ვალერიან კუიბიშევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვალერიან ვლადიმერის ძე კუიბიშევი (რუს. Валериа́н Влади́мирович Ку́йбышев დ. 6 ივნისი [ძვ. სტ. 25 მაისი], 1888, ომსკი — გ. 25 იანვარი, 1935, მოსკოვი) — რუსი რევოლუციონერი და პარტიული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1898 წელს ჩაირიცხა ომსკის კადეტთა კორპუსში. მალევე ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში. 1904 წლიდან იყო რსდმპ წევრი. 1905 წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. რევოლუციური მოღვაწეობის გამო მალე გარიცხეს აკადემიიდან. 1906 წელს აპატიმრებენ და მალევე ათავისუფლებენ. 1906-07 წლებში ეწეოდა პარტიულ აგიტაციას. 1908 წელს ისევ აპატიმრებენ. სასჯელის მოხდის შემდეგ, 1913-14 წლებში ეწეოდა პარტიულ აგიტაციას პეტერბურგში, ვოლოგდაში, ხარკოვში. 1914 წელს აპატიმრებენ და ასახლებენ ირკუტსკის გუბერნიაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჩადის სამარაში, სადაც ირჩევენ სამარის რსდმპ ორგანიზაციის თავმჯდომარედ. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს იყო წითელი არმიის პირველი და მეოთხე არმიების სამხედრო რევოლუციური საბჭოების წევრი. 1919-20 წლებში იბრძოდა ადმირალ კოლჩაკის წინააღმდეგ, ხელმძღვანელობდა ასტრახანის დაცვას, იყო თურქესტანის ფრონტისა და თურქკომისიის წევრი, მონაწილეობდა შუა აზიის გასაბჭოების ოპერაციებში. 1920 წლის ბოლოს აირჩიეს პროფკავშირების ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარედ, 1921 წელს სახალხო მეურნეობის საკავშირო საბჭოს პრეზიდიუმის წევრად. 1923-26 წლებში იყო მუშურ-გლეხური ინსპექციის სახალხო კომისარი. 1927 წელს ირჩევენ საკავშირო კომუნისტური პარტიის ცკ-ის წევრობის კანდიდატად. 1930 წლიდან სსრკ-ს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარეა. 1934 წლიდან უზბეკეთში მოქმედი პარტიის ცეკა-ს პოლიტკომისიის წევრია.

მის პატივსაცემად ქალაქ სამარას 1935-91 წლებში ეწოდებოდა კუიბიშევი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]