შინაარსზე გადასვლა

ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია
Map
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური წევრობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
რაიონი საჩხერის მუნიციპალიტეტი
კურთხევის წელი XI საუკუნე
სტატუსი უმოქმედო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია
ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ვიკისაწყობში

ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია, „დედა ღვთისა“ — XI საუკუნის დამდეგის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მდინარე ყვირილის ხეობაში, საჩხერიდან 10 კმ-ზე.

ტაძრის შესახებ წერილობითი წყაროებით არაფერია ცნობილი. მისი აღწერილობა პირველად 1895 წელს გამოაქვეყნა გიორგი წერეთელმა. იმ დროისთვის ეკლესია უკვე დაცარიელებული და დაზიანებული იყო.

ეხვევის „დედა ღვთისა“ ერთნავიანი ეკლესიაა. საყურადღებოა ეკლესიის ჩრდილოეთი და დასავლეთი შესასვლელების მოჩუქურთმებული ტიმპანები და დასავლეთი და აღმოსავლეთი სარკმლების საპირეები, სათაურები და შეწყვილებული გრეხილი „სვეტები“, რომლებიც ტაო-კლარჯეთის X-XI საუკუნეების ძეგლთა მორთულობას ენათესავება. ჩუქურთმები მაღალ პროფესიულ დონეზეა შესრულებული. თავდაპირველად ეკლესიას ეგვტერები ჰქონია, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში შენობის შეკეთებისას ძველი სენაკების ნაშთებთან ერთად დაუნგრევიათ.

ეკლესიის აღმოსავლეთი სარკმლის ნახევართაღის მარცხენა (სამხრეთის) სვეტის ბაზისზე ამოკვეთილია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელსაც სპეციალისტები შემდეგნაირად აღადგენენ: „ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე ლ(ი)პ(არი) [ტ]“ (გ. წერეთელი წარწერის არასწორი წაკითხვის საფუძველზე ფიქრობდა, რომ მასში აფხაზთა მეფეები იყვნენ მოხსენიებული: „ლოგოთეთ (?!), თუ ლეონ, გიორგი?“). ეს ლიპარიტი შეიძლება იყოს დარკვეთის წარწერაში მოხსენიებული ლიპარიტი, ძე გოლიათისა.[1]

ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[2]

  • წერეთელი გ., ეხვევის ღვთის-მშობლის ტაძრის ნანგრევი, გაზ. „კვალი“, 1895, №20. — გვ. 8-10.
  • ბერიძე ვ., ეხვევის ტაძარი „დედაღვთისა“, «ქართული ხელოვნება», ტ.1 (ქართული ხელოვნების ისტორიის შრომები), თბ., 1942. — გვ. 41-48.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი. II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვ.I. (IX-XIII სს.) [შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვ. სილოგავამ], თბ., 1980. — გვ. 77, 83-84.
  2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-08-21.