შინაარსზე გადასვლა

ვალტიცე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ვალტიცე
ჩეხ. Valtice

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე სამხრეთ მორავიის მხარე
შიდა დაყოფა Úvaly[1] და Valtice
კოორდინატები 48°44′25″ ჩ. გ. 16°45′17″ ა. გ. / 48.74028° ჩ. გ. 16.75472° ა. გ. / 48.74028; 16.75472
პირველი ხსენება 1192
ფართობი 47,85 კმ²
ცენტრის სიმაღლე 192 მეტრი
მოსახლეობა 3 580 (1 იანვარი, 2025)[2]
საფოსტო ინდექსი 691 42[3]
საავტომობილო კოდი B
ოფიციალური საიტი https://www.valtice.eu/
ვალტიცე — ჩეხეთი
ვალტიცე

ვალტიცე (ჩეხ. Valtice) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. ქალაქი ვალტიცე ბრჟეცლავის რაიონში მდებარეობს. ის ორი მუნიციპალური ერთეულისგან შედგება, ერთ მუნიციპალიტეტად არიან გაერთიანებული ვალტიცე და უვალი.

ვალტიცე რაიონულ ცენტრ ბრჟეცლავიდან დასავლეთით, დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს. ის ავსტრიის საზღვარზეა და ქალაქ შრატენბერგს ესაზღვრება. ის ქვემო მორავის ხეობის დაბლობზეა გაშენებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილი კრასტინის გორაა, რომელიც ზღვის დონიდან 292 მეტრზე მდებარეობს.

ვალტიცის ციხესიმაგრე XI საუკუნეში დაარსდა, მაშინ აქაური ტერიტორიები ავსტრიის საჰერცოგოს შემადგენლობაში შედიოდა და ფელდსბერგი ეწოდებოდა. სოფელი ფელდსბერგი ისტორიულ წყაროებში პირველად 1192 წელს არის მოხსენიებული. სოფელი ზეეფელდელ დიდგვაროვნებს ეკუთვნოდათ და მორავიის საზღვართან ახლოს მდებარეობდა. 1192-1227 წლებში ფელდსბერგი განვითარდა და ქალაქად იქცა. 1270 წელს ზეეფელდელი დიდგვაროვნების ბოლო წარმომადგენელი გარდაიცვალა და მათმა გვარმა არსებობა შეწყვიტა. ამის შემდეგ სოფელი მფლობელებს ხშირად იცვლიდა. 1387-1395 წლებში ლიხტენშტაინების საგვარეულომ მთელი მამული შეიძინა.[4]

ჰუსიტური ომების დროს ლიხტენშტაინები საღვთო რომის იმპერატორ სიგიზმუნდ I ლუქსემბურგის მხარეს იბრძოდნენ, ამის გამო 1426 წელს ქალაქი ჰუსიტებმა გადაწვეს. ქალაქი 1458 წელს კიდევ ერთხელ დაარბიეს ბოჰემიის მეფის, ირჟი პოდებრადელის ჯარებმა. აქაურობა ვერც უნგრეთის შემოსევებს გადაურჩა და 1480 წელს, ავსტრია-უნგრეთის ომის დროს, უნგრელთა მეფე მატიაშ ჰუნიადმა გადაწვა.[5]

ქალაქის ხელახალი განივთარება XVI საუკუნის პირველ ნახევარში, ჰარტმან I ლიხტენშტაინის მმართველობის დროს დაიწყო.

XVI საუკუნის შუა ხანებში მოქალაქეები პროტესტანტიზმზე მოექცნენ, თუმცა 1599 წელს საღვთო რომის იმპერიის უფლისწული კარლ I ლიხტენშტაინი კათოლიკედ მოინათლა და ამან მოსახლეობაზეც იქონია გავლენა.[6]

დიანას ტაძარი
ქალაქის მერია
ვალტიცის ციხესიმაგრე
კოლონადა

ოცდაათწლიანი ომის დროს, 1619 წელს ქალაქი კვლავ გაძარცვა ტრანსილვანიის სამთავროს უფლისწულის, გაბრიელ ბეთლენის ჯარმა. იგივე წელს ვალტიცეს თავს დაესხა საღვთო რომის იმპერიის არმიის გენერალი ანრი დიუვალი. მოგვიანებით ქალაქი დაიპყრო შვედეთის სამეფოს ჯარმა გენერალ ლენარტ ტორსტენსონის მეთაურობით.[5]

ომის შემდეგ ქალაქი ლიხტენშტაინის დიდგვაროვანთა მთავარი ცენტრი გახდა. უფლისწულმა კარლ ევსებიმ აღადგინა ციხესიმაგრე და ააშენა ახალი სამრევლო ეკლესია, ეკლესიის მშენებლობა 1671 წელს დასრულდა. მან ასევე გასცა ბრძანება ქალაქის აღმოსავლეთით ტყეების გაშენების შესახებ. მისმა შთამომავლებმაც განაგრძეს მისი საქმიანობა. მისმა ვაჟმა და ძმისშვილმა გააფართოვეს ციხესიმაგრე, დააფუძნეს ჰოსპიტალიერთა მონასტერი. ქალაქის საერთო იერსახე მნიშვნელოვნად შეიცვალა 1648-დან 1781 წლამდე.[5]

პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე ვალტიცე ავსტრიის ფედერალური მხარის ქვემო ავსტრიის შემადგენლობაში შედიოდა. 1919 წლის სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების თანახმად, ქალაქი და მისი შემოგარენი ახლადშექმნილ ჩეხოსლოვაკიას შეუერთდა და მხოლოდ ამის შემდეგ ეწოდა ვალტიცე. ქალაქის ავსტრიაზე მოთხოვნის მთავარი მიზეზი ზნოიმო-ბრჟეცლავის სტრატეგიულ რკინიგზაზე კონტროლის მოპოვება იყო, ჩეხოსლოვაკიას სურდა ეს რკინიგზა თავად ეკონტროლებინა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებამ აქაური ციხესიმაგრე და მამულები ლიხტენშტაინებს ჩამოართვა, ხოლო პოტსდამის შეთანხმების და პრეზიდენტ ედუარდ ბენეშის განკარგულებების შესაბამისად, აქაური გერმანულენოვანი მოსახლეობა ჩეხოსლოვაკიიდან გააძევეს.[7]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალტიცე ცენტრალური ევროპის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავი ბაროკოს სტილში ნაგები ქალაქია. ის XVIII საუკუნის დასაწყისში იოჰან ბერნჰარდ ფიშერ ფონ ერლახმა ლიხტენშტაინის მმართველი მთავრების რეზიდენციად დააპროექტა. ქალაქს მეზობელ ლედნიცესთან 7 კილომეტრიანი ცაცხვის ხეივანი აკავშირებს. ვალტიცე ლედნიცე-ვალტიცეს კულტურულ ლანდშაფტის ნაწილია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.[8]

ვალტიცეში მდებარე ლედნიცე-ვალტიცეს კულტურული ლანდშაფტის ძირითადი ღირსშესანიშნაობაა ციხესიმაგრე, რომელიც გარშემორტყმულია ინგლისური ბაღით. ამ ბაღში ნეოკლასიკური სტილის კოლონადა და 1812 წელს იოზეფ ჰარდტმუთის მიერ დაპროექტებული დიანას ტაძარია.

ვალტიცის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ბაროკოს არქიტექტურული ნიმუშია, ეს 34 მეტრი სიმაღლის შენობა 40 წლის მანძილზე — 1631 წლიდან 1671 წლამდე შენდებოდა. მის მშენებლობაზე არქიტექტორები ჯოვანი ჯაკომო ტენკალა, ონდრჟეი ერნა და იან კრჟტიტელ ერნა მუშაობდნენ.[9]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025Praha: ČSÚ, 2025.
  3. Register of territorial identification, addresses and real estates
  4. Valtice. Valtice Castle. ციტირების თარიღი: 2021-11-27
  5. 1 2 3 Historie města cs. Město Valtice. ციტირების თარიღი: 2021-11-27
  6. History. Valtice Castle. ციტირების თარიღი: 2021-11-27
  7. Czech Republic: The former Liechtenstein possessions of Lednice-Valtice. Minor Sights (2014-09-25).
  8. Lednice-Valtice Cultural Landscape. UNESCO. ციტირების თარიღი: 2023-08-27
  9. “Památkový Katalog – seznam objektů,” Památkový katalog, Czech Republic, https://pamatkovykatalog.cz/uskp/podle-relevance/1/seznam?katCislo=1000137121