ვაზოვანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყვარლის ვაზოვანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას ქალაქ ყვარლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე ვაზოვანის მარცხენა ნაპირზე, მდინარიდან ორმოცდაათიოდე მეტრის მანძილზე. ეკლესიასთან ახლოს შეიმჩნევა ყორეები და ნასახლარების კვალი (ადრინდელი დასახლებებია). ძველი სამ ეკლესიიანი ბაზილიკის ტიპისაა. სავარაუდოდ, თარიღდება VI საუკუნით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია შუა ეკლესიის საკურთხევლის გვერდზე მდებარე სათავსები – სამკვეთლო, სადიაკვნე და ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილი. შენობის დანარჩენი ნაწილის აგებულება გათხრა-გასუფთავების გარეშე არ ირკვევა. ეკლესია ნაშენებია რიყისა და ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეებში მოზრდილი თლილი ქვები და ალაგ-ალაგ შირიმია გამოყენებული. კედლები შიგნიდან და გარედან მობათქაშებული ყოფილა. შუა ეკლესიას სამი თაღოვანი შესასვლელი აქვს. სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით, ეს უკანასკნელი კი მოგვიანებით ამოუშენებიათ. ეკლესიის ვრცელი დარბაზი (შიგნითა ზომები: სიგრძე - 13.5 მეტრი. სიგანე - 5 მეტრი) აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი ფორმის აფსიდით, მისი უმეტესი ნაწილი დანგრეულია, რომლის წინ მოკლე ბემაა. აფსიდის ღერძზე გაჭრილია ვიწრო სარკმელი (შემორჩენილია სამხრეთ წირთხლის ნაწილი), რომლის ორივე მხარეს თითო, ოთხკუთხა ნიშაა. აფსიდის სამხრეთ გვერდზე შემორჩენილია მოხატულობის ნაშთები (მოშავო, მოყავისფრო და წითელი ფერის საღებავით გამოყვანილი კონტურები). გრძივ კედლებზე სამ-სამი ორსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობოდა. სამხრეთ კედელში ორი განიერი, ნალისებრთაღოვანი სარკმელია. გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილი კარებით შუა ეკლესიის სამკვეთლოს და სადიაკვნეს უკავშირდებოდა. ორივე სათავსი უაფსიდოა, ვიწრო სარკმლით აღმოსავლეთიდან (ორივესგან თითო წირთხლიღაა დარჩენილი). სამკვეთლო მთლიანად ნანგრევებითაა ამოვსებული და მისი არქიტექტურული გადაწყვეტა არ ირკვევა. სადიაკვნე გადახურულია ცილინდრული კამარით. სათავსის ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ კიდეში ღრმა ნიშაა. სამხრეთ ეკლესიის ნახევარწრიული აფსიდი და სამხრეთ კედლის მცირე ნაწილიღაა დარჩენილი, ჩრდილოეთ ეკლესიის კი მთლიანად დანგრეულია. ორივე ეკლესია ერთმანეთთან დაკავშირებული იყო დასავლეთ გარშემოსავლელით, რომლის გადახურვა, ისევე, როგორც გვერდის ეკლესიებისა, შუა ეკლესიის კედლების მთელ სიგრძეზე მოწყობილ თაროს (შემორჩენილია სამივე კედელზე) ეყრდნობოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]