შინაარსზე გადასვლა

ვაგონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თანამედროვე სამგზავრო ვაგონი

ვაგონი (ფრანგ. wagon < ინგლ. wagon— „ოთხთვალა“ < გერმ. wagen— „ურიკა“) — არათვითმავალი სამგზავრო ან სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია რელსებზე ან სხვა სახის გზებზე (მონორელსი, მაგლევი და ა.შ.) სამოძრაოდ და რომელსაც ექსპლოატაციას უწევს ლოკომოტივი (გამონაკლისია სამგზავრო ელექტრო- და დიზელმატარებლების და ავტომოტრისების (მათ შორის ელექტრომოტრისების) ვაგონ-სექციები. კერძოდ, დიზელ- და ელექტრომატარებლები არ საჭიროებენ ლოკომოტივებს. ავტომოტრისები დამოუკიდებელი მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებია). პროტოტიპი — მცირე ურიკა, რომელიც წარმოადგენს ყუთს და გადაადგილდება ხის რელსებზე სამთო საწარმოებში.

ვაგონი მოძრავი შემადგენლობის ერთეულია (მაგალითად, ყველაზე უფრო ხშირად, რკინიგზის შემადგენლობის). ვაგონი განკუთვნილია ტვირთების გადასატანად და მგზავრთა გადასაყვანად, ასევე აღჭურვილია ყველა აუცილებელი მოწყობილობებით მათ გადასატანად და გადასაყვანად და ვაგონის ჩასართველად მატარებლის შემადგენლობაში.[1] ვაგონების დამზადებით დაკავებულია ვაგონმშენებლობის საწარმოები.

ვაგონის პროტოტიპია მცირე მოცულობის ოთხთვალა, რომელსაც სამთო საწარმოებში ხის რელსებზე ჯერ ხელით აგორებდნენ, ხოლო შემდეგ ცხენით ეწეოდნენ. ვაგონი პირველად ინგლისში, მერე კი გერმანიაში გაჩნდა. 1786 წელს ირლანდიელმა რ. ლ. ეჯუორთმა წამოაყენა წინადადება, რომ რამდენიმე ოთხთვალასაგან შეედგინათ მატარებელი. რუსეთში ვაგონის პროტოტიპი — ვაგონეტი — გამოჩნდა საბადოებზე და შიდა საქარხნო სარელსო ლიანდაგებზე 1764 წელს კოლივანო-ვოსკრესენსკის ქარხანაში ალთაის მხარეში, რომელიც პ. ფროლოვმა გაიყვანა და ვაგონეტებს ცხენები ეწეოდნენ, ხოლო შემდეგ 1788 წელს ქალაქ პეტროზავოდსკის ალექსანდროვის ქარხანაში, 1810 წელს ზმეინოგორსკის მაღაროში, ხოლო ორთქლის წევით — ნიჟნი-ტაგილის რკინიგზაზე, რომელიც აშენდა 1834 წელს.

ცარსკოსელსკის რკინიგზისთვის, რომელიც 1837 წელს გაიხსნა, მოძრავი შემადგენლობა (მათ შორის ვაგონებიც) შესყიდული იქნა ინგლისში. რკინიგზისთვის პირველი რუსული ვაგონების წარმოება მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს შორის დაიწყო ქალაქ სანქტ-პეტერბურგის ალექსანდროვის ქარხანაში 1846 წელს.[2] 1846-1851 წლებში რუსეთში აშენდა 239 სხვადასხვა ტიპის (ძირითადად 2-, 3- და 4-ღერძიანი) სამგზავრო ვაგონი. სამგზავრო ვაგონების ნორმალიზაცია დაიწყო 1896 წლიდან, მას შემდეგ, რაც აშენდა 18 მ სიგრძის 4-ღერძიანი ვაგონი.

ვაგონების სახეობები და კლასიფიკაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაგონები განსხვავდებიან სალიანდაგო ინფრასტრუქტურის გამოყენების ტიპების მიხედვით (სარკინიგზო, მონორელსურები, მაგლევ-ვაგონები, VAL/NeoVAL).

კერძოდ, სარკინიგზო ვაგონები განსხვავდებიან გოგორწყვილების რაოდენობით (ღერძულობით) — ამზადებენ 4-, 6-, 8-, 12-, 16- და 20-ღერძიან ვაგონებს. სავალი ნაწილის მოწყობის მიხედვით — ურიკებიანი და უურიკო. ძირითადი პარამეტრები, რომლებითაც ხასიათდებიან სარკინიგზო ვაგონები: ტვირთამწეობა, საკუთარი ვაგონის მასა (ტარა), ღერძზე დაწოლა, დაწოლა 1 მეტრ ლიანდაგზე (გრძივი დაწოლა).

დღეისათვის პოსტსაბჭოთა სივრცის რკინიგზებს აქვთ სამგზავრო და სატვირთო ვაგონების პარკი: მთლიანად ლითონისგან დამზადებული სამგზავრო (დასაძინებელი, კუპირებული, პლაცკარტის, საერთო), მთლიანად ლითონისგან დამზადებული საბარგო და ფოსტის, პატიმრების, ვაგონ-პლატფორმა, დახურული, ნახევარვაგონი, ვაგონი-ცისტერნა, ჰოპერი, რეფრიჟერატორი და რეფრიჟერატორული სექციები და იზოთერმული ვაგონები (ან ვაგონი-თერმოსი, სხვადასხვა სპეციალიზირებული ვაგონები (კონტეინერების გადასაზიდად (ფიტინგური პლატფორმები), ავტომობილგადამზიდები, შეჭიდებული ვაგონები, ბიტუმგადამზიდი ვაგონები, ტრანსპორტიორები, ასაკრებ-გამანაწილებელი ვაგონები, პირუტყვმზიდი ვაგონები, არა წყალგაუმტარი ტვირთების გადამზიდი ვაგონები (მაგალითად ქაღალდი) და ა.შ.).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და რკინიგზის ხელმძვანელი მუშაკების რკინიგზაზე მგზავრობისათვის ამზადებენ ახალ ან ჩვეულებრივი სამგზავრო ვაგონებისგან გადაკეთებულ ვაგონ-სალონებს. ვაგონ-სალონებს შეიძლება ქონდეთ ფანჯრის ბრონირებული სარტყლები, ტყვიაგაუმტარი მინები და ეკიპაჟურ ნაწილზე ჯავშნის დამატების შედეგად ვაგონის წონის გაზრდის გამო სამღერძიანი ურიკები.

ისტორიული მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი ვაგონ-სალონები შენარჩუნებულია მუზეუმებში, რომლებიც მდებარეობენ მათ შორის ღია სივრცეში.

თანამედროვე ვაგონები შეიძლება იყვნენ არათვითმავლები და თვითმავლები, თვითმავლებს მიეკუთვნებიან ელექტრომატარებლების მოტორული ელექტროვაგონები, ტრამვაის ვაგონები, მეტროპოლიტენის ვაგონები, დიზელმატარებლების ვაგონები,[3] ავტო- და ელექტრომოტრისები.

სატვირთო პარკის ვაგონები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დახურული ვაგონი განკუთვნილია არასაიმედო მეტეოროლოგიური პირობების დროს გადასაზიდი ტვირთის შენახვის უზრუნველსაყოფად, ქურდობისგან და მექანიკური დაზიანებისგან დასაცავად.

დახურული ვაგონებს ასევე მიეკუთვნება იზოთერმული და სამაცივრო პარკების ვაგონები: ვაგონი-საყინულე, რეფრიჟერატორული ვაგონი, ვაგონი-თერმოსი.

ნახევარვაგონი განკუთვნილია ნაყარი ტვირთებისათვის (მადანი, ნახშირი, ხე-ტყის მასალები და ა.შ.), კონტეინერებისათვის, სხვა სახის ტვირთებისათვის, რომლებიც არ საჭიროებენ ატმოსფერული ნალექებისაგან დაცვას.

ცისტერნები განკუთვნილია თხევადი ტვირთის გადასატანად, ანუ სითხის: ნავთობის ან ნავთობპროდუქტების, ქიმიურად აქტიური და აგრესიული თხევადი ნივთიერებების, თხევადი აირების (პროპან-ბუტანი, ჟანგბადი, წყალბადი), წყლის, რძის და ა.შ. ვაგონ-ცისტერნები ასევე გამოიყენება ფქვილისა და თხევადი ცემენტის გადასაზიდად.

პლატფორმები განკუთვნილია გრძელი, ცალობითი და ფხვიერი ტვირთების, კონტეინერების და მოწყობილობების გადასაზიდად, რომლებიც არ საჭიროებენ ატმოსფერული ზემოქმედებისგან დაცვას.

ფიტინგური პლატფორმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიტინგური პლატფორმა — სპეციალიზირებული პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია დიდი ტონაჟის მქონე კონტეინერების და რომლებიც აღჭურვილები არიან მათი დამაგრების სპეციალიზირებული კვანძებით — ფიტინგური საყრდენებით.

ჰოპერი განკუთვნილია მასიური ნაყარი ტვირთების გადასაზიდად (ნახშირის, მადნის, ცემენტის, მარცვლეულის, ქვიშის, ბალასტის) და აღჭურვილია თვითდამცლელი მექანიზმებით.

სამგზავრო პარკის ვაგონები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი სამოდელო რიგის ვაგონები (არასაფირმო მატარებლები):

  • 61-4174 — სამგზავრო ვაგონი კუპირებული „დასაძინებელი ვაგონი“
  • 61-4179 — სამგზავრო ვაგონი კუპირებული ჰაერის კონდიციონირების მოწყობილობასთან ერთად
  • 61-4186 — სამგზავრო ვაგონი კუპირებული შტაბის ვაგონი
  • 61-4194 — სამგზავრო ვაგონი პლაცკარტის ჰაერის კონდიციონირების მოწყობილობასთან ერთად

პრემიუმ-კლასის ვაგონები:

  • 61-4440 — სამგზავრო ვაგონი კუპირებული
  • 61-4445 — სამგზავრო ვაგონი კუპირებული შტაბის ვაგონი
  • 61-4447 — სამგზავრო ვაგონი პლაცკარტის
  • 61-4458 — სამგზავრო ვაგონი კუპირებული დასაჯდომ ადგილებთან ერთად
  • Л — ორადგილიანი რბილი, დასაძინებელი ვაგონი. 9 ორადგილიანი კუპე.
  • М — რბილი, ვაგონი-ლუქსი.
  • К — კუპირებული. მაგალითი: გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში აშენებული ხისტი კუპირებული ვაგონი. 36 ადგილი + გამცილებლის ორადგილიანი კუპით.
  • ВР — ვაგონი-რესტორანი — ვაგონი, განკუთვნილი მგზავრთა საკვებად.
  • КБ — კუპირებული ვაგონი ბუფეტთან ერთად (ვაგონი-ბუფეტი).
  • П — პლაცკარტის, 54 დასაძინებელი ადგილი.
  • О — საერთო. 81 დასაჯდომი ადგილი.
  • С — დასაჯდომი ადგილებით. ოლქთაშორისი დასაჯდომ სავარძლებთან ერთად — 56, 60, 62 ან 64 ადგილი დამოკიდებული ვაგონის მოდელზე.

მაღალი კომფორტულობის ვაგონები, კატეგორიაზე და წარმოდგენილი მომსახურების პირობების კომპლექსზე დამოკიდებულებით იყოფიან:

  • Э — ეკონომიური
  • Б — ბიზნესი

ვაგონები RIC:

  • I კლასი (22 ადგილი)
  • II კლასი (33 ადგილი)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Большая Российская энциклопедия: В 30 т. / Председатель науч.-ред. совета Ю. С. Осипов. Отв. ред С. Л. Кравец. Т. 4. Большой Кавказ — Великий канал. — М.: Большая Российская энциклопедия, 2006. — 751 с.: ил.: карт.
  2. Джордж Мортимер Пулльман и его вагоны. ციტირების თარიღი: 2010-11-09
  3. Большая Советская Энциклопедия. Гл. ред. А. М. Прохоров, 3-е изд. Т. 4. Брасос — Веш. 1971. 600 стр., илл.; 47 л. илл. и карт.