოსლოვაკიის დროშა შეცვლილიყო ბოჰემიის და მორავიის პროტექტორატის დროშით, რაზედაც ჩეხებმა კატეგორიული უარი განაცხადეს. მათ გუნდების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და ჩეხოსლოვაკიის დროშა ტურნირის ბოლომდე ფრიალებდა თეატრ ,,პოლითეამის’’ თავზე. პრობლემა შეიქმნა ჰამილტონ-რასელის თასის ბუენოს-აირესში ჩამოტანა. ამერიკელები აცხადებდნენ, რომ როგორც ოლიმპიადის სამჯერ ზედიზედ მომგებ გუნდს, თასი სამუდამოდ მათ უნდა გადაცემოდათ, როგორც ეს დებულებაში იყო ნათქვამი. მაგრამ იქვე ეწერა ისიც, რომ ეს წესი ამოქმედდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გუნდი კვლავ აგრძელებდა გამოსვლებს ოლიმპიადებში. ასე იყო თუ ისე, არგენტინის საელჩოს ჩარევის შემდეგ თასი ბუენოს-აირესში ჩამოიტანეს.

ამით ყველაფერი არ დასრულებულა. 1 სექტემბერს, როცა მიმდინარეობდა ფინალური შეჯიბრების პირველი ტური, ცნობილი გახდა რომ, გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. შეიტყვეს რა რომ, ინგლისმა ომი გამოუცხადა გერმანიას, ინგლისელმა მოჭადრაკეებმა მყისვე დატოვეს ბუენოს-აირესი და სამშობლოში გაემგზავრნენ. ალექსანდრე ალიოხინი და საველი ტარტაკოვერი გამოვიდნენ არგენტინულ რადიოსა და პრესაში, სადაც მოითხოვეს გერმანიის გუნდის ბოიკოტირება. ამასვე ითხოვდნენ ტურნირის მონაწილეთა უმრავლესობა. ორგანიზატორებმა ვერ გაბედეს გერმანელთა ტურნირიდან გარიცხვა და გადაწყვიტეს გერმანელთა მატჩები ფრანგებთან და პოლონელებთან არ ჩატარებულიყო და გუნდებს დაწეროდათ ორ-ორი ქულა. ფრანგებს და პოლონელებს შეუერთდა პალესტინაც. თავის მხრივ გერმანელებმა ჩეხები აიძულეს უარი ეთქვათ ფრანგებთნ და პოლონელებთნ თამაშზე. პალესტინელებმა უარი თქვეს არგენტინელებთან თამაშზეც, ვინაიდან თვლიდნენ რომ, მასპინძლებმა ლოიალობა გამოიჩინეს გერმანელთა მიმართ. ამრიგად სულ არ გაიმართა ექვსი მატჩი.

რაც შეეხება სპორტულ მხარეს, ტურნირის შუაწელისათვის საკმაოდ ბევრი გუნდი აცხადებდა პრეტენზიას საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლაზე. ორი ტურით ადრე ლიდერთა მდგომარეობა ასეთი იყო: პოლონეთი - 32 ქულა, გერმანია - 31 (ერთი მატჩით ნაკლები), შვედეთი - 30,5, ესტონეთი და ჩეხოსლოვაკია - 29-29 ქულა. ბოლოსწინა ტურში გერმანელებმა 3-1 მოუგეს შვედებს და გადაასწრეს პოლონელებს, რომლებიც ამ ტურში ისვენებდნენ. ესტონელებმა ასეთივე ანგარიშით მოუგეს ჩეხებს.

ბოლო ტურში გერმანელებს ფრეც აწყობდათ ნიდერლანდელებთან მატჩში და მათაც არ გაურისკავთ. სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ დაფიქსირდა ფრე, 2-2. გერმანია ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მეორე ფინიშზე პოლონელები იყვნენ, მესამენი ესტონელები.

გერმანელებმა ოლიმპიადა კი მოიგეს, მაგრამ, ჰამილტონ-რასელის თასი ფიდეს გადაწყვეტილებით ბუენოს-აირესში დარჩა. ბუენოს- აირესშივე დარჩა მრავალი მოჭადრაკე, რომლებიც ჯერ ომის დამთავრებას დაელოდნენ, მერე და მერე კი საერთოდაც დასახლდნენ არგენტინაში და ომის შემდეგ ახალი სამშობლოს სახელით დაიწყეს ასპარეზობა.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეობდა 27 ქვეყნის ნაკრები. ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები ოთხ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-XVI ადგილები). დანარჩენები იბრძოდნენ XVII-XXVII ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

პირველი ეტაპი

მეორე ეტაპი

XVII-XXVII ადგილები

17.ისლანდიის დროშა ისლანდია - 28 18.დროშა: კანადა კანადა - 28 19.დროშა: ნორვეგია ნორვეგია -27 20.ურუგვაის დროშა ურუგვაი - 26 21.დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი - 25,5 22.ეკვადორის დროშა ეკვადორი - 21 23.გვატემალის დროშა გვატემალა - 15,5 24.დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია - 15,5 25.დროშა: პერუ პერუ - 14 26.დროშა: ბოლივია ბოლივია - 10 27.პარაგვაის დროშა პარაგვაი - 9,5

I-XVI ადგილები

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიკ ელისკაზესი 9,5 (+7=5-2), პაულ მიხელი 8,5 (+3=11-0), ლუდვიგ ენგელსი 14 (+12=4-0), ალბერკ ბეკერი 7,5 (+6=3-3), ჰეინრიხ რეინგარდტი 6,5 (+5=3-4)

საველი ტარტაკოვერი 10,5 (+7=7-3), მიგელ ნაიდორფი 14 (+12=4-2), პაულინ ფრიდმანი 13 (+11=4-2), თეოდორ რეგეძინსკი 8 (+6=4-3), ფრანტიშეკ სულიკი 4,5 (+4=1-2)

პაულ კერესი 14,5 (+12=5-2), ილმარ რაუდი 9,5 (+7=5-5), პაულ შმიდტი 5 (+2=6-5), გუნარ ფრიდემანი 12,5 (+11=3-3), იოჰანეს ტიურნი 5 (+3=4-3)

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: საუკეთესოები ვლინდებოდა მხოლოდ ფინალური (I-XVI ადგილები) ტურნირის მიხედვით

პირველი დაფა ქვეყანა %
ხოსე რაულ კაპაბლანკა დროშა: კუბა კუბა 8,5 11 77,3
ალექსანდრე ალიოხინი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 7,5 10 75,0
ვლადიმირს პეტროვსი ლატვიის დროშა ლატვია 9,5 13 73,1
მეორე დაფა ქვეყანა %
ჰეინც ფოერდერი პალესტინის დროშა პალესტინა 7,5 10 75,0
მიგელ ნაიდორფი დროშა: პოლონეთი პოლონეთი 9 12 75,0
ერიკ ლუნდინი დროშა: შვედეთი შვედეთი 8,5 13 65,4
მესამე დაფა ქვეყანა %
ლუდვიგ ენგელსი დროშა: გერმანია გერმანია 9,5 11 86,4
პაულინ ფრიდმანი დროშა: პოლონეთი პოლონეთი 9 12 75,0
ხაკობო ბოლბოჩანი დროშა: არგენტინა არგენტინა 9,5 13 73,1
მეოთხე დაფა ქვეყანა %
გუნარ ფრიდემანი დროშა: ესტონეთი ესტონეთი 10 13 76,9
ლუდოვიკ პრინსი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 7,5 11 68,2
თეოდორ რეგეძინსკი დროშა: პოლონეთი პოლონეთი 6 10 60,0
სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ისიას პლესი დროშა: არგენტინა არგენტინა 9,5 13 73,1
ფრანტიშეკ ზიტა დროშა: გერმანია გერმანია 7,5 11 68,2
ეუგენიო რიიდ-ვალენსუელა დროშა: ჩილე ჩილე 7,5 12 62,5

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]