ვაჟა ფერაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაჟა ფერაძე (დ. 14 მაისი, 1923, ზესტაფონი — გ. 28 აპრილი, 1994) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1946 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი სპეციალობით ელექტროსადგურები, ქსელები და სისტემები.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ხრამჰესის მშენებლობაზე. 1948-1953 წლებში ხრამჰესის ესპლუატაციაზე, ჯერ უფროს ინჟინრად, ხოლო შემდეგ ელექტროლაბორატორიის გამგედ მუშაობდა. მისი აქტიური მონაწილეობით, პირველად საბჭოთა კავშირში, განხორციელდა ჰიდროენერგოსადგურის ტელემექანიზაცია. გადაიყვანეს თბილისში საქენერგოს ცენტრალური ლაბორატორიის ავტომატიკისა და ტელემექანიკის საამქროს უფროსად 1953 წლიდან, შემდგომში - საქენერგოს ცენტრალური ლაბორატორიის გამგედ. მუშაობდა საქენერგოგაწყობის უფროსად 1962-1986 წლებში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა საქართველოს ენერგოსისტემის ავტომატიზაცია და ტელემექანიზაცია, შეიქმნა გამოთვლითი ცენტრი, რომლის ბაზაზეც 1978 წელს ამოქმედდა ენერგოსისტემის მართვის ავტომატიზებული სისტემა. მან ასევე შეიმუშავა და დანერგა სქემები და მოწყობილობები, რომლებიც შემდგომში საბჭოთა კავშირის მრავალ ენერგოობიექტზე იქნა გამოყენებული. 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. აღსანიშნავია მისი პედაგოგიური საქმიანობა. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის ჩამოყალიბების წლიდან იგი თანამშრომლობდა ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრასთან, კითხულობდა ტელემექანიკის კურსს. იყო ამავე სპეციალობის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე 1975-1985 წლებში. 1986 წლიდან კი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ენერგეტიკის ფაკულტეტის ელექტროსადგურების და სისტემების კათედრის დოცენტად. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც. სათავეში ედგა თბილისის კიროვის რაიონის კეთილმოწყობის მუდმივ კომისიას. იგი 16 სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე გამოგონების ავტორია. ასევე მრავალი სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციის მონაწილე და ორგანიზატორი. იგი იყო აგრეთვე შესანიშნავი სპორტსმენი და მოცეკვავე, მოცეკვავეთა ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვებული. მონაწილეობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის განთქმული ჯაზ-ორკესტრის შექმნაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები, თბ., 2012, გვ. 141-142

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]