შინაარსზე გადასვლა

ეღიშე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეღიშე (ძვ. სომხ. – ელიშე, სომხ. Եղիշէ [Ełišē]) — ადრეული შუა საუკუნეების სომეხი ისტორიკოსი, ავტორი ისტორიული თხზულებისა „ვარდანისა და სომეხთა ომის შესახებ“. მასში გადმოცემულია სომხეთის ისტორია V საუკუნის 20-იანი წლებიდან 60-იანი წლების შუახანამდე. წიგნში მთავარი ადგილი ეთმობა სომეხთა 450–451 წლების აჯანყებას სასანიანთა ირანისა და მისი რელიგიური პოლიტიკის წინააღმდეგ.

ეღიშეს შესახებ არაფერია დანამდვილებით ცნობილი. ტრადიციის თანახმად, ეღიშე სააკ პართევისა და მესროპ მაშტოცის მოსწავლე იყო, თავადაც მონაწილეობდა სომხების აჯანყებაში და მისი მეთაურის — ვარდან მამიკონიანის მდივანი იყო. იმავე ტრადიციით, აჯანყების დამთავრების შემდეგ იგი ბერად აღიკვეცა რშტუნიკის პროვინციაში (ვანის ტბის სამხრეთით) და ხელი მოჰკიდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. ეღიშეს მიეწერება ასევე რამდენიმე ჰომილია და „დაბადების“ კომენტარი.

ავარაირის ბრძოლა, მინიატურა ეღიშეს თხზულების ხელნაწერიდან (1569 წ., მატენადარანი Ms. 1920, no. 250v.).

ეღიშეს „ვარდანისა და სომეხთა ომის შესახებ“ მნიშვნელოვანი წყაროა V საუკუნის სომხეთის ისტორიისათვის. მასში საყურადღებო ცნობებია იმდროინდელ ქართლსა და ალბანეთზე, სამხრეთ კავკასიის ხალხთა ბრძოლაზე სასანიანთა ბატონობის წინააღმდეგ. ნაშრომი დაწერილია დახვეწილი ეპიკური სტილით. თანამედროვე ისტორიკოსების ნაწილის (მ. შ. რობერტ თომსონის) აზრით, ეღიშეს წიგნი ლაზარ ფარპეცის ისტორიული თხზულების VI საუკუნეში შექმნილ ადაპტაციას წარმოადგენს და მასში აღწერილ მოვლენებში ეღიშეს უშუალო მონაწილეობა საეჭვოა.

თხზულების სრული სახით შემორჩენილი უძველესი ხელნაწერი 1174 წლით თარიღდება (ცნობილია VII-VIII საუკუნის ფრაგმენტული ხელნაწერებიც). თხზულება პირველად დაიბეჭდა 1826 წელს ვენეციაში, მხითარისტების სტამბაში. თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე. პირველი რუსული თარგმანი (პეტრე შანშიევისა) გამოქვეყნდა თბილისში 1853 წელს.

  • მელიქსეთ-ბეგი ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941.
  • ჯანაშია ლ.-ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
  • History of Vardan and the Armenian War. Translation and Commentary by R. W. Thomson. Cambridge, MA: Harvard University Press, 1982.
  • Thomson, Robert W., Ełišē. Encyclopædia Iranica, Vol. VIII, Fasc. 4, pp. 365–366 (ვერსია ინტერნეტში).
  • Абегян М. Х., История древнеармянской литературы, Ер., 1975.