ვალერიან ქაშაკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვალერიან სარდიონის ძე ქაშაკაშვილი (დ. 3 მაისი, 1898, ბაღდათი — გ. 18 ივლისი, 1954, თბილისი) — ქართველი საოპერო მომღერალი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1923 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. 1925 წელს განათლების სახალხო კომისარიატმა კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაგზავნა იტალიაში. სამი წლის მანძილზე ოსტატობას იმღლებდა მარიო სამარკოსთან, მილანის თეატრ „ლა სკალაში“. რომისა და გენუას საოპერო თეატრების სცენაზე დიდი წარმატებით გამოდიოდა ქაშელისა და თორელის ფსევდონიმით. 1928 წელს დაბრუნდა სამშობლოში. დიდს შემოქმედებით და ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა. თავგამოდებით ემსახურებოდა ახალგაზრდა ქართველი ვოკალისტების აღზრდის საქმეს, ჯერ მუსიკალურ ტექნიკუმში, ხოლო შემდეგ ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

ვ. ქაშაკაშვილმა თბილისის საოპერო სცენაზე შეასრულა წამყვანი პარტიები: კიაზო („დაისი“), ვალენტინი („ფაუსტი“), ტონიო („ჯამბაზები“), ამონასრო („აიდა“), რიგოლეტო („რიგოლეტო“), ტორეადორი („კარმენი“) და სხვა. შესანიშნავი ხმა და სცენური მომხიბვლელობა საშუალებას აძლევდა მომღერალს ჩასწვდომოდა მსოფლიო მუსიკალური შედევრებს და მსმენელ-მაყურებლისათვის გადაეშალა მთელი მათი სიღრმე და სიდიადე. დიდი ქართველი ვოკალისტისა და პედაგოგის დავით ანდღულაძის აზრით ვალერიან ქაშაკაშვილის მიერ შესრულებულ „რიგოლეტოს“ ბადალი არ ჰყავდა. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლით „შრომითი მამაცობისათვის“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 342, თბ., 1994