ექვთიმე (კერესელიძე)
ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე) | |
---|---|
იღუმენი ექვთიმე (კერესელიძე) | |
დაიბადა |
1865 რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
გარდაიცვალა | 1944 |
წმინდანად შერაცხვა | 18 აგვისტო, 2003 |
მოღვაწეობა | მეცნიერი |
ექვთიმე, ერისკაცობაში — ესტატე სოლომონის ძე კერესელიძე (დ. 1865, სოფ. სადმელი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 1944, ზედაზნის მონასტერი, ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სასულიერო მოღვაწე, მესტამბე-გამომცემელი, ზედაზნის მონასტრის იღუმენი (1929 წლიდან). დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საეკლესიო საგალობლების გადარჩენის საქმეში. 2003 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იღუმენი ექვთიმე წმინდანად შერაცხა ღირსი ექვთიმე აღმსარებლის სახით. მისი ხსენების დღეა 20 იანვარი (ახ. სტ. 2 თებერვალი).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1880-იან წლებში მაქსიმე შარაძესთან ერთად თბილისში დააარსა უფასო „საღმრთო წიგნთ-საკითხავი“, რომლის მიზანი იყო ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლა და გავრცელება. 1890 წელს მათ გამართეს სტამბა, სადაც ძირითადად სასულიერო შინაარსის ლიტერატურაში იბეჭდებოდა, 1891 წელს კი მუსიკოს ფილიმონ ქორიძესთან თანამშრომლობით დაიწყეს ქართული საგალობლების სანოტო სისტემაზე გადატანა და გამოცემა. შარაძის გარდაცვალების შემდეგ (1908), კერესელიძემ სტამბა და ხელნაწერები ჟურნალ „შინაური საქმეების“ რედაქტორის, მღვდელ სიმონ მჭედლიძის დახმარებით ქუთაისში გადაიტანა.
1912 წელს ესტატე კერესელიძე ეპისკოპოს გიორგის (ალადაშვილი) კურთხევით გელათის მონასტერში ბერად აღიკვეცა ექვთიმეს სახელით. 1913 წელს ის ნოტებზე გადატანილი საგალობლების სისტემატიზებას და ტიპიკონის მიხედვით გაწყობას შეუდგა. 1913 წელს ხელდასმულ იქნა დიაკვნად, 1917 წელს — მღვდელმონაზვნად. 1921 წელს ქუთაისში საბჭოთა ხელისუფლების მოსვლისთანავე დააპატიმრეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს. 1925 წელს განაწესეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც ფარულად გადმოიტანა და გადამალა საეკლესიო გალობის იშვიათი ხელნაწერები. სვეტიცხოველში მან მიაკვლია ძლისპირთა უძველეს ნევმირებულ კრებულს და ეს საგალობლებიც ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადმოიტანა.
1929 წელს ექვთიმე ზედაზენის მონასტრის იღუმენად განაწესეს. იქვე მან რკინის ყუთებში საიმედოდ დაცული ქართული საგალობლების ხელნაწერები მიწაში დაფლა. 1935-1941 წლებში ექვთიმემ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადასცა 5532 საგალობლის ხელნაწერი და სასულიერო შინაარსის 34 სანოტო კრებული. გარდაიცვალა ზედაზნის მონასტერში 1944 წელს. დაკრძალულია იქვე. მისი ხელნაწერების ნაწილი, მათ შორის 1941 წელს დაწერილი „ისტორია ქართულ საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა“ (Q 840), დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ არის ესტატე კერესელიძე?, ჟურნ. «შინაური საქმეები», 1909, № 21. — გვ. 2-3.
- ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, შემდგ.: დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე, მანანა ბუკია და მაკა ბულია; რედ.: ავთანდილ მიქაბერიძე, თბ.–ათენი, 2003. — გვ. 28-31.
- თავბერიძე ი., XIX საუკუნის ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა, თბ., 2010. — გვ. 66-80, 123-199.
- მარგველაშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 114.