ვანთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვანთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ ვანთის ახალ სასაფლაოზე. სავარაუდოდ თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით.

ძეგლი სამეკელსიანი ბაზილიკის ტიპისაა, მონაშენით სამი მხრიდან. ამ უკანასკნელიდან ამჟამად მხოლოდ კედლების მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი, რომლებიც მიწით და მცენარეულობით ისე დაფარული, რომ გასუფთავების გარშე მისი გეგმის დადგენა შეუძლებელია. შენობა ნაგებია მოზრდილი ზომის, რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. ალაგ-ალაგ, ძირითადად, ღიობების წყობაში, გამოყენებულია ლოდები. წყობა ირეგულარულია. ქვებს შირის დარჩენილი არეები ბათქაშითაა შევსებული. კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია შირინი.

ეკლესიას (6,3x4 მ) სამი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელები გარედან, მოზრდილი ქვით, თარაზულადაა გადახურული, შიგნიდან კი ნალისებრთაღოვანია. შიგნიდან ნალისებრი თაღითაა დასრულებული სამხრეთ შესასვლელიც, ოღონდ გარედან იგი ხის კოჭითაა გადახურული, რომელიც 2009 წელს ეკლესიის აღდგენის დროს ჩაუდგამთ. ამავე დროს, კარის თავზე არსებული მცირე ნიშის ადგილზე სარკმელი მოუწყვიათ.

შენობის შიდა სივრცე აზიდული პროპორციებისაა. აღმოსავლეთთ იგი ნალისებრი აფსიდითაა დასრულებული. აფსიდის ცენტრში ნალისებრთაღოვანი სარკმელია გაჭრილი, რომლის გარეთა თაღი შირიმის ერთ ქვაშია გამოკვეთილი. სარკმლის ქვემოთ კი კედელზე, კუბურუ ფორმის ტრაპეზია მიბჯენილლი. აფსიდში ორი სწორკუთხა ნიშაა. აფსიდის ჩრდილოეთ მხართან შემორჩენილია რიყის ქვით ნაშენი, ცილინდრული ფორმის, დაახლოებით 40 სანტიმეტრი სიმაღლის ნაგებობის (ჯვრის აღსამართი პოსტამენტი) ნაწილი, რომელიც კედელზეა მიდგმული. იგივე ფორმის, სამოციოდე სანტიმეტრის სიმაღლის ფრაგმეტი დარბაზის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეშიცაა.

შიგნით ეკლესია გადახურულია ოდნავ ნალისებრი კამარით. მსგავსი ფორმისაა კონქის თაღიც, რომელიც მარტივი პროფილის შირიმის იმპოსტებზეა დაყრდნობილი. გარედან, ეკლესიის სამხრეთ და დასავლეთ ფასადებზე, წყობიდან გამოშვერილი, თხელი, ნატეხი ქვებით გამოყვანილია თარო, რომელზეც მინაშენის კამარა იყო დაყრდნობილი. ჩრდილოეთი მინაშენი აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი აფსიდით.

2009 წელს ეკლესიის ძირითადი ნაწილის დანგრეული კედლები აღადგინეს. მოაწყვეს თაროსებრი ლავანგარდი და შენობა ღარისებრი კრამიტით გადახურეს.

ეკლესიის გაწმენდის დროს, აღმოჩნდა ბრტყელი კრამიტის ფრაგმენტი, რაზეც რელიეფური, ასომთავრიულით შესრულებული სამსტრიქონიანი წარწერისნაწილი იყო შემორჩენილი. წარწერა ასე იკითხება: I სტრიქონი — ႼႭ[წმინდაო] Ⴈ [იოანე]; II სტრიქონი — ႬႧ [ნათლისმცემელი]; III სტრიქონიდან ერთი ასოს ნაშთიღაა დარჩენილი. პალეოგრაფიული მონაცემებით წარწერა შესაძლოა ადრინდელი შუა საუკუნეებით დათარიღდეს. ასევე აღმოჩნდა მოჭითული ჭურჭლის ფრაგმენტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]