ვაინახური კოშკური არქიტექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შუა საუკუნეების ვაინახური დასახლების ნაშთები.

ვაინახური კოშკური არქიტექტურა (ჩეჩ. Вайнехан бӀаьвнийн архитектура; რუს. Вайнахская башенная архитектура) — ჩეჩნეთისა და ინგუშეთის არქიტექტურის მახასიათებელი. ვაინახური არქიტექტურა ჩეჩენმა მშენებლებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში (დართლო, თუშეთი) გაავრცელეს და კონცეპტუალურად სვანური კოშკების მსგავსია. ვაინახურ კოშკებს სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა: ზოგი სამხედრო მიზნით გამოიყენებოდა, ზოგი საცხოვრებლად, ზოგი კი შერეულ ფუნქციას ასრულებდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკაროის დასახლების ნაშთები

საცხოვრებელი კოშკებს ჩვ.წ.-მდე II და I ათასწლეულებში ხურიტები და ურარტუელები აშენებდნენ. I საუკუნის რომაელი ავტორის მიხედვით, კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე ხალხები მორებისგან აგებულ, კვადრატული ფუძის მქონე პირამიდული სახურავის მქონე კოშკებში ცხოვრობდნენ. ვაინახების კოშკების უცვლელი კვადრატული ფუძე კავკასიის სამხრეთში ბინადარი ხალხების წრიული კოშკებისგან განსხვავებული იყო.

ჩრდილოეთ კავკასიაში უძველესი საფორტიფიკაციო ნაგებობები ძვ.წ. III ათასწლეულით თარიღდება. ვაინახური კოშკების მახასიათებლების მქონე უძველესი შენობები ა.წ.-ით I საუკუნით თარიღდება და საცხოვრებელი და სამხედრო ტიპების გარჩევაა შესაძლებელი. ვაინახური კოშკების მშენებლობამ პიკს XII-XIII საუკუნეებში მიაღწია, ხოლო მშენებლობების ტექნიკა ყველაზე მეტად XV-XVII საუკუნეებში დიხვეწა.

ძირითადი მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვოვნუშკის კოშკების კომპლექსი

ტიპური ვაინახური კოშკი 6-12 მეტრის კვადრატულ ფუძეზე შენდებოდა და ფუნქციის შესაბამისად 10-დან 25 მეტრის სიმაღლის იყო. კედლები ქვის ბლოკებისგან იგებოდა. კედლების სისქე სიმაღლის შესაბამისად მცირდებოდა. ვაინახური კოშკები შემკობილი იყო რელიგიური პეტროგრაფებით, როგორიცაა მზის გამოსახულებები ან ადამიანის კიდურების ანაბეჭდები, ცხოველთა გამოსახულებები და ა.შ. თავდაცვით კოშკებზე ხშირად გოლგოფას ჯვარს გამოსახავდნენ.

კოშკების მშენებლობას რიტუალები ახლდა თან. სიმღერები და ხალხური თქმულებები ხაზს უსვამენ „ოსტატი-მშენებლების“ როლს, რომლებიც იმ ადამიანთა ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც უშუალოდ კოშკს აშენებდნენ. ზოგიერთი ჩეჩნური სოფელი (მაგალითად - ბავლოი) კოშკების მშენებლობაში იყო დახელოვნებული. ივან შჩებლუკინის აზრით, კოშკების მშენებლები გარე მხირდან ხარაჩოებს არ იყენებდნენ. ამ თვალსაზრისს ბევრი მკვლევარი იზიარებს. ხშირად კოშკების მშენებლობას მუშათა და ოსტატათა სიცოცხლეც ეწირებოდა. წარმატებით შესრულებული საქმისთის კლიენტი ოსტატს ხარს ჩუქნიდა. საოჯახო კოშკის მშენებლობა საშუალოდ 50-60 ძროხა ჯდებოდა.

საცხოვრებელი კოშკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰასკალის საცხოვრებელი კოშკის ცენტრალური ბოძი (erd-bogIam)

კლასიკური საცხოვრებელი კოშკები 2-4 სართულისგან შედგებოდა. ფუძეს კვადრატული ან მართკუთხა ფორმა ჰქონდა და 8-12 მეტრის სიგრძე-სიგანის იყო. კოშკის კედლები სიმაღლეში თხელდებოდა და სტრუქტურის შესაბამისად 1.2-0.9-დან 0.7-0.5 მეტრის სისქის იყო.

კოშკები ქვის ლოდებისგან იგებოდა, რომელთა წონაც ზოგჯერ რამდენიმე ტონას აღწევდა. ყველაზე მძიმე ლოდებს საფუძველში ატანდნენ. კოშკის ცენტრალურ ბოძს (erd-bogIam) სიმბოლური და რელიგიური მნიშვნელობა ჰქონდა.

კოშკის ქვედა ორი სართული საქონლისთვის იყო განკუთვნილი. ყველაზე ყვედა სართულზე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსა და ცხენებს აბინავებდნენ. შემდეგი სართული ცხვრებისა და თხებისთვის იყო განკუთვნილი და გამოყოფილი შესასვლელი ჰქონდა. ოჯახი ზედა სართულზე ცხოვრობდა.

სამხედრო კოშკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეჩნეთის მთებში აგებული სამხედრო კოშკების უმრავლესობა როგორც სათვალთვალო, ისე სასიგნალო ფუნქციას ასრულებდა. ზოგიერთი კოშკი ფოტრიფიცერებული საგუშგო პოსტი იყო, ზოგიერთი ახლოს ბინადარი იმ ერთი ან ორი ოჯახის უსაფრთხო თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა, რომლებიც საცხოვრებელ კოშკებში ცხოვრობდნენ. სამხედრო კოშკების მშენებლობა X-XI საუკუნეებში დაიწყო და მწვერვალს XIV-XVIII საუკუნეებში მიაღწია. ჩეჩნური და ინგუშური სამხედრო კოშკები მსგავსია და მხოლოდ მშენებლობის დროითა და ზომით განსხვავდებიან. სამხედრო კოშკები საცხოვრებელ კოშკებზე უფრო მაღალი იყო, დაახლოებით 20-25 მეტრის სიმაღლის, 5-6 მეტრის კვადრატული ფუძით.

სამხედრო კოშკების გარე ფასადს ხისგან დამზადებული დეტალები არ ჰქონდათ, რათა მეალყეებს ცეცხლის ვერ გაეჩინათ. ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებში ღრიჭოები იყო გაკეთებული. კარები და ფანჯრები ყველაზე რთულად მისადგომ მხარეს კეთდებოდა. შესასვლელი კარი მეორე სართულზე იყო გაკეთებული და იქ ასვლა კიბით შეიძლებოდა. კოშკში გამაგრებულები თავდამსხმელებს ქონგურებიდან ესროდნენ, ხოლო ზედა ნაწილში სპეციალური ღრიჭოები იყო დატანებული ცხელი წყლის გადასასახმელად. თავდაცვითი კოშკები ძირითადად საფეხუროვანი პირამიდის ფორმის სახურავით იყო გადახურული.

სამხედრო კოშკი ჩანტაში

სასიგნალო კოშკები ძირითადად ძნელად მისაღწევ კლდეებზე შენდებოდა. ფორმა, ზომა და ადგილი ისე ირჩეოდა, რომ უახლოესი სასიგნალო კოშკის დანახვა ყოფილიყო შესაძლებელი. სათვალთვალო კოშკების უმრავლესობა სტრატეგიულ ადგილებში შენდებოდა ხიდების, გზებისა და სამთო გადასასველების გასაკონტროლებლად. სასიგნალო კოშკები ხშირად მდინარეების, ნაკადულების ან წყაროების მახლობლად იგებოდა, რათა ფარული არხებით კოშკამდე წყლის მიყვანა ყოფილიყო შესაძლებელი.

განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა კარებისა და ფანჯრების მორთულობას, რომელსაც ქურთალგი („საამაყო ქვა“) ეწოდებოდა. მათზე მფლობელის სახელი იყო ამოტვიფრული და ხშირად პეტროგლიფებით იყო შემკული.

მკვლევრები სართულების შესახებ სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამენ: ერთი ვერსიით, თავდაცვითი კოშკების ქვედა სართული პირუტყვის სადგომი იყო, ხოლო მეორე ვერსიით იქ ტყვეებს ამწყვდევდნენ. კლასიკური სამხედრო კოშკები დიდხნიან ალყისთვის არ იყო გათვლილი. კოშკში გამაგრებულებს მცირე რაოდენობით საკვები და შეზღუდული რაოდენობის არსენალი ჰქონდათ.

ჩეჩნური და ინგუშური საბრძოლო კოშკები სახურავის ტიპის მიხედვით სამ ძირითად ჯგუფად იყოფა:

  • ბრტყელსახურავიანი კოშკები
  • ბრტყელსახურავიანი კოშკები ქონგურებიანი კუთხეებით
  • საფეხუროვანი პირამიდის ფორმის სახურავიანი კოშკები

შერეული ფუნქციის კოშკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შერეული ფუნქციის კოშკი არმხის ველზე

XIII-XIV საუკუნეებში ჩეჩნეთის მთების კონკრეტულ ნაწილებში აგრესიის საფრთხე გაიზარდა, რამაც საცხოვრებელი კოშკების გაძლიერება აუცილებელი გახადა. შედეგად, ახალმა კოშკებმა საცხოვრებელი და თავდაცვითი კოშკების ფუნქციები შეითავსა. თავდაპირველ კოშკებთან შედარებით, შერეული ფუნქციის კოშკები უფრო მცირე ზომის, მაგრამ უფრო ფართო იყო. სამხედრო კოშკების მსგავსად, მათაც ქონგურები და ცხელი სითხის გადასასხმელად სპეციალური ღრიჭოები ჰქონდა.

შერეული დანიშნულების კოშკებს ძირითადად ხუთსართული იყო. პირველ სამ სართულს კარი ჰქონდა, ხოლო ზედა სართულზე მშვილდოსანთათვის ქონგურები და სათოფურეები იყო მოწყობილი. კოშკის ფუძის ფართობი 8.0 მ ×9.0 მ, სიმაღლე 11 მეტრი, ხოლო ქვედა სართულის კედლების სისქე 75 სმ იყო.

ჩეჩნეთის მაღალმთიანეთში შერეული ფუნქციის კოშკები იშვიათია, რადგანაც იმ დროისთვის, როდესაც ამგვარი კოშკების მშენებლობა დაიწყეს, იგი კოშკების კომპლექსებმა და ციხესიმაგრეებმა ჩაანაცვლა. კოშკში მცირე რაოდენობის ძროხისა და ცხენისთვის იყო სივრცე, ხოლო ომის დროს ციხესიმაგრეში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მთელი ფარის დაბინავება შეიძლებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Erol YILDIR., Kuzey Kafkasyada Vaynah Kule Mimarisi (Vaynah Kuleleri), Flaş Ajans, İstanbul 1997. pages 62-63 ISBN 975-7129-01-1
  • Lecha Ilyasov. The Diversity of the Chechen Culture: From Historical Roots to the Present. ISBN 9785904549022
  • Щеблыкин И. П. Искусство ингушей в памятниках материальной культуры // Известия Ингушского научно-исследовательского института истории и культуры. Владикавказ, 1928. Вып. 1. Page 282.
  • Марковин В.И. Памятники зодчества в горной Чечне. (по материалам исследований 1957–1965 гг.) // Северный Кавказ в древности и средние века. М., 1980. С.184–270.