ვანთის სამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვანთის სამარხი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს სოფელ ვანთის ჩრდილოეთ განაპირას, ღრუ ტყედ წოდებულ ადგილში. თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის XIII-XII საუკუნეებით. აღმოჩნდა 1972 წელს ალაზნის სარწყავი არხის გაჭრის დროს. ძეგლი თელავის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად, შეისწავლა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კ. ფირცხელაური).

ორმოსამარხი ოთხკუთხაა (2x1,6 მ), დამხრობილია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. მიცვალებული ესვენა მარჯვენა გვერდზე, კიდურებ მოხრილი, თავით ჩრდილო-დასავლეთისკენ. სამარხში აღმოჩენილია ქვიშანარევი 15 ჭურჭელი (დერგი, ქილა, კოჭები, ბადია). ინვენტარი დამზადებულია სამეთუნეო მორგვზე, კეცი უმეტესად რუხი ფერისაა, შავზედაოირიანი, შავსარჩულიანი, შემკულია კონცენტრული ხაზებით. ორ კონცენტრულ ხაზს შორის მოქცეულია კლაკნილი ხაზი. მხარზე და ძირის კიდეზე ირიბი ნაჭდევებია. დადასტურდა ბრინჯაოს იარაღი (კახური ტიპის შედგენილტარიანი სატევარი, მასრაშეკრული შუბის პირი - მასრაზე რელიეფური ორი სალტით, ბრინჯაოს ფურცლისგან დამზადებული მრგვალი ფარი) და სამკაულები : საკიდიმ სამბარისებრი ხვია, ოთხწახნაგა მძივი, ბოლოებგახსნილი ბეჭედი, სარდიონის ექვსწახნაგა მძივი და ცალმხრივ გახვრეტილი მძივები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]