ვალერიან ანჩაბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანჩაბაძე.
ვალერიან ანჩაბაძე.

ვალერიან ტარასის ძე ანჩაბაძე (დ. 2 ნოემბერი, 1887 — გ. 3 მარტი, 1921) — აფხაზეთის თავადთა საგვარეულოს წარმომადგენელი, რუსეთის იმპერიის და საქართველოს რესპუბლიკის არმიების ოფიცერი.

დაიბადა პოდპოლკოვნიკ თავად ტარას (თარაშ) ანჩაბაძის და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრის, მარიამ დადიანი-ანჩაბაძისას ოჯახში. დაამთავრა თბილისის ვაჟთა 1-ლი გიმნაზია, შემდეგ ელიზავეტგრადის საკავალერიო სასწავლებელი (1913). I მსოფლიო ომის (1914-1918) დროს პორუჩიკის, შემდეგ როტმისტრის ჩინით მსახურობდა რიგის დრაგუნთა მე-11 პოლკში. დასავლეთის ფრონტზე ორჯერ დაიჭრა. დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV, წმ. სტანისლავის III და წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენებით (ყველა 1915), გიორგის ოქროს იარაღით (1917). 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში. სამხედრო სამსახურში იყვნენ ასევე მისი უმცროსი ძმები — ვარლამი (ჭიჭი), ვლადიმერი (ლადი) და ნიკოლოზი (კოლია). კიდევ ერთი ძმა — ვიანორ ანჩაბაძე იყო სამხედრო ექიმი და აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრი.

1921 წელს საბჭოთა რუსეთთან ომის აფხაზეთის ფრონტზე ვალერიან ანჩაბაძე იყო სარდლის, გენ. დავით ართმელაძის თანაშემწე. სოხუმის დასავლეთით არიერგარდულ ბრძოლებში მან შეაკავა ბოლშევიკური სამხედრო ნაწილები და ფრონტის ძირითად ძალებს მისცა აღმოსავლეთისკენ დახევის საშუალება. დაიღუპა გუმისთის ხიდთან ბრძოლაში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1917 - გიორგის ოქროს იარაღი
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]