ვანთის ქვაბების კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვანთის ქვაბების კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ვანთიდან ოთხიოდე კილომეტრზე, მდინარე ვანთისხევის მარცხენა ნაპირას, საღანძილის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, ოთხასიოდე მეტრზე. კომპლექსი შედგება გეგმით რთული მოხაზულობის და ერთმანეთთან ვიწრო, თაღოვანი გასასვლელით დაკავშირებული ორი ქვაბისგან, რომლებსაც სხვადასხვა სიღრმისა და ფორმის უბეები ერთვის.კედლებში ამოკვეთილია ნიშები. ქვაბებიდან ერთი, ჩრდილოეთით მდებარე, შედარებით მოზრდილია. მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შესასვლელთან ახლოს, გვერდიგვერდ, ორი, თაღოვანი გასასვლელია, რომლებითაც მცირე სათავსში ვხვდებით, ამ უკანასკნელიდან კი სამლოცველოში. სამლოცველო განათებულია აღმოსავლეთ მხარეს გაჭრილი სარკმლით. სამლოცველოდან ჩრდილოეთით დიობია, რომელიც გადის მცირე სათავსში. ქვაბის ჭერში გაჭრილია საკვამური.

მეორე ქვაბი ოდნავ მცირე ზომისაა. მას ორი, ოვალური, იზოლირებული სადგომი ეკვრის, სადაც დიდი ზომის ნიშებია, თაროები და ჩამოსაჯდომებია მოწყობილი. აღმოსავლეთით სამო სარკმელია გაჭრილი. როგორც ჩანს, მცირე ქვაბი ბერების საცხოვრებლად იყო განკუთვნილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]